Thumbnail
  • მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ ტოკიოში ბრწყინვალედ იასპარეზა
  • ძიუდოისტი ლუხუმ ჩხვიმიანი მე-7 ადგილით დაკმაყოფილდა
  • ნიკოლოზ ბასილაშვილი და ესკერხან მადიევი ბრძოლას აგრძელებენ
  • 24 ივლისის ყველა მედალოსანი ოლიმპიურ თამაშებზე
  • PREVIEW | ძალოსნობა, სროლა, ძიუდო - რას ველოდოთ 25 ივლისს

ტოკიოს სპორტულ არენებზე დასრულდა პირველი საშეჯიბრო დღე ქართული დელეგაციისთვის. ასპარეზობაში 5 ქართველი ათლეტი ჩაება, რომელთაგანაც ორს დღესვე ოლიმპიური მედლის მოგების შანსი ჰქონდა. ყველაზე ახლოს მედალთან ფარიკაობაში ვიყავით, თუმცა დღე მაინც უმედლოდ დასრულდა. ტურნირზე მონაწილეობას აგრძელებენ ნიკოლოზ ბასილაშვილი (ჩოგბურთი) და ესკერხან მადიევი (კრივი)...

ბაზაძის გმირული გამოსვლა

ქართულ ფარიკაობას დიდებული ისტორია აქვს, ოლიმპიური თამაშების ორი ჩემპიონი გვყავს - ნუგზარ ასათიანი (1964) და ვლადიმერ აფციაური (1988), ბრინჯაოს მედლები მოუპოვებია გურამ კოსტავას (1960, 1964). მაგრამ ეს ყველაფერი შორეულ, საბჭოთა დროს იყო. საქართველოს სახელით ისტორიული, პირველი მედლის მოპოვებასთან ასე ახლოს ვიყავით - ხმლით მოფარიკავეთა შორის სანდრო ბაზაძემ ბრინჯაოსთვის მატჩში მიიღო მონაწილეობა.

სანდრო ბაზაძემ ტოკიოში ბრწყინვალედ იასპარეზა

სანდრო ხმლით მოფარიკავეთა მსოფლიოს რეიტინგში მე-7 პოზიციაზეა, ის მედლის კანდიდატთა შორის ფიგურირებდა, თუმცა 1/4 ფინალში ქართველმა უდიდესი წინააღმდეგობა დაძლია. მანამდე ბაზაძემ ორ ეგვიპტელს აჯობა - მოჰაბ სამერს (15:10) და ზიად ელ სისის (15:12). 

მეოთხედფინალში მისი მეტოქე ოჰ სანგუკი (სამხრეთ კორეა) იყო, რომელიც მსოფლიოს პირველი ნომერია. 13:13-ზე სანდრომ ორი გადამწყვეტი ქულა აიღო და ნახევარფინალში გავიდა! 

მედალთან ერთი ნაბიჯის გაწვდენაზე, სამწუხაროდ, სანდრომ ორი ორთაბრძოლა დათმო. ჯერ ნახევრფინალი ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონ არონ სილაგისთან (უნგრეთი), რომელიც საბოლოოდ ჩემპიონი გახდა და შემდეგ ბრინჯაოს მედლისთვის მატჩი სამხრეთკორეელ კიმ ჟუნგვანთან - 11:15. დასანანია, რომ ქართველი მოფარიკავის ბრწყინვალე ასპარეზობა მედლით არ დასრულდა - სანდრო მე-4 ადგილზე გავიდა. 

ლუხუმის მეშვიდე ადგილი

თავიდანვე ვიტყვით, რომ მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონ ლუხუმ ჩხვიმიანისგან მეტს ველოდით - ის უმედლოდ დარჩა და მხოლოდ მე-7 ადგილით დაკმაყოფილდა. 

ლუხუმ ჩხვიმიანი რეპეშაჟში დამარცხდა

ქართველი ძიუდოისტი 60 კილომდე წონით კატეგორიაში მე-2 წრიდან იწყებდა. 28 წლის მესტიელი შებოჭვით გაუსწორდა აზერბაიჯანელ კარამატ ჰუსეინოვს და 1/4 ფინალში გავიდა. იაპონელ ნაოჰისა ტაკატოსთან ერთ ეპიზოდში ქართველს გდება არ შეუფასეს. დამატებით დროში ჩხვიმიანმა აკრძალული ილეთი სცადა, რისთვისაც მეტოქეს გამარჯვება მიენიჭა. რეპეშაჟში ჩხვიმიანი კორეელ კიმ ვონთან დამატებითში იპონით წააგო. როგორც ხედავთ, აქაც, როგორც ფარიკაობაში, ქართველ ათლეტს ბრინჯაომდე გზა კორეელმა გადაუღობა. 

სხვები - ბასილაშვილი და მადიევი აგრძელებენ

ნიკამ პირველ წრეში ორ სეტში გაიმარჯვა

ნიკოლოზ ბასილაშვილის ბრწყინვალე სტარტი - განუთესავმა ქართველმა პირველ წრეში ესპანელი რობერტო კარბალეს ბაენა დაამარცხა - 6:3, 6:2. ნიკოლოზის მომდევნო მეტოქე იტალიელი ლორენცო სონეგო იქნება, რომელმაც იაპონელ ტარო დანიელთან პირველი სეტი დათმო, მაგრამ მომდევნო ორი სეტი ტაიბრეიკზე მოიგო და 1/16 ფინალში გავიდა.

ესკერხან მადიევმა 1/16 ფინალში აზერბაიჯანელი ლორენსო სოტომაიორი დაამარცხა - ესკერხანი 2:0-ს იგებდა, როცა 36 წლის მეტოქემ ტრავმა მიიღო და ბრძოლა ვერ გააგრძელა. მადიევი 1/8 ფინალში გავიდა, სადაც უგანდელ შადირი ბვოგის შეხვდება. ბრძოლა "კოკუგიკან არენაზე" 27 ივლისს გაიმართება.

ესკერხან მადიევმა რიოსოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი დაამარცხა

ტოკიოს საწყლოსნო ცენტრში ირაკლი რევიშვილმა 400 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვაში იასპარეზა. 32 წლის მოცურავემ ჰითში 4 სპორტსმენში მე-3 ადგილი დაიკავა.  მან 400 მეტრი 3 წუთსა და 57 წამში გაცურა. კვალიფიკაციაში საუკეთესო შედეგს რევიშვილი 14 წამით ჩამორჩა. 36 სპორტსმენში მან 32-ე ადგილი დაიკავა. 

სენსაცია - ამერიკა უმედლოდ დარჩა

ტოკიოში პირველი 11 კომპლექტი გათამაშდა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა დაწინაურდა. ჩინელებს 3 ოქროს მედალი აქვთ და 1 ბრინჯაო. თითო ოქროს მედლები მოიპოვეს იტალიამ, იაპონიამ, სამხრეთ კორეამ, ეკვადორმა, უნგრეთმა, ირანმა, კოსოვომ და ტაილანდმა.

რიჩარდ კარაპასმა ეკვადორს ოლიმპიური ოქრო მოუტანა

დღის სენსაცია - აშშ უმედლოდ დარჩა. მედლების პირველ დღეს ოლიმპიურ თამაშებზე ამერიკა უმედლოდ პირველად დარჩა 1972 წლის ოლიმპიადის შემდეგ.

მშვილდოსნობა. გუნდური შერეული

1. სამხრეთ კორეა, 2. ნიდერლანდები, 3. მექსიკა

ველოსპორტი. შოსე. ვაჟები

1. რიჩარდ კარაპასი (ეკვადორი), 2. ვოუტ აერტი (ბელგია), 3. ტადეი პოგაკარი (სლოვენია)

ფარიკაობა. ხმალი. ვაჟები

1. არონ სილაგი (უნგრეთი), 2. ლუიჯი სამელე (იტალია), 3. კიმ ჟუნგვანი (სამხრეთ კორეა)

ფარიკაობა. ქალები. დაშნა

1. სუნ იივენი (ჩინეთი), 2. ანა მარია პოპესკუ (რუმინეთი), 3. კატრინა ლეჰისი (ესტონეთი).   

ძიუდო. ვაჟები. -60 კგ

1. ნაოჰისა ტაკატო (იაპონია), 2. იუნ იანი (სამხრეთ კორეა), 3. ლუკა მხეიძე (საფრანგეთი), 3. იელდოს სმეტოვი (ყაზახეთი)

დარია ბილოდიდი ბრინჯაოს მედალს დასჯერდა

ძიუდო. ქალები. -48 კგ

1. დისტრია კრასნიქი (კოსოვო), 2. ფუნა ტონაკი (იაპონია), 3. ურანცეცეგ მუნხბატი (მონღოლეთი), 3. დარია ბილოდიდი (უკრაინა)

სროლა. ქალები. 10 მ. პნევმატური შაშხანა

1. ქიან იანი (ჩინეთი), 2. ანასტასია გალაშინა (როკ), 3. ნინა კრისტენი (შვეიცარია)

სროლა. ვაჟები. 10 მ. პნევმატური პისტოლეტი

1. ჯავად ფოროუღი (ირანი), 2. დამირ მიკეჩი (სერბეთი), 3. ვეი პანგი (ჩინეთი)

ტაეკვონდო. ქალები. -49 კგ

1. პანიპაკ ვონგპატანაკიტი (ტაილანდი), 2. ადრიანა სერესო იგლესიასი (ესპანეთი), 3. აბიშაგ სემბერგი (ისრაელი), 3. ტიანა ბოგდანოვიჩი (სერბეთი)

ტაეკვონდო. ვაჟები. -58 კგ

1. ვიტო დელ'აკვილა (იტალია), 2. მოჰამედ ჯენდუბი (ტუნისი), 3. მიხაილ არტონომოვი (როკ), 3. იუნ იანი (სამხრეთ კორეა)

ძალოსნობა. ქალები. -49 კგ

1. ჟიჰუი ჰოუ (ჩინეთი), 2. ჩანუ მირაბაი (ინდოეთი), 3. ვინდი აისაჰი (ინდონეზია).

კომენტარები

ბოლო ამბები