Thumbnail
  • ქართველი კალათბურთელის დრაფტზე არჩევის შანსი გაიზარდა
  • გიორგი ბეჟანიშვილს ვორქაუთი უკვე NBA-ს შვიდ კლუბში ჰქონდა

ქართველი კალათბურთელი გიორგი ბეჟანიშვილი NBA-ს მოახლოებული დრაფტისთვის მზადებას განაგრძობს და ბოლო პერიოდში ლიგის კიდევ ორ კლუბთან ერთად ივარჯიშა. მთავარი კი ისაა, რომ ბეჟანიშვილის დრაფტის მე-2 რაუნდის მიწურულს არჩევას წარმოუდგენლად სულაც არ თვლიან, რაც ცოტა ხნის წინ ძნელი სავარაუდო იყო.

“გიორგი ბეჟანიშვილის ბოლო ვორქაუთები სან ანტონიოსა და შარლოტში ჰქონდა, მანამდე კი, უკვე ივარჯიშა მილუოკიში, ლეიკერსში, მემფისში, ატლანტასა და ჩიკაგოში. მისი ენერგიისა და უნივერსალურობის გათვალისწინებით, დრაფტის მე-2 რაუნდში არჩევის იმედი ნამდვილად უნდა ჰქონდეს”, - წერს NBA-ს ცნობილი ინსაიდერი ადამ ზაგორია.

შეგახსენებთ, რომ ბეჟანიშვილმა ილინოისის რიგებში 95 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 8.2 ქულას, 4.3 მოხსნას და 0.9 პასს აგროვებდა. “პოპსპორტთან” ინტერვიუში გიორგიმ კოლეჯთა ლიგის კარიერის დასრულების შემდეგ საქართველოს ნაკრებში თამაშის სურვილი გამოთქვა, თუმცა, ამ მიმართულებით, ჯერჯერობით, სიახლე არაფერია.

NBA-ის მორიგი დრაფტი 29 ივლისს ბრუკლინში ბარკლაის ცენტრში გაიმართება. დრაფტის მონაწილეთა შორის ბეჟანიშვილის გარდა, ერთი ქართველი კალათბურთელია – სანდრო მამუკელაშვილი, რომლის შანსებიც გაცილებით დიდია. სეტონ ჰოლის ექს-ფორვარდმა ივნის-ივლისში უკვე ივარჯიშა შარლოტში, დეტროიტში, იუტაში, ოკლაჰომაში, ნიკსში, ბრუკლინში, სან ანტონიოსა და ატლანტაში.

კომენტარები

ბოლო ამბები