Thumbnail
  • 'მიმაჩნია, რომ პირველ რაუნდში ანუ 30 კალათბურთელს შორის უნდა ვიყო'
  • New York Post-მა ქართველ კალათბურთელთან ვრცელი ინტერვიუ გამოაქვეყნა

NBA-ს დრაფტამდე რამდენიმე დღე რჩება, სანდრო მამუკელაშვილისადმი ინტერესი კი სულ უფრო მატულობს. ქართველი კალათბურთელი წინასადრაფტო რეიტინგებში მაღლა მიიწევს და ამერიკულ პრესაში მასზე ბევრი იწერება. ამჯერად, მამუსთან ვრცელი ინტერვიუ New York Post გამოაქვეყნა, სადაც სანდრომ არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა.

NEW YORK POST: NBA-ს ისტორიიდან ნებისმიერი კალათბურთელის ტვინის არჩევა რომ შეგეძლოთ, ვის აირჩევდით?

სანდრო მამუკელაშვილი: კობი ბრაიანტის ტვინს. ვკითხავდი მენტალიტეტზე, მის ვნებასა და აგრესიაზე, როგორ მივიდა იქამდე, რასაც მიაღწია და რისი დათმობა მოუხდა, რაზე ახდენდა კონცენტრაციას მთელი ამ პროცესისას. დავინტერესდებოდი, რა განწყობით უნდა მივიდე ლიგაში, რათა თავიდან როტაციის კალათბურთელი გავხდე, შემდეგ კი, იმედი მაქვს, სასტარტო მოთამაშე დიდი როლით. ვფიქრობ, კობის გონება ზოგადად ცხოვრებაშიც ძალიან გამომადგებოდა.

NEW YORK POST: მოედანზე თქვენს მენტალიტეტს როგორ აღწერდით?

მამუკელაშვილი: ვგრძნობ, რომ შემიძლია კონკურენტუნარიანი ვიყო, ამდენად, მოედანზე რაც არ უნდა ხდებოდეს, ვცდილობ, გავიდე, თანაგუნდელებს დავეხმარო და მატჩი მოვიგოთ. კალათბურთი გუნდური სპორტია, ამდენად, ერთმანეთის დახმარება აუცილებელია. როდესაც ხალხი მამბას მენტალიტეტზე საუბრობს, ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ეს მენტალიტეტი მეც გამაჩნია, მინდა ხოლმე მეტოქე მოვკლა, ამაში ვგულისხმობ, ვაჯობო მას მოძრაობაში, ბურთის მოხსნაში, ჩაგდებაში, მოკლედ, ყველაფერში, რათა ვიმარჯვო. 

NEW YORK POST: შეგვიძლია ამას მამუს მენტალიტეტიც ვუწოდოთ?

მამუკელაშვილი: ნამდვილად.

NEW YORK POST: რა არის თქვენი მთავარი მამოძრავებელი?

მამუკელაშვილი: ვგრძნობ, რომ სეტონ ჰოლი და შემდეგ NBA ის შანსია, რომელიც უნდა გამოვიყენო. ასეთი საშუალება ხომ მსოფლიოში ბევრ ბავშვს არ ეძლევა, მითუმეტეს, საქართველოში, სადაც წინსვლისთვის გაცილებით ნაკლები პირობაა. მამოძრავებს ის ფაქტი, რომ შესაძლოა იმის მაგალითად ვიქცე, რომ ცხოვრებაში ყველაფერი შესაძლებელია. როგორც არ უნდა წარიმართოს ცხოვრება, იყავით უბრალოდ კარგი ადამიანები, ეს კი ხანგრძლივ პერსპექტივაში აუცილებლად დაგეხმარებათ. დადებითი ენერგიის გავრცელება ყოველთვის წაგადგებათ. ცხადია, ძალიან დიდ ძალას მაძლევს ჩემი ოჯახი, ვგრძნობ, ისინი ჩემთვის რამდენ რამეს აკეთებენ.

NEW YORK POST: ასახელოთ თქვენი ქვეყანა, ესეც ამ ხედვის ნაწილია?

მამუკელაშვილი: ახალი თაობის დახმარება და მათი სწორ გზაზე დაყენება საქართველოს საშუალებას მისცემს უფრო მეტი ძლიერი სპორტსმენი აღზარდოს. ნიჭიერ ბავშვებს იმედი მიეცემათ, რომ დიდი მიზნების მიღწევა შესაძლებელია.

NEW YORK POST: ქართველი ხალხის ცხოვრებიდან ყველაზე მეტად რა გეამაყებათ?

მამუკელაშვილი: ქართველები ნამდვილი მეომრები არიან. ამასთან, შრომაც ძალიან უყვართ. როდესაც სახლში სტუმარს ვიღებთ, ყოველთვის ვცდილობთ, მათ გულთბილად დავხვდეთ და კარგი დრო გავატაროთ.

NEW YORK POST: საქართველოში რა პერიოდულობით ხართ ხოლმე?

მამუკელაშვილი: ვცდილობ, იქ ყოველ ზაფხულს ჩავიდე, უკვე 3 წელია არ ვყოფილვარ, თუმცა, ვგეგმავ, რომ მომავალ ზაფხულს იქ ვიყო.

NEW YORK POST: რა შეგრძნება გქონდათ მაშინ, როდესაც გაიგეთ, რომ მამას სიმსივნე ჰქონდა?

მამუკელაშვილი: ოჯახში ამას დიდი ხანი მიმალავდნენ. უბრალოდ, მითხრეს, რომ მამა ავად იყო. იმ პერიოდში ხან მამიდასთან ვცხოვრობდი, ხან ბებიასთან ანაც მეგობრის ოჯახში. ყველანი ცდილობდნენ, რომ პოზიტიურები ყოფილიყვნენ. მამაჩემიც კი, რომელიც ნამდვილ მეომრად მიმაჩნია. ყველაზე ძლიერი ადამიანია, ვინც კი მინახავს. შეუძლოდ იყო, თუმცა, ისე იქცეოდა, თითქოს არაფერი ხდებოდა. სწორედ ამიტომ იყო, რომ მეგონა, ყველაფერი მალე გაივლიდა. ცხადია, მერე ყველაფერი მითხრეს და ძალიან შემეშინდა, უბრალოდ, დედაჩემი იმდენად ძლიერი ადამიანია, ერთი წამითაც კი არ მიფიქრია, რომ შეიძლება რამე ცუდი მომხდარიყო.

NEW YORK POST: ამის გათვალისწინებით, ალბათ, ჰოლივუდურ ამბავს ჰგავდა ის დღე, როდესაც თქვენ ბატლერს გადამწყვეტი ბურთი ჩაუგდეთ და ამ დროს ტრიბუნაზე მამათქვენიც იყო.

მამუკელაშვილი: კი, ამას რა დამავიწყებს. ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ პირველად ვთამაშობდი და მადლობა მწვრთნელ ვილარდს, რომ ბოლო შეტევა მე მანდო. მან კომბინაცია რომ დახაზა, ვიფიქრე, რომ მე ამას შევძლებდი. როდესაც ბურთი ჩავაგდე, მხოლოდ და მხოლოდ მამას ვუყურებდი, ის მე მესალმებოდა, მე – მას. მაშინვე მივხვდი, ეს მისთვის ერთ-ერთი ყველაზე საამაყო მომენტი იყო, რაც კი ცხოვრებაში განუცდია. როდესაც მატჩის შემდეგ ინტერვიუს მართმევდნენ, მამაჩემი ჩემს უკან იდგა და ამბობდა: “ტელევიზორში საქართველოში არასდროს გამოვჩენილვარ, ამერიკაში კი მანახებენო”. ძალიან სახალისო მომენტი იყო.

სანდრომ ბატლერთან გადამწყვეტი ბურთი ჩააგდო

NEW YORK POST: საქართველოს ნაკრებში თამაშისგან რა ემოციები გქონდათ?

მამუკელაშვილი: ეს დიდი პატივი იყო. ისე გავიზარდე, რომ ზაზა ფაჩულიას, თორნიკე შენგელიას და სხვა დიდ კალათბურთელებს ვაღმერთებდი, რომლებიც გვყოლია. მათ თამაშებს ტრიბუნებიდან ვუყურებდი, ხოლო როდესაც მატჩები სრულდებოდა, მივდიოდი და თავადაც საქართველოს ნაკრების მაისურით ვთამაშობდი. თავი ყოველთვის ამ ამპლუაში წარმომედგინა და როდესაც ამის შესაძლებლობა მომეცა, ძალიან ბედნიერი ვიყავი. მოუთმენლად ველი, ეს შესაძლებლობა კიდევ როდის მომეცემა.

NEW YORK POST: თქვენ დეიდასთან ცხოვრობდით, როდესაც 2008 წელს საქართველო-რუსეთის ომი დაიწყო...

მამუკელაშვილი: მაშინ პატარა ვიყავი და ვერ ვხვდებოდი, ეს რა საშინელება იყო, თუმცა, როდესაც საქართველოში დავბრუნდი, ბევრი მძიმე ისტორია მოვისმინე. მაგალითად, როგორ მიდიოდნენ ომში ბიჭები, რომელთაც იარაღი ხელშიც კი არ სჭერიათ. ახლა, საქართველოს ლამაზი მხარეები ოკუპირებულია და ეს, ძალიან რთული შესაგუებელია, ამასთან, ამაყი ვარ, ქართველები მიწას როგორ იცავდნენ.

NEW YORK POST: NBA-ს ისტორიიდან ყველაზე მეტად რომელი კალათბურთელი მოგწონდათ?

მამუკელაშვილი: ტონი კუკოჩი. ის ჩემი საყვარელი მოთამაშეა, რომელსაც ყოველთვის პატივს ვცემდი. დაახლოებით ჩემი სიმაღლის იყო და ყველაფერი ჰქონდა, უნივერსალური კალათბურთელი იყო. ვგრძნობ, რომ ყველაზე მეტად იმას ვცდილობ, კუკოჩს მივბაძო.

NEW YORK POST: კუკოჩისა და კობის გარდა, კიდევ ვინ მოგწონთ?

მამუკელაშვილი: მე ვიტყოდი ლებრონი, ბენ სიმონსი, ნიკოლა იოკიჩი, შაკილ ო’ნილი, ასევე მეჯიქ ჯონსონი, კევინ დურანტი, კევინ გარნეტი. ბავშვობაში მათი პლაკატები ოთახში ყოველთვის მქონდა და მგონი, ახლაც ასეა.

📋 მეტი ამ თემაზე

NEW YORK POST: მაიკ ბიზლი და ენტონი დევისიც ხომ მოგწონთ? კიდევ ვინმე ხომ არ დაგვავიწყდა?

მამუკელაშვილი: მგონი, ესაა, ისედაც სოლიდური სია გვაქვს.

NEW YORK POST: მოიცადეთ და ლამარ ოდომი?

მამუკელაშვილი: ჰო, მართალია, ლამარ ოდომიც.

NEW YORK POST: დომანტას საბონისი?

მამუკელაშვილი:მის მიბაძვას ნამდვილად ვცდილობ. მინდა მისი თამაშის ელემენტები გავითვალისწინო. ის ძალიან მომწონს.

NEW YORK POST: პირადად თქვენს სტილს როგორ აღწერდით?

მამუკელაშვილი: მაღალი კალათბურთელი, რომელსაც ბურთის სწრაფ შეტევაში წაღება და პასის გაკეთებაც შეუძლია. ცოტ-ცოტა ყველაფერი მაქვს, თანაც ჭკუის დატანებით ვცდილობ ვითამაშო.

NEW YORK POST: სხვა სპორტის წარმომადგენელთაგან ვინ მოგწონთ?

მამუკელაშვილი: რონალდინიო, სერხიო რამოსი, რაფაელ ნადალი, როჯერ ფედერერი.

NEW YORK POST: სეტონ ჰოლში გატარებული პერიოდიდან ყველაზე მეტად რა დაგამახსოვრდათ? სამი ამბავი გვითხარით.

მამუკელაშვილი: ბიგ ისთ-ის კონფერენციაში რეგულარული სეზონის მოგება, ბატლერთან მატჩში გადამწყვეტი ბურთის ჩაგდება, როდესაც მამაჩემიც მიყურებდა და ბიგ-ისთის წლის საუკეთესო მოთამაშის ტიტულის მიღება.

ქართველმა კალათბურთელმა თავი დრაფტ-კომბაინზეც გამოიჩინა

NEW YORK POST: სეტონ ჰოლის მწვრთნელ კევინ ვილარდს როგორ დაახასიათებდით?

მამუკელაშვილი: ის თავის საქმეზე საოცრად შეყვარებულია. მახსოვს, ერთხელ ოფისში ძალიან ადრე მივედი და ის იქ დამხვდა, ოთახში კი გასაბერი მატრასი ჰქონდა, თუმცა, მასზე არც დაწოლილა. მთელი ღამე გაათენა, რათა ჩვენი თამაში განეხილა. ჩვენც ბევრი ვისაუბრეთ. ის დიდებული მწვრთნელია, რადგანაც ყოველთვის მზად არის შენი აზრი გაითვალისწინოს და განვითარებაშიც დაგეხმაროს.

NEW YORK POST: მედისონ სქვერ გარდენში თქვენი პირველი მატჩი როგორ დაგამახსოვრდათ?

მამუკელაშვილი: მაშინ პირველ სეზონს ვატარებდი და ტექსასის უნივერსიტეტის გუნდთან უნდა გვეთამაშა. ყველას ვეკითხებოდი: “როგორია ეს ყველაფერი? რა ხდება, როდესაც იქ გადიხარ?”. დიდი განცდები მქონდა. იმ მატჩში ბევრი არ მითამაშია, თუმცა, ემოცია დღემდე მახსოვს.

NEW YORK POST: პოსტს, სადაც ეწერა, რომ მომავალ დრაფტზე თქვენზე უკეთესი 30 კალათბურთელი არ არსებობს, დადებითად გამოეხმაურეთ.

მამუკელაშვილი: ნამდვილად არ გახლავართ ზედმეტად ამბიციური ადამიანი, თუმცა, ვთვლი, რომ ამ დრაფტზე ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი კალათბურთელი ვარ. მიმაჩნია, რომ დრაფტის პირველ რაუნდში ანუ 30 კალათბურთელს შორის უნდა ვიყო. როგორც არ უნდა იყოს, ამ ამბავს მოუთმენლად ველი. ჩემს ოჯახთან ერთად ვიქნები და წარმომიდგენია, რა ემოციები იქნება. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, ყველას დავუმტკიცო, რომ საუკეთესოთა შორის ყოფნა შემიძლია.

NEW YORK POST: თუკი მე-2 რაუნდამდე არ აგირჩიეს, იმედგაცრუებული დარჩებით?

არა, საღამო როგორც არ უნდა წარიმართოს, ეს არ მოხდება. ეს ჩემი ოჯახისთვის ნამდვილი დღესასწაული იქნება. პირველ რიგში მშობლები ჩამოდიან და ერთად ვიქნებით, რაც უკვე მაგარია. ამასთან, მე ყველაფერი გავაკეთე, ბევრ გუნდში ვივარჯიშე... მე შემიძლია მხოლოდ ის ვაკონტროლო, რაც ჩემს კონტროლქვეშაა.

NEW YORK POST: ვთქვათ, NBA-ს კლუბის წარმომადგენელი ვარ, მითხარით, დრაფტზე თქვენ რატომ უნდა აგირჩიოთ?

მამუკელაშვილი: იმიტომ, რომ მიიღებთ შრომისმოყვარე, გუნდურად მოთამაშე, პოზიტიურ და კონკურენტუნარიან კალათბურთელს. ამასთან, ვთვლი, რომ მოსამატებელი ბევრი მაქვს, ამდენად, შემდგომი სწავლისთვის მზად ვარ. იმედია, როდესღაც ჩემპიონატსაც მოვიგებ, რისთვისაც ჩემი შესაძლებლობების 100%-ს გავიღებ.

NEW YORK POST: ნიუ იორკ ნიქსში უფრო ითამაშებდით თუ ბრუკლინ ნეტსში?

მამუკელაშვილი: ორივე მათგანში დიდი სიამოვნებით მივიდოდი.

NEW YORK POST: ჯეიმს ჰარდენის წვერზე რას ფიქრობთ?

მამუკელაშვილი: მეც საკმაოდ დიდი წვერი მაქვს, ასე რომ, იმედია, სამომავლოდ მასთან ამ მხრივ გაჯიბრებასაც მოვახერხებ.

NEW YORK POST: რომელ სამ ადამიანთან ერთად ისადილებდით?

მამუკელაშვილი: მაიკლ ჯორდანი, ალექსანდრე მაკედონელი, რომელმაც ისტორიაში ყველაზე დიდი იმპერია შექმნა და მიქელანჯელო.

NEW YORK POST: საყვარელი ტელესერიალები.

მამუკელაშვილი: სოპრანოს კლანი, ვიკინგები, უკანასკნელი სამეფო.

NEW YORK POST: საყვარელი მსახიობები.

მამუკელაშვილი: დენზელ ვაშინგტონი და ზოი სალდანია.

NEW YORK POST: საყვარელი მომღერალი.

მამუკელაშვილი: ბიგი სმოლსი.

NEW YORK POST: საყვარელი რესტორანი.

მამუკელაშვილი: ჭამა მამა. როდესაც იქ მოხვდებით, რაც შეიძლება მეტი საჭმელი აიღეთ, დამერწმუნეთ, არ ინანებთ.

შეგახსენებთ, რომ მამუკელაშვილი ბოლო სეზონში NCAA-ს საუკეთესო კალათბურთელობის 30 კანდიდატს შორის იყო და კარლ მელოუნის პრიზის სამ ფინალისტს შორისაც მოხვდა. თუ სანდროს 29 ივლისის დრაფტზე აირჩევენ, ის სეტონ ჰოლის ისტორიაში 29-ე კალათბურთელი იქნება, ვისაც ეს პატივი ერგება. მამუკელაშვილმა ივნის-ივლისში უკვე ივარჯიშა შარლოტში, დეტროიტში, იუტაში, ოკლაჰომაში, ნიკსში, ბრუკლინში, სან ანტონიოსა და ატლანტაში.

კომენტარები

ბოლო ამბები