Thumbnail

ლაშა შავდათუაშვილი ტოკიოს ოლიმპიური თამაშების 1/2-ფინალში იასპარეზებს! ტიტულოვანმა ქართველმა ძიუდოისტმა აღნიშნულ ეტაპამდე გზა საკმაოდ იოლად გაიარა.

1/4-ფინალში ლაშა კანადელ არტურ მარგელიდონს დაუპირისპირდა და შეხვედრა დაძაბული გამოდგა. ძირითად დროში ძიუდოისტებმა ილეთის გაკეთება ვერ მოახერხეს და ყველაფერი დამატებით დროში გადაწყდა, რომლის დასაწყისში მარგელიდონმა ილეთის გაკეთება სცადა, მაგრამ ლაშამ თავი კარგად დაიცვა. დამატებითი დროის მესამე წუთზე კი ლაშამ მეტოქეს ლამაზი ილეთი გაუკეთა და შეხვედრა იპონით მოიგო, რის შედეგადაც ნახევარფინალში გავიდა და იქ მისი მეტოქე სამხრეთკორეელი ჩანგრიმ ანი იქნება. ფინალური ბლოკი თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყება.


29 წლის ძიუდოისტი პირველი წრისგან თავისუფალი იყო და ოლიმპიურ თამაშებში ასპარეზობა 1/6-ფინალიდან დაიწყო, სადაც ფრანგ გილიომ ჩაინეს ვაზარით მოუგო, ხოლო მერვედფინალში ასევე ვაზარით ჯიბუტელ ადენ-ალექსანდერ ჰუსეინს აჯობა. მოგეხსენებათ, ლაშა შავდათუაშვილი ერთადერთი ქართველი ძიუდოისტია, რომელიც მსოფლიოს, ევროპისა და ოლიმპიური ჩემპიონია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს აქტივში ამ დროისთვის ტოკიოს ოლიმპიადაზე ერთი ვერცხლის მედალია, რომელიც 25 ივლისს, ძიუდოისტმა ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ) მოიპოვა. დღეს ქალთა შორის ასპარეზობს ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ), რომელმაც ზედიზედ ორი შეხვედრა მოიგო, მაგრამ 1/4-ფინალში დაძაბულ ბრძოლაში წააგო და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას აგრძელებს. სწორედ ეთერის შეხვედრით განახლდება ძიუდოს ტურნირი 12:00 საათზე.

 

კომენტარები

ბოლო ამბები