Thumbnail

ლაშა შავდათუაშვილი ტოკიოს ოლიმპიური თამაშების 1/4-ფინალში იასპარეზებს! ტიტულოვანმა ქართველმა ძიუდოისტმა მერვედფინალური ეტაპი საკმაოდ იოლად გადალახა.

ლაშა ჯიბუტელ ადენ-ალექსანდერ ჰუსეინს დაუპირისპირდა და ბრძოლის დასაწყისშივე ვაზარი მოიპოვა, რითაც დაწინაურება მოახერხა. შავდათუაშვილმა კარგად დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანა და ზედიზედ მეორე შეხვედრა ვაზარით მოიგო. მისი მეტოქე მეოთხედფინალში კანადელი არტურ მარგელიდონი იქნება, რომელსაც კარიერაში ერთხელ დაუპირისპირდა  და გამარჯვება მოიპოვა (2015 წელს).

29 წლის ძიუდოისტი პირველი წრისგან თავისუფალი იყო და ოლიმპიურ თამაშებში ასპარეზობა 1/6-ფინალიდან დაიწყო, სადაც ფრანგ გილიომ ჩაინეს ვაზარით მოუგო. მოგეხსენებათ, ლაშა შავდათუაშვილი ერთადერთი ქართველი ძიუდოისტია, რომელიც მსოფლიოს, ევროპისა და ოლიმპიური ჩემპიონია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს აქტივში ამ დროისთვის ტოკიოს ოლიმპიადაზე ერთი ვერცხლის მედალია, რომელიც 25 ივლისს, ძიუდოისტმა ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ) მოიპოვა. დღეს ქალთა შორის ასპარეზობს ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ), რომელმაც ზედიზედ ორი შეხვედრა მოიგო, მაგრამ 1/4-ფინალში დაძაბულ ბრძოლაში წააგო და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას აგრძელებს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები