Thumbnail

ოლიმპიადა | არცთუ დიდი მოულოდნელობა - რატომ წააგო ამერიკამ

ერთ დროს უძლეველად მიჩნეულმა ამერიკის საკალათბურთო ნაკრებმა ოლიმპიადაზე ზედიზედ 25-მატჩიანი მოგებების სერია შეწყვიტა და 2004 წლის შემდეგ პირველად დამარცხდა. ბევრისთვის ეს მარცხი შესაძლოა მოულოდნელობა იყო, თუმცა ამერიკელთა ბანაკში განვითარებულ მოვლენებს თუ ცოტა შიგნიდან შევხედავთ, ეს არცთუ დიდი სენსაციაა.

საერთოდაც, ამერიკამ ბოლო 4 თამაშიდან 3 წააგო, დამარცხდა წინა მსოფლიოს ჩემპიონატზე (მაშინაც ფრანგებთან) და ბოლო პერიოდში არცთუ დამაჯერებლად გამოიყურება. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს.

რთული სეზონი და ვარსკვლავების გარეშე

კოვიდმა NBA-ს კალენდარი არია და მოთამაშეების დიდ ნაწილს, ფაქტობრივად, ორი გადაბმული სეზონის ჩატარება მოუწია. უფრო სწორად, შარშანდელ პლეი ოფს ორლანდოს "ბაბლში", წლევანდელი სეზონი სულ ორიოდე თვეში მიჰყვა. თანაც ეს სეზონი გვიან დაიწყო და გვიანაც დასრულდა. სუპერფინალების მეექვსე თამაში ოლიმპიური თამაშების გახსნის წინა დღეს იყო. მოთამაშეების დიდ ნაწილს დასვენების პრობლემა აქვს. სწორედ ამიტომ, ძალიან ბევრმა დიდმა ვარსკვლავმა, მათ შორის ლიგის ალბათ ორმა მთავარმა სახემ, ლებრონმა და სტეფ კარიმ, ამერიკის ნაკრებში თამაშზე უარი თქვეს. დაახლოებით ეს ტენდენცია იყო 2004 წლის ოლიმპიური თამაშების წინაც, როცა ამერიკას ყველაზე ძლიერი ნაკრები ნამდვილად არ ჰყოლია და ტურნირი მარცხით დაასრულა.

2004 წლის ოლიმპიადაზე პოპოვიჩი ლარი ბრაუნის თანაშემწე იყო

თუკი 1992 წლის "დრიმ თიმის" შემდეგ ოლიმპიურ ნაკრებში თამაში კარგ ტონად მიიჩნეოდა, 2000-იანებში ნაკრების მიმართ ინტერესი შემცირდა და ეს შედეგზეც აისახა. ამის შემდეგ ახალი "დრიმ თიმის" ჩამოყალიბება 2008 წლიდან დაიწყო, ჯერ კობის და შემდეგ უკვე ლებრონის თაოსნობით. 2008-2012 წლებში მაშინდელი ლიგის მთავარი სახეები ნაკრებში თამაშს არ თაკილობდნენ, პირიქით. ეს მოტივაციას მთელ გუნდს აძლევდა, განაცხადი იყო. თუკი კობი, უეიდი და ლებრონი მიდიან ნაკრებში და იქ ყველაფერს აკეთებენ გამარჯვებისთვის, სხვამ რატომ უნდა დაიზაროს?! ნაკრებში კონკურენტული და სასიამოვნო ატმოსფერო იყო.

ტოკიოს ოლიმპიადაზე ისევ ვხედავთ, რომ ზედიზედ სამი მოგებული ტურნირის შემდეგ, ენთუზიაზმი და მოტივაცია ამერიკელებს აშკარად აკლიათ. ბევრი ვარსკვლავი საერთოდ არ ჩავიდა ტოკიოში, ხოლო ვინც იქ არის, საკმაოდ უხალისოდ თუ უმოტივაციოდ გამოიყურება. ამას დაამატეთ გადაღლილობის ფაქტორი. მაგალითად, დევინ ბუკერი, ჯრუ ჰოლიდეი და კრის მიდლტონი ძალიან დამღლელი ფინალების შემდეგ, პირველი თამაშის წინა დღეს ჩავიდნენ ტოკიოში და ჰოლიდეიმ ისიც კი აღიარა, რომ ფეხზე ძლივს იდგა. მოკლედ, ეს არის გადაღლილი და უმოტივაციო გუნდი, თავისი მასშტაბით არცთუ ძლიერი შემადგენლობით.

დურანტს თამაში ჯერჯერობით არ მისდის

ორიოდე სიტყვა კევინ დურანტზეც უნდა ითქვას. ის ამ ტურნირზე ამერიკის უპირველესი ვარსკვლავია და სრულიად სამართლიანად აქვს იმის ამბიცია, რომ ლიგაში უპირველესია. ამის მიუხედავად, KD თავისი ხასიათით ლიდერი, გამაერთიანებელი, მოტივატორი დანარჩენებისთვის ნაკლებად არის. დურანტი რთული ხასიათის და გულჩათხრობილი კაცია და პარკეტზე მთელი მისი გენიალურობის მიუხედავად, ძალიან გაუჭირდება გუნდისთვის იგივე როლი იტვირთოს, რაც კობის ჰქონდა 2008 წელს, ან კობისა და ლებრონს უკვე 2012-ში. მოკლედ, ამერიკას გასახდელში ლიდერიც აკლია. ამ როლის შესრულებას დურანტზე მეტად ალბათ დემიენ ლილარდი ითავებს.

ჩავარდნილი მომზადება

ამერიკის ნაკრების მომზადება ისედაც რთულია. როცა სხვა გუნდები წლობით ერთი და იმავე შემადგენლობით, ტაქტიკით და კონცეფციით მუშაობენ და ოლიმპიურ თამაშებამდე ათეულობით მატჩის ჩატარებას ასწრებენ, ამერიკა ოლიმპიადისთვის ექსპრომტად იკრიბება. ამჯერად ეს მოსამზადებელი ციკლიც ჩავარდა. გუნდს სულ 4 ამხანაგური შეხვედრა ჰქონდა დაგეგმილი, საიდანაც ერთი ჩაიშალა და ორი წააგო. 

ფინალების მონაწილე სამეულზე ზემოთ უკვე გითხარით - გუნდს ბოლო მომენტში შეურთდნენ. მოულოდნელად, კოვიდის გამო პოპოვიჩს ზედ ტურნირის წინ გამოაკლდნენ კევინ ლავი და ბრედლი ბილი, რომელიც შეტევაში გუნდის ერთ-ერთი მთავარი ოპცია უნდა ყოფილიყო. მათ ნაცვლად კელდონ ჯონსონი და ჯავალ მაკგი წავიდნენ, რომლებიც კლასში ბილი-ლავის დუეტს აშკარად ჩამოუვარდებიან. რაღაც მომენტში ამერიკა საერთოდაც მხოლოდ 6 კაცით ვარჯიშობდა. ანუ პოპოვიჩის გუნდი არამხოლოდ გადაღლილი და უმოტივაციო, არამედ მოუმზადებელიც არის.

უხარისხო თამაში

ნიგერიასთან ამერიკის სენსაციურ მარცხს ვინც უყურეთ, გენიშნებოდათ, რომ ეს გუნდი თავს უბრალოდ არ იცავს. 20 სამქულიანი მიიღო თავის კალათში - ელემენტარულ დაზღვევაზეც კი არავინ გადადიოდა. განსხვავებულია წესებიც - ფიბას წესებით უფრო იშვიათად აფიქსირებენ ჯარიმას უბრალოდ კონტაქტზე, ვიდრე NBA-ში და განსხვავებულია პარკეტის ზომაც. ფიბას პარკეტი უფრო პატარაა, რაც ნაკლებ სივრცეს ტოვებს და NBA-ს მოთამაშეებს თავისი სისწრაფის, ათლეტიზმის და ინდივიდუალური ოსტატობის გამოსავლენად, ეს საქმეს არ უიოლებს. პატარა პარკეტი ინდივიდუალურ თამაშს უფრო ართულებს.

საფრანგეთთან გადამწყვეტი შეტევის დროს დემიენ ლილარდს ფეხი აუსრიალდა

ამ სიტუაციაში ამერიკა მხოლოდ თავისი ვარსკვლავების ინდივიდუალური ოსტატობის იმედზეა. მათ შორის პირველ რიგში დემიენ ლილარდი და კევინ დურანტი უნდა გამოიყოს. შეტევაში ამერიკელები ფსონს იზოლაციებზე, მარტივ პიკ-ენ როლსა და სამიანებზე ჩამოვლენ. თუ სროლა არ მიდის, ეს საკმაოდ სახიფათო ტაქტიკაა. საფრანგეთთან მეოთხე მეოთზედში ამერიკამ გრძელი და საშუალო დისტანციიდან 15-ჯერ ისროლა (სამწამიანიდან მხოლოდ 3-ჯერ) და 3 სროლა ჩააგდო. გასაგებია, რომ ასეთი თამაშით მოგება რთულია.

პოპოვიჩისთვის კარგი ის იყო, რომ ეს მარცხი პირველი თამაშში მოხდა და ამერიკას ყველაფრის გამოსწორება შეუძლია. თუმცა, ფაქტია, რომ ეს ამერიკა უძლეველი და უნაკლო გუნდი აღარ არის. ეს პრობლემური გუნდია, რომელსაც ჩემპიონობისთვის ბევრი დაბრკოლების გადალახვა მოუწევს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები