Thumbnail

26 ივლისს, ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ხუთმა ქართველმა ათლეტმა იასპარეზა. საქართველოს დელეგაციას მე-2 მედალი აქვს, კვლავ ვერცხლი.

ლაშას კოლექციაში უკვე სამივე ოლიმპიური მედალია

29 წლის ლაშა შავდათუაშვილმა ლონდონის ოლიმპიადაზე გაიბრწყინა - თითქმის უცნობმა ძიუდოისტმა ყველას აჯობა და ოლიმპიური ჩემპიონი გახდა, 2016 წელს რიოს ოლიმპიადაზე მან უკვე ზედა წონაში მოსინჯა ძალები და ბრინჯაოს მედალი აიღო. დღეს კი ტოკიოში ფულ ჰაუსი შეასრულა - ვერცხლი მოიპოვა და ახლა ყველა სინჯის ოლიმპიური მედლის მფლობელია.   

საინტერესო ფაქტები

🏅 ლაშა შავდათუაშვილი პირველი სპორტსმენია, რომელმაც საქართველოს სახელით 3 ოლიმპიური მედალი მოიპოვა. 

🏅 აღსანიშნავია, რომ საქართველოს სახელით სხვა სპორტსმენს ორი ოლიმპიური მედალიც არ აქვს მოპოვებული.

🏅 2-2 ვერცხლი მოვიპოვეთ ათენში, პეკინში, ლონდონში, ახლა უკვე ტოკიოშიც

🏅 ლაშა შავდათუაშვილის მედალი 34-ეა საქართველოსთვის, მე-9 ვერცხლი და მე-10 ძიუდოისტებისთვის. 

ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ) მე-2 წრიდან დაიწყო - ფრანგი გიომ შაინი ვაზარით დაამარცხა. ჯიბუტელ ადენ-ალეკსანდერ ჰუსეინსაც ლაშამ ვაზარით აჯობა და 1/4 ფინალში გავიდა. 

1/4-ფინალში ლაშა კანადელ არტურ მარგელიდონს დაუპირისპირდა და შეხვედრა დაძაბული გამოდგა. ძირითად დროში ძიუდოისტებმა ილეთის გაკეთება ვერ მოახერხეს და ყველაფერი დამატებით დროში გადაწყდა. მე-3 წუთზე ქართველმა ძიუდოისტმა იპონით მოიგო. 


სამხრეთკორეელ ჩანგრიმ ანთან ნახევარფინალი ძალიან დაძაბული გამოდგა. შეხვედრა თითქმის 9 წუთი გაგრძელდა. საბოლოოდ, აზიელმა მე-3 გაფრთხილება მიიღო. 

ფინალში ლაშა უძლიერეს სპორტსმენს, იაპონელ შოჰეი ონოს დაუპირისპირდა, რომელიც ოლიმპიური ჩემპიონი და 3-გზის მსოფლიო ჩემპიონია. ფინალი 10 წუთი გაგრძელდა, ლაშამ იაპონელი ორჯერ გააფრთხილებინა მსაჯს, თუმცა მე-6 დამატებულ წუთზე ონომ ვაზარით გაიმარჯვა და მეორედ მოიგო ოლიმპიადა. 

უნიკალურ მედალთან ახლოს

57 კილო წონით კატეგორიაში ეთერ ლიპარტელიანმა ბრინჯაოსთვის იჭიდავა, მაგრამ დამარცხდა და მე-5 ადგილს დასჯერდა. გამარჯვების შემთხვევაში ის გახდებოდა პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტი, ვინც ოლიმპიურ მედალს მოიპოვებდა და მეორე ქართველი ქალი სპორტსმენი ნინო სალუქვაძის (2008 წლის ბრინჯაო) შემდეგ. 

ბრინჯაოსთვის ბრძოლის შემდეგ

ეთერმა ბრწყინვალედ დაიწყო - ანგოლელი დიასონემა მუკუნგუი ძალიან ადვილად, იპონით დაამარცხა. გერმანელ ტერეზა შტოლთან ძირითადი დროის დასრულებამდე 11 წამით ადრე ლიპარტელიანმა იპონით გაიმარჯვა და 1/4 ფინალში გავიდა. 

ეთერი ფრანგ ლეონი სარა სისიკეს ვაზარით უგებდა, მაგრამ ბოლოსკენ ფრანგმა ანგარიში გაათანაბრა და ბრძოლა დამატებითში გადავიდა, სადაც ფრანგმა ძიუდოისტმა კონტრილეთზე ვაზარი მოიპოვა, ქართველი კი რეპეშაჟში გადავიდა.

ეთერ ლიპარტელიანმა რეპეშაჟში იულია კოვალჩიკი დაამარცხა, ეს ბრძოლა 7 წუთი გაგრძელდა - ქართველმა ძიუდოისტმა მეტოქის ილეთი დაბლოკა, პოლონელი კარგად ჩაატრიალა და ბრინჯაოს მედლისთვის ჭიდაობის უფლება მოიპოვა.

სამწუხაროდ, იაპონელ ცუსაკა იოშიდასთან ეთერი ვერაფერს გახდა - მასპინძელმა ორი ვაზარი მიითვალა და ოლიმპიურ მედალს დაეუფლა.

შემდეგი ზვერევია

ნიკოლოზ ბასილაშვილი აგრძელებს შესანიშნავ თამაშს არიაკეს საჩოგბურთო პარკის კორტებზე - მან სამ სეტში დაამარცხა იტალიელი ლორენცო სონეგო - 6:4, 3:6, 6:4 და მერვედფინალშია, სადაც ალეკსანდერ ზვერევი (გერმანია) ელის. 

ნიკამ იტალიელს სამ სეტში აჯობა

მატჩი 28 ივლისს, დილის 6 საათზე დაიწყება. ზვერევსა და ბასილაშვილს სულ 4-ჯერ უთამაშიათ, ნიკოლოზმა მეტოქის დამარცხება მხოლოდ ერთხელ შეძლო - ჰამბურგის ტურნირის ნახევარფინალში 2:1.

რინგზე წარუმატებლად

"კოკუგიკანის" რინგზე ქართველმა მოკრივეებმა წარუმატებლად იასპარეზეს - სახილ ალახვერდოვი (52 კგ) პირველივე წრეში დამარცხდა ჩინელ იანუან ჰუსთან (მსაჯების გადაწყვეტილებით, ჰუმ სამივე რაუნდი მოიგო).

სახილ ალახვერდოვმა ოლიმპიადაზე გამოსვლა დაასრულა

დამარცხდა გიორგი ხარაბაძეც (75 კგ), მან უზბეკ ფანატ კახრამანოვთან - პირველი ორი რაუნდი უზბეკის უპირატესობით წარიმართა, მესამეში კი გიორგის წარბი გაუსკდა და ჩხუბი ვერ გააგრძელა. 

სლოვენიური სასწაული

26 ივლისს ტოკიოში სპორტის 14 სახეობაში მედლების 21 კომპლექტი გათამაშდა. აღსანიშნავია ბრიტანელი ადამ პიტის ოქროს მედალი 100 მეტრზე ბრასში, ბრიტანელმა თავისივე მიღწევა რიოში გაიმეორა და პირველი ბრიტანელი გახდა, ვინც ოლიმპიური ოქრო დაიცვა საწყლოსნო სახეობებში. 


კალათბურთში ჯერ მედლებამდე შორია, მაგრამ აღსანიშნავია, სლოვენიელი ლუკა დონჩიჩის საოცარი გამოსვლა - ლუკამ არგენტინას 48 ქულა ჩაუგდო, მისმა გუნდმა კი 118:100 გაიმარჯვა. 

26 ივლისის ყველა ოლიმპიური მედალი

ტანვარჯიში. ვაჟები გუნდური

1. როკ, 2. იაპონია, 3. ჩინეთი

მშვილდოსნობა. ვაები გუნდური

1. სამხრეთ კორეა, 2. ტაივანი, 3. იაპონია

კანოე. ვაჟები

1. ბენიამინ სავსეკი (სლოვენია), 2. ლუკას როჰანი (ჩეხეთი), 3. სიდერის ტასიადისი (გერმანია)

ველოსპორტი. ვაჟები ქროს-ქანთრი

1. თომას პიდკოკი (დიდი ბრიტანეთი), 2. მათიას ფლიუკიგერი (შვეიცარია), 3. დავიდ ვალერო სერანო (ესპანეთი)

წყალში ხტომა. ვაჟები 10 მ. სინქრონული

1. დიდი ბრიტანეთი, 2. ჩინეთი, 3. როკ

ფარიკაობა. ქალები ხმალი

1. სოფია პოზდნიაკოვა (როკ), 2. სოფია ველიკაია (როკ), 3. მანონ ბრუნე (საფრანგეთი)

ფარიკაობა. ვაჟები რაპირა

1. კა იონ ჩეუნი (ჰონგკონგი), 2. დანიელე გაროცო (იტალია), 3.  3. ალეკსანდერ ჩუპენტიხი (ჩეხეთი)

ძიუდო. ქალები 57 კგ

1. ნორა გიაკოვა (კოსოვო), 2. სარა ლეონი სისიკე (საფრანგეთი), 3. ცუკასა იოშიდა (იაპონია), ჯესიკა კლიმპკეიტი (კანადა)

ძიუდო. ვაჟები 73 კგ

1. შოჰეი ონო (იაპონია), 2. ლაშა შავდათუაშვილი (საქართველო), 3. ცოგთბაათარ ცენდ-ოჩირი (მონღოლეთი), 3. ჩანგრიმ ანი (სამხრეთ კორეა)

ტყვიის სროლა. ქალები სასტენდო

1. ამბერ ინგლიში (აშშ), 2. დიანა ბაკოსი (იტალია), 3. მენ ვეი (ჩინეთი)

ტყვიის სროლა. ვაჟები სასტენდო

1. ვინსენტ ჰენკოკი (აშშ), 2. იესპერ ჰანსენი (დანია), 3. აბდულა ალრაშიდი (ქუვეითი)

სკეიტბორდინგი. ქალები ქუჩა

1. მომიი ნიშია (იაპონია), 2. რაისა ლეალი (ბრაზილია), 3. ფუნა ნაკაიამა (იაპონია)

ცურვა. ქალები 100 მ. ბატერფლაი

1. მარგარეტ მაკნეილი (კანადა), 2. იუფეი ჟანგი (ჩინეთი), 3. ემა მაკკეონი (ავსტრალია)

ცურვა. ვაჟები 100 მ. ბრასი

1. ადამ პიტი (დიდი ბრიტანეთი), 2. ამო კამინგა (ნიდერლანდები), 3. ნიკოლო მარტინენი (იტალია)

ცურვა. ქალები 400 მ. თავისუფალი

1. არიარნ ტიტმუსი (ავსტრალია), 2. სკეტლინ ლედეცკი (აშშ), 3. ბინგიე ლი (ჩინეთი)

ცურვა. ვაჟები 4x100 მ. თავისუფალი

1. აშშ, 2. იტალია, 3. ავსტრალია

მაგიდის ჩოგბურთი. მიქსტი

1. იაპონია, 2. ჩინეთი, 3. ტაივანი

ტაეკვონდო. ქალები 67 კგ

1. მატეა იელიჩი (ხორვატია), 2. ლორენ უილიამსი (დიდი ბრიტანეთი), 3. რუთ გბაგბი (კოტ დ'იუვარი), 3. ჰედაია მალაკი (ეგვიპტე)

ტაეკვონდო. ვაჟები 80 კგ

1. მაქსიმ ხრამჩოვი (როკ), 2. სალეჰ ელშარაბათი (იორდანია), 3. ტონი კანაეტი (ხორვატია), 3. სეიფ ეისა (ეგვიპტე)

ტრიატლონი. ვაჟები ინდივიდუალური

1. კრისტიან ბრუმენფელტი (ნორვეგია), 2. ალექს ი (დიდი ბრიტანეთი), 3. ჰეიდენ ვაილდი (ახალი ზელანდია)

ძალოსნობა. ქალები 55 კგ

1. ჰიდლინ დიასი (ფილიპინები), 2. ქიუნ ლიაო (ჩინეთი), 3. ზულფია ჩინშანლო (ყაზახეთი)

კომენტარები

ბოლო ამბები