Thumbnail

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში ტიტულოვანი ქართველი ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) ჩაერთო, რომელმაც ასპარეზობა 1/16-ფინალიდან დაიწყო. ლაშა პირველი წრისგან თავისუფალი გახლდათ, ხოლო მეორე წრეში მისი მეტოქე ფრანგი გილიომ ჩაინე იყო, რომელმაც თავის მხრივ მანამდე ბრაზილიელი ედუარდო ბარბოსა დაამარცხა.

დაპირისპირება საკმაოდ ფრთხილი გამოდგა, ფრანგი მთლიანად თავის დაცვაზე ზრუნავდა და ბრძოლის მე-3 წუთის მიწურულს მსაჯმა ის სამართლიანად გააფრთხილა. ქართველი ძიუდოისტის აქტიურობამ შედეგი ბრძოლის ბოლო წუთზე გამოიღო - ლაშამ ვაზარი მოიპოვა და საქმის გამარჯვებამდე მიყვანა მშვიდად მოახერხა.

ლაშა შავდათუაშვილი ერთადერთი ქართველი ძიუდოისტია, რომელიც მსოფლიოს, ევროპისა და ოლიმპიური ჩემპიონია. ლეგენდარული სპორტსმენი 1/8-ფინალში ჯიბუტელ ადენ-ალექსანდერ ჰუსეინის შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს აქტივში ამ დროისთვის ტოკიოს ოლიმპიადაზე ერთი ვერცხლის მედალია, რომელიც 25 ივლისს, ძიუდოისტმა ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ) მოიპოვა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები