Thumbnail
  • იუვეს რონალდოს შენარჩუნებისთვის ფინანსები არ ყოფნის
  • კრიშტიანოს კონტრაქტის გახანგრძლივება უნდა
  • იუვე ვერც კონტრაქტს ახანგრძლივებს, ვერც კრიშტიანოს ყიდის

კრიშტიანო რონალდო ტურინში 25 ივლისს საღამოს, თავისი კერძო თვითმფრინავით ჩავიდა და დღეიდან მოსამზადებელ ციკლს იწყებს. ახალი სეზონი ახლოვდება, კრიშტიანოს საკითხი კი იუვენტუსს ჯერ კიდევ გადასაჭრელი აქვს. რონალდოს კონტრაქტით მხოლოდ ერთი წელიწადი დარჩა - ეს ის დროა, როცა მოთამაშე ან უნდა გაყიდო, ან ახალი კონტრაქტი გაუფორმო. იუვენტუსი არცერთს აკეთებს.

სატრანსფერო ფანჯრის დასაწყისისთვის ისე ჩანდა, თითქოს იუვე კრიშტიანოს გაყიდვაზე თანახმა იყო. რონალდოს ხელფასი ტურინელებს წელიწადში 64 მილიონი ევრო უჯდებათ (31 ხელფასი + 33 გადასახადები) და იმ ფონზე, რომ პანდემიის დროს სუპერკლუბებს შორის ყველაზე მეტად ტურინელებმა იზარალეს, ამ ხელფასის გადახდა ძალიან რთული ჩანდა. თუმცა, კრიშტიანოს მყიდველი ისეთი პირობებით, როგორითაც იუვეს და თავად პორტუგალიელს სურდა, არ გამოუჩნდა. იუვეს უნდოდა კრიშტიანოს სანაცვლოდ 25-30 მილიონი ევრო მიეღო, თავად რონალდოს კი -  ხელფასის სრულად შენარჩუნება. ამ სატრანსფერო ფანჯარაში სუპერკლუბები, პსჟ-ის გარდა, თანხებს თითქმის არ ხარჯავენ და ამ ტიპის ტრანსფერი ძალიან რთულად განსახორციელებელია. 

იუვენტუსში 131 თამაშში კრიშტიანოს 100 გოლი აქვს გატანილი

ივლისში ჟორჟე მენდეშმა ანიელის ამცნო, რომ კრიშტიანომ დარჩენა გადაწყვიტა და სურდა, რომ მისი კონტრაქტი კიდევ ერთი წლით გახანგრძლივებულიყო. ტურინელები ჯერჯერობით ამ წინადადებას არ იღებენ. მათ არ სურთ ასაკოვან ფეხბურთელს ორწლიანი გარანტია მისცენ იმ ფინანსური პირობებით, რომელზეც ზემოთ უკვე ვისაუბრეთ. არადა, საფეხბურთო ენაზე ეს რონალდოსადმი უნდობლობის გამოცხადებას ნიშნავს. იუვე ხაზს უსვამს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში მისი არ სჯერა და ეს კლუბსა და ფეხბურთელს შორის ურთიერთობაზე შეიძლება კარგად არ აისახოს.

კრიშტიანო ტურინელთა შორის ერთ-ერთი საუკეთესოა, მიუხედავად კლუბის მიერ ნაჩვენები ცუდი შედეგებისა. მას თამაშში 0.83 გოლი გააქვს და კლუბში მხოლოდ მისი ყოფნა იუვესთვის დამატებითი მარკეტინგული შემოსავალია. რონალდოს წყალობით იუვეს პოპულარობა მუდამ იზრდება.

იუვეს ბაზასთან მისულ კრიშტიანო რონალდოს ასობით გულშემატკივარი დახვდა. ეს კრიშტიანოს ფაქტორია. მოკლედ, იუვესთვის რონალდოს გაყიდვაც რთულია და მისი შენარჩუნებაც.

გულშემატკივარი რონალდოს ბაზასთან ელოდებოდა

ერთ წელიწადში კონტრაქტი პაულო დიბალასა და ხუან კუადრადოსაც უმთავრდებათ. ანუ, იუვე რისკავს, რომ მთელი შემტევი ხაზის გარეშე დარჩეს. კუადრადოსთან ტურინელები თითქმის მოლაპარაკებულები არიან და კოლუმბიელის კონტრაქტი გაგრძელდება. არგენტინელთან მიმართებაში სიტუაცია უფრო რთულია. დიბალას ხელფასის მომატება სურს მაშინ, როცა იუვეს მთავარი პრიორიტეტი ამ ეტაპზე სახელფასო ფონდის შემცირებაა.

მოკლედ, იუვეს ფინანსურად რთული პერიოდი აქვს და კრიშტიანოს დილემა სიტუაციას უფრო ართულებს. დიდი ალბათობით, ტურინული კლუბი ახალ კონტრაქტს კრიშტიანოსთან არ გააფორმებს, თუმცა მას არც გაყიდის და ერთი სეზონით შეინარჩუნებს. ეს იმის რისკია, რომ კლუბსა და კრიშტიანოს შორის არცთუ ჰარმონიული ურთიერთობა იქნება და არავინ იცის, ეს როგორ აისახება გუნდის თამაშზე. თუმცა, სხვა გზა იუვეს უბრალოდ არ აქვს.

კომენტარები

ბოლო ამბები