Thumbnail

საქართველოს დელეგაციამ ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე მედლების რაოდენობა ვერ გაზარდა. სამწუხაროდ, ძიუდოს ტურნირში, 81 კგ-მდე წონით კატეგორიაში, ბრინჯაოსთვის შეხვედრა ტატო გრიგალაშვილმა დათმო.

გრიგალაშვილი მედლისთვის გადამწყვეტ დაპირისპირებაში ბელგიელ მატიას კასეს დაუპირისპირდა, რომელთანაც წელს ივნისში, მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი წააგო. იგივე მოხდა ტოკიოშიც. ტატომ მეტოქეს შიდო მიაღებინა, მაგრამ შემდეგ თავისივე დაწყებულ ილეთზე, იპონზე გდების შესრულების შესაძლებლობა მეტოქეს მისცა. 


21 წლის ქართველმა სპორტსმენმა მისთვის სადებიუტო ოლიმპიადაზე გამოსვლა მეორე წრიდან დაიწყო და საკმაოდ იოლად ჯერ ტაჯიკი აკმალ ბუროდოვი, შემდეგ კი სამხრეთკორეელი სანგო ლი დაამარცხა. ტატომ 1/4-ფინალში მომავალ ფინალისტთან, მონღოლ საეიდ მოლაეისთან, მსაჯების საკმაოდ საკამათო გადაწყვეტილებით წააგო და ოქროსთვის ბრძოლას ჩამოშორდა. გრიგალაშვილი რეპეშაჟში გადერთო, სადაც უზბეკ შაროფიდინ ბოლტაბოევს ვაზარით აჯობა.   


აღსანიშნავია, რომ ამ წონაში ტოკიოს ტატამიზე სხვა ქვეყნის სახელით, ქართული წარმომავლობის სამი ძიუდოისტი გამოვიდა. თურქეთის წარმომადგენელი ვედათ ალბაირაქი (ვანო რევაზიშვილი) მეორე წრეში დამარცხდა, საუკეთესო შედეგი კი ავსტრიის სახელით მოჭიდავე შამილ ბორჩაშვილმა აჩვენა, რომელმაც გზიდან ანრი ეგუტიძე ჩამოიშორა. 

ანრი ეგუტიძისა და შამილ ბორჩაშვილის შეხვედრა

ბორჩაშვილი ნახევარფინალში ზემოთ ხსენებულ მონღოლ საეიდ მოლაეისთან დამარცხდა, ბრინჯაოსთვის შეხვედრაში კი მან გერმანელი დომინიკ რესელი ჯერ ვაზარზე დააგდო, შემდეგ კი შებოჭა და ავსტრიას მედალი მოუტანა, რაც საკმაოდ ემოციურად გამოხატა.


ტოკიოს ოლიმპიადაზე ქართული დელეგაციის ანგარიშზე ძიუდოში მოპოვებული ორი მედალი რჩება. წინა დღეებში თამაშების ვიცე-ჩემპიონები ვაჟა მარგველაშვილი (-66 კგ) და ლაშა შავდათუაშვილი (-73) გახდნენ.

28 ივლისს ოლიმპიურ ძიუდოში მედლები კაცთა შორის 90 კგ-მდე წონით კატეგორიაში გათამაშდება, სადაც ლაშა  ბექაური იასპარეზებს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები