Thumbnail

ოთხშაბათს, 28 ივლისს ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე კვლავ (როგორც დღეს) ორი ქართველი ათლეტი იასპარეზებს - ძიუდოისტი ლაშა ბექაური (-90 კგ) და ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი.

ლაშა ბექაური - პოლონელით იწყებს 

ძიუდო. -90 კგ

"ნიპონ ბუდოკანში" შეხვედრები ტრადიციულად, დილის 6 საათიდან იწყება, თუმცა ლაშა ბექაური ცოტა მოგვიანებით ჩაერთვება, რადგან ტურნირს მე-2 წრიდან იწყებს. მე-2 ტატამიზე მისი და პოლონელი პიოტრ კუჩერას ორთაბრძოლა რიგით მეექვსეა.

21 წლის (26 ივლისს დაბადების დღე ჰქონდა) ქართველი ძიუდოისტი დიდი ტალანტია ძიუდოს სამყაროში. ოლიმპიადის წინ ლაშამ ტრავმა მიიღო (მსოფლიოს ჩემპიონატში გუნდურ ტურნირზე), თუმცა, საბედნიეროდ, გამოჯანმრთელება მოასწრო და ექიმების თქმით, ოლიმპიადას მზად ხვდება. 

ევროპის ჩემპიონის პირველი მეტოქე კუჩერა 26 წლისაა, ბუდაპეშტში მსოფლიოს ჩემპიონატზე მან მე- ადგილი დაიკავა. გამარჯვების შემთხვევაში, ბექაური კოხმანისა (ისრაელი) და დავიდ კლამერტის (ჩეხეთი) დაპირისპირების გამარჯვებულს შეხვდება. 

შერაზადიშვილი საქართველოს ნაკრებს ვარჯიშზე ესტუმრა

ამ წონის პირველი ნომერი ესპანელი ნიკოლოზ შერაზადიშვილია, რომელიც მე-2 წრიდან იწყებს მონღოლი განტულგას წინააღმდეგ. წარმატებული ასპარეზობის შემთხვევაში, ჩვენ ბექაური-შერაზადიშვილის ნახევარფინალი გველის.

ნიკოლოზ ბასილაშვილი - როგორც ჰამბურგში

ჩოგბურთი. ვაჟები ერთეულები

ოლიმპიადის მე-3 წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილი 24 წლის გერმანელ ალექსანდერ ზვერევს შეხვდება, რომელიც მსოფლიოს მე-5 ჩოგანია. ეს მატჩი ნომერ პირველ კორტზე გაიმართება და დღის მესამე მატჩი იქნება ამ კორტზე. მოგების შემთხვევაში, ბასილაშვილი მეოთხედფინალში ჟერომ შარდისა (68-ე ჩოგანი) და ლიამ ბროუდის (143) შორის გამარჯვებულს შეხვდება. ანუ, თუ ნიკამ ზვერევის ბარიერის დაძლევა მოახერხა, ნახევარფინალში გასვლის ძალიან კარგი შანსი ექნება, სადაც, შესაძლოა, თვით ნოვაკ ჯოკოვიჩს შეხვდეს.

ნიკოლოზ ბასილაშვილმა უკვე 2 მატჩი მოიგო ტოკიოში

29 წლის ნიკა მსოფლიოს 41-ე ჩოგანია, ის ზვერევს აქამდე 4-ჯერ შეხვდა და მხოლოდ ერთხელ მოუგო - 2019 წელს ჰამბურგის ტურნირის ნახევარფინალში 6:4, 4:6, 7:6 (7:5) დაამარცხა მასპინძელი და ფინალში გავიდა, შემდეგ კი ტიტულიც მოიგო, სხვა სამ შეხვედრაში ზვერევმა გაიმარჯვა - 2015 წელს მარსელის საკვალიფიკაციო ბადეში, 2018-ში შანჰაის მასტერსზე და 2019-ში კანადის მასტერსზე. 

ტოკიო 2020: 28 ივლისის მთავარი მოვლენები

ოთხშაბათს ოლიმპიური მედლები სპორტის 11 სახეობაში გათამაშდება, სულ 23 კომპლექტი: 

3x3 კალათბურთი (ქალები და ვაჟები), ტანვარჯიში (ვაჟები), ველოსპორტი (ვაჟები ინდივიდუალური დროზე და ქალები ინდივიდუალური დროზე), წყალში ხტომა (ვაჟები 3 მ. სინქრონული), ცხენოსნობა (ხედნილობა), ფარიკაობა (ვაჟები ხმალი გუნდური), ძიუდო (ქალები 70 კგ. და ვაჟები 90 კგ.), ნიჩბოსნობა (ქალები, ორადგილიანი; ვაჟები ორადგილიანი, ვაჟები 4-ადგილიანი; ქალები 4-ადგილიანი, ოთხეულები ქალები, ოთხეულები ვაჟები), შვიდკაცა რაგბი (ვაჟები), ცურვა (ქალები 200 მ. თავისუფალი; ქალები 1 500 მ. თავისუფალი; ქალები 200 მ. ინდივიდუალური; ვაჟები 200 მ. ბატერფლაი; ვაჟები 4x200 მ. თავისუფალი), ძალოსნობა (ვაჟები 73 კგ).

კომენტარები

ბოლო ამბები