Thumbnail

ქართველი ძიუდოისტი ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ფინალშია!

27 წლის ძიუდოისტი ნახევარფინალში მსოფლიოს ჩემპიონ და რიოს ოლიმპიადის ვერცხლისმედალოსან, სამხრეთკორეელ ან ბაულს დაუპირისპირდა.

როგორც მოსალოდნელი იყო, შეხვედრა დაძაბული გამოდგა. ორივე ძიუდოისტი ფრთხილობდა და მსაჯმა ორივე გააფრთხილა. ძირითად დროში ვერც ვაჟამ და ვერც მისმა მეტოქემ ქულა ვერ მოიპოვეს და შეხვედრა დამატებით დროში გაგრძელდა.

დამატებით დროში ქართველი ძიუდოისტი კიდევ ერთხელ გააფრთხილეს, მაგრამ სწორედ ამის შემდეგ, შეხვედრის მეშვიდე წუთის ბოლოს ვაჟამ ვაზარი მიითვალა და ფინალში გავიდა! ამრიგად, მან უკვე მოუტანა საქართველოს პირველი მედალი (ვერცხლი), თუმცა, ცხადია, ოქროს მედლისთვის იბრძოლებს. ფინალში ქართველი ძიუდოისტის მეტოქე მასპინძელი ჰიფუმი აბე იქნება, რომელმაც მეორე ნახევარფინალში ბრაზილიელ დანიელ კარგნინს იოლად მოუგო.


მარგველაშვილი ოლიმპიადაზე პირველი წრისგან თავისუფალი იყო და ასპარეზობა მერვედფინალიდან დაიწყო, სადაც რუსი ძიუდოისტი იაკუბ შამილოვი ვაზარით დაამარცხა, ხოლო 1/4-ფინალში ისრაელის წარმომადგენელ ბარუხ შმაილოვს იპონით აჯობა.

შეგახსენებთ, რომ ოლიმპიადის პირველ დღეს ლუხუმ ჩხვიმიანმა (60 კგ) მე-7 ადგილი დაიკავა, ხოლო დღეს ქალთა შორის, ტეტიანა ლევიცკა-შუკვანი (52 კგ) ასპარეზობას მეორე წრეში ფრანგ ამანდინ ბუშართან მარცხით გამოეთიშა. აღსანიშნავია, რომ ქართველმა ძიუდოისტმა ტრავმა მიიღო და შეხვედრის გაგრძელება ვერ მოახერხა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები