Thumbnail

27 ივლისი ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი ათლეტებისთვის შედარებით მშვიდი დღე იქნება - სულ ორი სპორტსმენი მონაწილეობს, მოკრივე ესკერხან მადიევი და ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი, თუმცა როცა ტატო ასპარეზობს, სიმშვიდეზე და მოწყენაზე საუბარი უადგილოა.

ტატო გრიგალაშვილი - ოქრო? რატომაც არა!

ძიუდო. -81 კგ

21 წლის ტატო გრიგალაშვილი "ბუდოკანში" პირველ წრეს ტოვებს. ეს მსოფლიოს მე-2 პრიზიორმა (2021) და ევროპის ჩემპიონმა (2020) კარგი რეიტინგით დაიმსახურა. ტატო მე-2 წრიდან იწყებს, ნომერ პირველ ტატამიზე დაახლოებით დილის 8 საათის მერე გამოჩნდება. 

ტატო გრიგალაშვილი

გრიგალაშვილის პირველი მეტოქე ტაჯიკი აკმალ მუროდოვისა და გუამელი ჯოსტერ ენდრიუს შორის გამარჯვებული იქნება. ძნელი წარმოსადგენია, რომ გუამელმა ტაჯიკს მოუგოს. ასე რომ, სწორება ტაჯიკზე უნდა გვქონდეს. ვერც მუროდოვი დაიკვეხნის შედეგებით, თუ არ ჩავთვლით ბაქოში, მსოფლიოს ჩემპიონატზე (2018) დაკავებულ მე-8 ადგილს.

შემდეგ წრეში კი ტატოს სავარაუდო მეტოქეები არიან: ნასიფ ელიასი (ლიბანი) და გუნჰო ლი (სამხრეთ კორეა).

ესკერხან მადიევი - მეოთხედფინალისთვის

კრივი. -69 კგ

ჩეჩნეთში დაბადებულმა, თურქეთში გაზრდილმა და ამჟამად საქართველოში მცხოვრებმა ესკერხან მადიევმა უკვე შეაყვარა თავი ქართული სპორტის გულშემატკივრებს - პირველ წრეში მან მოულოდნელად, რიოს ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი სოტომაიორი (აზერბაიჯანი) დაამარცხა. ექსკუბელს "აზერ მუჰამად ალისაც" უწოდებენ. მადიევმა კი ის პირველ ორ რაუნდშიც დაჩაგრა, მესამეში კი სოტომაიორმა ტრავმა მიიღო და ჩხუბიც შეწყდა. 

ესკერხან მადიევმა პირველი წრე დამაჯერებლად გადალახა

სამშაბათს 23 წლის ქართველ მოკრივეს უგანდელი შადირი ბვოგი ხვდება. რა შეიძლება ითქვას 24 წლის ბვოგიზე? ის აფრიკის ჩემპიონატზე (2017 წელს) მე-5 ადგილზე გავიდა. ბვოგი ამ ბრძოლით იწყებს ოლიმპიადას. მისი ამბიცია სწორედ ტოკიოში ასპარეზობა იყო. გამარჯვების შემთხვევაში, ესკერხანი 1/4 ფინალში გადის. 

ტოკიო 2020: 27 ივლისის მთავარი მოვლენები

სამშაბათს ოლიმპიური მედლები სპორტის 12 სახეობაში გათამაშდება, სულ 19 კომპლექტი:

ტანვარჯიში (ქალები გუნდური), სოფტბოლი, კანოე სლალომი (ქალები. კაიაკი), მაუნთენბაიკი (ქალები. ქროს-ქანთრი), წყალში ხტომა (ქალები. 10 მ. სინქრონული), ცხენოსნობა (ხედნილობა. გუნდური), ფარიკაობა (ქალები. დაშნა), ძიუდო (ქალები. 63 კგ და ვაჟები. 81 კგ), სროლა (10 მ. შაშხანა. მიქსტი და 10 მ. პისტოლეტი. მიქსტი), ცურვა (ქალები. 100 მ. გულაღმა; ქალები. 100 მ. ბრასი; ვაჟები. 200 მ. თავისუფალი და ვაჟები. 100 მ. გულაღმა), ტაეკვონდო (ქალები. +67 კგ და ვაჟები. +80 კგ), ტრიატლონი (ქალები. ინდივიდუალური), ძალოსნობა (ქალები. 59 კგ და ქალები. 64 კგ). 

კომენტარები

ბოლო ამბები