Thumbnail

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში ეთერ ლიპარტელიანმა 1/4 ფინალში იასპარეზა. მისი მეტოქე ფრანგი ლეონი სარა სისიკე იყო. ლიპარტელიანმა მეოთხედფინალამდე ანგოლელი დიასონემა მუკუნგუ და გერმანელი ტერეზა შტოლი იპონებით დაამარცხა.

მეოთხედფინალის პირველივე წუთიდან ლიპარტელიანმა ბრძოლა აქტიურად დაიწყო - ეთერმა შეხვედრის დასრულებამდე წუთითა და 35 წამით ადრე მეტოქეს ვაზარი აუღო და დაწინაურდა, რის შემდეგაც სისიკემ დაახლოებით 30 წამში წონასწორობა ვაზარით აღადგინა.

ბრძოლა დამატებით დროში გადავიდა, მე-40 წამზე ლიპარტელიანმა ილეთის გაკეთებაც სცადა, მაგრამ სარამ თავი ბოლო წამს გადაირჩინა. ფრანგმა ბრძოლის მოგება მაინც შეძლო, ლიპარტელიანის აქტიურობის შემდეგ, სარამ კონტრილეთზე კიდევ ერთი ვაზარი აიღო და ნახევარფინალში გავიდა. ეთერი რეპეშაჟში იულია კოვალჩიკს შეხვდება, ფინალური ბლოკი 12:00-საათიდან დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს აქტივში ამ დროისთვის ტოკიოს ოლიმპიადაზე ერთი ვერცხლის მედალია, რომელიც 25 ივლისს, ძიუდოისტმა ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ) მოიპოვა. დღეს კი, 73 კგ წონით კატეგორიაში ლაშა შავდათუაშვილი ასპარეზობს, რომელმაც პირველი გამარჯვება ფრანგი გილიომ ჩაინეს წინააღმდეგ იზეიმა.

კომენტარები

ბოლო ამბები