Thumbnail

ტოკიოს ოლიმპიადაზე ქართველი ძიუდოისტი ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) 1/2-ფინალში გავიდა! ის შესანიშნავ ფორმაშია და ზედიზედ მეორე გამარჯვება იზეიმა.

1/4-ფინალში მარგველაშვილი ისრაელის წარმომადგენელ ბარუხ შმაილოვს დაუპირისპირდა და თავიდანვე შეძლო უპირატესობის მოპოვება. ვაჟამ წინ გასვლა ვაზარით მოახერხა და იქვე შმაილოვი შებოჭვაზე დაიჭირა, მაგრამ მეტოქემ თავის დაღწევა დროულად შეძლო.

მარგველაშვილმა აქტიურობა განაგრძო, შეხვედრის დასრულებამდე წუთით და 2 წამით ადრე კიდევ ერთი გდება შეასრულა და 2 ვაზარი იპონში გადაიზარდა! ამგვარად, ვაჟა ოქროს მედლისთვის ბრძოლას აგრძელებს.

ვაჟა მარგველაშვილი ფინალში გასასვლელად იბრძოლებს

1/2-ფინალში ქართველი ძიუდოისტი სამხრეთკორეელ ან ბაულს დაუპირისპირდება. ძიუდოში ამ დროისთვის შესვენება გამოცხადდა და შეჯიბრი თბილისის დროით 12:00 საათზე განახლდება. მარგველაშვილი ოლიმპიადაზე პირველი წრისგან თავისუფალი იყო, ხოლო შმაილოვამდე რუსი ძიუდოისტი იაკუბ შამილოვი ვაზარით დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ ოლიმპიადის პირველ დღეს ლუხუმ ჩხვიმიანმა (60 კგ) მე-7 ადგილი დაიკავა, ხოლო დღეს ქალთა შორის, ტეტიანა ლევიცკა-შუკვანი (52 კგ) ასპარეზობას მეორე წრეში ფრანგ ამანდინ ბუშართან მარცხით გამოეთიშა. აღსანიშნავია, რომ ქართველმა ძიუდოისტმა ტრავმა მიიღო და შეხვედრის გაგრძელება ვერ მოახერხა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები