Thumbnail

საქართველოს ტოკიოს ოლიმპიადაზე მესამე მედლის მოპოვების კარგი შანსი აქვს. თამაშებზე ძიუდოში მედლები 81 კგ-მდე წონით კატეგორიაში თამაშდება, სადაც ტატო გრიგალაშვილი გამოდის. 21 წლის ქართველმა ძიუდოისტმა რეპეშაჟში გამარჯვება მოახერხა და სულ მალე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებსს, სადაც მეტოქედ მსოფლიოს 2021 წლის ჩემპიონი, ბელგიელი მატიას კასე იყოლება.

რეპეშაჟში უზბეკი შაროფიდინ ბოლტაბოევი დაამარცხა

1/4-ფინალში დამარცხებული გრიგალაშვილის მეტოქე სანუგეშო ტურნირში უზბეკი შაროფიდინ ბოლტაბოევი იყო. თითო შიდოს მიღების შემდეგ, ტატომ მეტოქე ვაზარზე დააგდო და ბრძოლა საბოლოო გამარჯვებამდე მიიყვანა.


მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი (2021) და ევროპის ჩემპიონი (2020) 21 წლის ქართველი ძიუდოისტი პირველ წრეში თავისუფალი იყო და ასპარეზობაში მეორე წრიდან ჩაება. ტატომ იოლად ჯერ ტაჯიკი აკმალ მუროდოვი, შემდეგ კი სამხრეთკორეელი სანგო ლი დაამარცხა, მაგრამ 1/4-ფინალში მონღოლ საეიდ მოლაეისთან დასანანი მარცხი იწვნია და ოლიმპიადის ოქროს მედლისთვის ბრძოლას ჩამოშორდა.

თითო შიდოს მიღების შემდეგ, ტატომ მეტოქე ვაზარზე დააგდო

აღსანიშნავია, რომ ამ წონაში სხვა ქვეყნის სახელით ქართული წარმომავლობის სამი ძიუდოისტი გამოვიდა. თურქეთის წარმომადგენელი ვედათ ალბაირაქი (ვანო რევაზიშვილი) მეორე წრეში დამარცხდა. ერთმანეთს მეორე წრეში შეხვდნენ პორტუგალიის სახელით მოჭიდავე ანრი ეგუტიძე და ავსტრიის წარმომადგენელი შამილ ბორჩაშვილი. მოგება ამ უკანასკნელმა შეძლო და 1/2-ფინალამდეც გააღწია, სადაც ზემოთ ნახსენებ მონღოლ საეიდ მოლაეისთან დამარცხდა და ბრინჯაოსთვის იჭიდავებს.

შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე ტოკიოს ოლიმპიადაზე ქართულ დელეგაციას 2 ვერცხლის მედალი აქვს მოპოვებული და ორივე ძიუდოში. ვიცე-ჩემპიონები ვაჟა მარგველაშვილი (-66 კგ) და ლაშა შავდათუაშვილი (-73) გახდნენ.

 

კომენტარები

ბოლო ამბები