Thumbnail

საქართველომ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე პირველი მედალი მოიპოვა - ვერცხლი!

ეს ძიუდოისტმა ვაჟა მარგველაშვილმა გააკეთა. მან 66 კგ წონით კატეგორიაში შესანიშნავად იასპარეზა, მაგრამ ოლიმპიურ ჩემპიონობამდე ძალიან ცოტა დააკლდა. 27 წლის ძიუდოისტმა ფინალი იაპონელთან, ორგზის მსოფლიოს ჩემპიონ ჰიფუმი აბესთან დათმო.

ფინალში მარგველაშვილი უშანსოდ ნამდვილად არ ყოფილა, მეტოქეზე უფრო მეტადაც აქტიურობდა და უტევდა. ერთ ეპიზოდში მას კონტრშეტევა გაეპარა და აბემ ვაზარი მიითვალა, რამაც საბოლოოდ ფინალური დუელის ბედი გადაწყვიტა. ვაჟას თითქმის 2 წუთი ჰქონდა სიტუაციის გამოსასწორებლად, მაგრამ იაპონელმა თავი ძალიან კარგად დაიცვა და ოლიმპიური ჩემპიონი გახდა, ხოლო ქართველს ვერცხლის მედალი ერგო.


აღსანიშნავია, რომ ქალთა შორის დღეს ოლიმპიური ჩემპიონი გახდა უტა აბე, რომელიც ჰიფუმი აბეს და გახლავთ და ამრიგად, და-ძმამ ოლიმპიური ოქროს მედალი ერთ დღეს მოიპოვეს - მსგავსი ფაქტი კი ოლიმპიადის ისტორიაში პირველად დაფიქსირდა.

ქართველის გზა ფინალამდე: მარგველაშვილი პირველი წრისგან თავისუფალი იყო და ასპარეზობა მერვედფინალიდან დაიწყო, სადაც რუსი ძიუდოისტი იაკუბ შამილოვი ვაზარით დაამარცხა, 1/4-ფინალში ისრაელის წარმომადგენელ ბარუხ შმაილოვს იპონით აჯობა, ხოლო ნახევარფინალში მსოფლიოს ჩემპიონს, სამხრეთკორეელ ან ბაულს დამატებით დროში ვაზარით მოუგო და ამ გზით მოიპოვა ფინალის საგზური.


შეგახსენებთ, რომ ოლიმპიადის პირველ დღეს ლუხუმ ჩხვიმიანმა (60 კგ) მე-7 ადგილი დაიკავა, ხოლო დღეს ქალთა შორის, ტეტიანა ლევიცკა-შუკვანი (52 კგ) ასპარეზობას მეორე წრეში ფრანგ ამანდინ ბუშართან მარცხით გამოეთიშა. აღსანიშნავია, რომ ქართველმა ძიუდოისტმა ტრავმა მიიღო და შეხვედრის გაგრძელება ვერ მოახერხა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები