Thumbnail

ოდესმე, ამის შესახებ ფილმს გადაიღებენ | ლას ვეგასის ზღაპარი გრძელდება

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ლას ვეგასის ოქროს რაინდები სტენლის თასის ფინალში გავიდნენ
  • ლას ვეგასი 4:1 ვინიპეგი (სერია)

დიახ, მათ ეს შეძლეს - კლუბი, რომელიც სეზონის წინ "დაწუნებული" ჰოკეისტებით შეკოწიწდა, კლუბი, რომელიც ყველას წინასწარ განწირულად მიაჩნდა - NHL-ის ახალმა ფრენჩაიზმა, ლას ვეგას გოლდენ ნაითსმა პირველივე სეზონში სენსაცია სენსაციაზე შემოგვთავაზა და ერთ-ერთი ფავორიტის, ვინიპეგის სერიაში 4:1 დამარცხების შემდეგ, სტენლის თასის ფინალშია გასული.

► პირველი ქართველი ჰოკეისტი, რომელიც კანადაში ითამაშებს

ამ ჰოკეისტებს, რომელთა შენარჩუნება არც ერთ კლუბს არ უცდია, სეზონის დასაწყისში "ოქროს უიღბლოებს" უძახდნენ, ახლა კი ისინი საოცნებო თასთან ერთ ნაბიჯზე არიან. 

ბოლო კლუბი, რომელიც პირველივე სეზონში გავიდა სტენლის თასის ფინალში, იყო სენტ ლუისი (1968).

რაიან რივზმა გამარჯვების შაიბა გაიტანა, ხოლო მარკ-ანდრე ფლერიმ 31 "სეივი" მიითვალა და ლას ვეგასი ბრძოლას აგრძელებს. კლუბმა ერთი ტიტული უკვე მოიგო - დასავლეთ კონფერენციის. ჯერ კიდევ შარშან ლას ვეგასს კონტრაქტით მხოლოდ 2 ჰოკეისტი ჰყავდა, დანარჩენები კი სხვა კლუბებიდან დათმობილი ჰოკეისტები არიან. 

რივზი ამბობს, რომ მას მერე ამ გუნდის ჰოკეისტების მთავარი ამოცანა ყველასთვის იმის დამტკიცებაა, რომ ისინი არ იყვნენ მართლები. 

"ეს ნამდვილი სიგიჟეა. ჩვენი პირველი მიზანი პლეი ოფში გასვლა იყო, მაგრამ სეზონის დასაწყისში თქვენ, რომ ჩემთვის გეთქვათ - ლას ვეგასი ფინალში გავაო - კეთილგანწყობით არ შემოგხედავდით", - უთხრა ჟურნალისტს კლუბის მცველმა დერეკ ენგელანდმა, მას მერე, რაც კონფერენციის ფინალში პირველი მატჩის წაგების შემდეგ "რაინდებმა" ზედიზედ 4 მოიგეს. 

ფინალში ლას ვეგას ან ვაშინგტონი ან ტამპა ელის. 

ლას ვეგასი პირველი ტიტულით

ოდესმე, ამის შესახებ ფილმს გადაიღებენ

კლუბის გენერალურ მენეჯერს, ჯორჯ მაკფის ყოველთვის სჯეროდა თავისი გუნდის. ჯერ კიდევ დეკემბერში მან განაცხადა, რომ სეზონს იმ შემადგენლობით ჩაამთავრებდა, რითაც დაიწყო. სწორედ ეს კაცია ამ ისტორიული საგის შემოქმედი. მან აქცენტი ვარსკვლავებზე არ გააკეთა და ყველას ეგონა, რომ მაკფი მომავლის გუნდს აკოწიწებდა. 

"ჩემი აზრით, ეს ნამდვილი საოცრებაა. ასეთი საოცრება მოხდა ლეიკ პლესიდის ოლიმპიადაზე. ოდესმე, ლას ვეგასის პირველი სეზონის შესახებ ფილმს გადაიღებენ", - ამბობს ექსპერტი დერეკ უილისი. 

კომენტარები

ბოლო ამბები