Thumbnail
  • ლაშა შავდათუაშვილმა ტოკიოს ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
  • 29 წლის ძიუდოისტმა ამ მიღწევით ქართული სპორტის ისტორია გადაწერა
  • მას უკვე სამი ოლიმპიური მედალი აქვს, რაც უნიკალური მიღწევაა

საქართველოს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მეორე მედალი აქვს - ისევ ვერცხლი!

ეს ლაშა შავდათუაშვილმა გააკეთა, რომელსაც კარიერაში მეორე ოლიმპიური ჩემპიონობის შანსი ჰქონდა, მაგრამ ფინალში დამარცხდა. 29 წლის ქართველმა ძიუდოისტმა საქართველოს მე-2 მედალი მოუტანა. ლაშა პირველი ქართველი ძიუდოისტია, რომელმაც სამი ოლიმპიური მედალი მოიპოვა.

ფინალში ლაშამ იაპონელ ძიუდოისტთან, ოლიმპიური და სამგზის მსოფლიოს ჩემპიონ, ძალიან ძლიერ შოჰეი ონოსთან წააგო. ფინალური შეხვედრა საოცრად დაძაბული გამოდგა, თითქმის 10 წუთს გაგრძელდა. ლაშა უფრო აქტიურობდა, მაგრამ იაპონელს მაინც ვერაფერი მოუხერხა გარდა იმისა, რომ მსაჯმა ონო ორჯერ გააფრთხილა. საბოლოოდ, დამატებითი დროის მე-6 წუთზე შოჰეი ონომ ვაზარი მიითვალა და მეორედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, ხოლო ქართველი ვერცხლის მედალს დასჯერდა.


შავდათუაშვილის გზა ფინალამდე: 29 წლის ძიუდოისტი პირველ წრეში თავისუფალი იყო და ოლიმპიურ თამაშებში ასპარეზობა 1/16-ფინალიდან დაიწყო, სადაც ფრანგ გილიომ ჩაინეს ვაზარით მოუგო, მერვედფინალში ასევე ვაზარით ჯიბუტელ ადენ-ალექსანდერ ჰუსეინს აჯობა, მეოთხედფინალში კანადელ არტურ მარჟელიდონს დამატებით დროში იპონით სძლია, ხოლო ნახევარფინალში სამხრეთკორეელ ჩანრგიმ ანს სამი შიდოთი მოუგო.

შეგახსენებთ, რომ ლაშა შავდათუაშვილი ერთადერთი ქართველი ძიუდოისტია, რომელიც მსოფლიოს, ევროპისა და ოლიმპიური ჩემპიონია.

აღსანიშნავია, რომ შავდათუაშვილმა მესამედ ისპარეზა ოლიმპიურ თამაშებზე და სამჯერვე მედალი მოიპოვა! 2012 ლონდონში - ოქრო, 2016 წელს რიოში - ბრინჯაო და ახლა, ტოკიოში - ვერცხლი. ისიც ვთქვათ, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ლაშა პირველი სპორტსმენია, ვინც ოლიმპიურ თამაშებზე სამ მედალს დაეუფლა. 48 დღის წინ, 8 ივნისს შავდათუაშვილი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, ახლა კი ოლიმპიადაზე მეორე ადგილი დაიკავა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს აქტივში ამ დროისთვის ტოკიოს ოლიმპიადაზე ორი მედალია. 25 ივლისს ძიუდოისტმა ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ) ასევე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

დღეს ქალთა შორის ასპარეზობდა ეთერ ლიპარტელიანი (-57 კგ), რომელმაც ზედიზედ ორი შეხვედრა მოიგო, მაგრამ 1/4-ფინალში დაძაბულ ბრძოლაში წააგო და რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც პოლონელ იულია კოვალჩიკს მოუგო და ბრინჯაოს მედლისთვის გავიდა ტატამიზე, მაგრამ იაპონელ ცუკასა იოშიდასთან დამარცხდა და საბოლოოდ მედლის გარეშე დარჩა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები