Thumbnail
  • სანდრო მამუკელაშვილი სტუმრად USA TODAY-ის რუბრიკაში
  • 22 წლის ფორვარდი მიიჩნევს, რომ უკეთესი მოთამაშეა, ვიდრე კოლეჯთა ლიგაში იყო...

USA TODAY-ის კოდი ტეილორმა თავის ტრადიციულ რუბრიკა Rookie Wire-ში სანდრო მამუკელაშვილთან ვრცელი ინტერვიუ შემოგვთავაზა. 22 წლის ქართველ კალათბურთელთან, რომელიც NBA-ის 29 ივლისის დრაფტისთვის ემზადება. 

ქართველი ფორვარდი ლეიკერსის მაისურით

"სეტონ ჰოლის ფორვარდი საკუთარი ოცნების ასრულებასთან ახლოსაა - 22 წლის კალათბურთელი საქართველოდან "ბიგ ისტის" კონფერენციის წლის მოთამაშეა. ის საშუალოდ 17.5 ქულას, 7.6 მოხსნას, 3.2 პასსა და 1.1 ჩაჭრას აკეთებდა. საოცარი სეზონის შემდეგ მამუკელაშვილი დაკავებულია NBA-ის დრაფტისთვის მზადებით. "მეკობრეების" სეზონის დასრულების შემდეგ, მამუკელაშვილი მაიამიში დღეში სამჯერ ვარჯიშობდა. მან გააუმჯობესა დაცვაში თამაში და სროლის სიზუსტე. ეს მან კლუბებს მრავალ ვორქაუთზე დაუმტკიცა. 

📋 მეტი ამ თემაზე

დრაფტზე მას მე-2 წრეში ელიან, თუმცა თავად 22 წლის მოთამაშე ნაკლებ ყურადღებას უთმობს ამ რეიტინგებს. მისი მთავარი დანიშნულებაა, უშუალოდ დაინტერესებულ კლუბებს აჩვენოს, რა შეუძლია. 

USA TODAY: დრაფტი მომავალ კვირასაა, ხომ არ ნერვიულობთ?

სანდრო მამუკელაშვილი: ცოტა ვშფოთავ, მაგრამ არაფერი სერიოზული. ორი დღით ჩემი მშობლები ჩამოდიან, ესეც მღელვარებას მმატებს, თუმცა საერთო ჯამში ყველაფერი კარგადაა. 

USA TODAY: პრე-დრაფტი სრულდება. შვება ხომ არ იგრძენით, რომ ახალ ეტაპზე გადადიხართ, პროფესიულ კარიერას იწყებთ?

მამუკელაშვილი: ზუსტად! წლეულს წინასადრაფტო პროცესი საკმაოდ ხანგრძლივი გამოვიდა - ვარჯიშობ გუნდებში, ცდილობ, თავი მოაწონო, გაიგო, დრაფტის რა ეტაპზე აგირჩევენ, ღელავ. ვამაყობ, რომ დღეს ამ სიტუაციაში ვარ, რაც ბევრ ქართველს არ გამოუცდია. უბრალოდ ბედნიერი ვარ და ველოდები დრაფტს.

USA TODAY: საიდან მოდიან თქვენი მშობლები?

მამუკელაშვილი: საქართველოდან მოფრინავენ, ჩემი სამშობლოდან. ერთი სული მაქვს, როდის ვნახავ მათ. რაც უნდა მოხდეს დრაფტზე, ჩემთვის ეს იქნება საოცარი საღამო, მხოლოდ მათ გამო. 

USA TODAY: რაც კოლეჯი დაასრულეთ, როგორი გახდა თქვენი ცხოვრება?

მამუკელაშვილი: სეზონის დასრულებისთანავე კონტრაქტი გავაფორმე Excel Sports Management-თან. ამის შემდეგ მუდმივად ვვარჯიშობ, რომ უკეთესი კალათბურთელი გავხდე და NBA-ში თამაში დავიმსახურო. მაიამიში დღეში სამჯერ ვვარჯიშობდით, დარბაზში, პლაჟზე... სააგენტოს მადლიერი ვარ - კონცენტრირებული ვიყავი, რაში მოვისუსტებ და რა მაქვს გასაძლიერებელი. 

სანდრომ ჯამში NBA-ის 15 კლუბი დააინტერესა

USA TODAY: რომელ კანდიდატებთან ერთად ვარჯიშობდით?

მამუკელაშვილი: მარკუს ზეგაროვსკისთან, ეი ჯეი ლოუსონთან, ტრეი მერფისთან, აიო დოსუნმუსთან, ალპერენ სენგუნთან, სხვებთან... მათ უკვე ოჯახის წევრებად მივიჩნევ. მაიამიში ჩვენ ვცდილობდით ერთმანეთს დავხმარებოდით მიზნების მიღწევაში. მარკუს ზეგაროვსკი საოცარი ბიჭია. ადრე კარგად არ ვიცნობდი, ახლა ყოველდღე ვსაუბრობთ. 

USA TODAY: მაგრამ თქვენ ერთმანეთის წინააღმდეგაც გიწევთ თამაში...

მამუკელაშვილი: საერთო ჯამში, ყველაფერი ძალიან კარგად იყო. ყველანი გაცილებით კონკურენტუნარიანები ვართ ამ ვარჯიშების შემდეგ. 

USA TODAY: რაში გამოიხატება თქვენი პროგრესი სეზონის შემდეგ?

მამუკელაშვილი: ვფიქრობ, ჩემი სროლა უფრო სტაბილური გახდა, უფრო სწრაფად ვმოძრაობ მოედანზე, ჩემი "ვერტიკალი" უკეთესია და ეს ძალიან მომწონს. დარბაზს მიღმა ბევრი ვიშრომე იმისთვის, რომ დაცვითი ფუნქციები გამეძლიერებინა. ვიცი, რომ ხალხის ნაწილი ჩემს შესაძლებლობებს დაცვაში ეჭვის თვალით უყურებს. მარკუსს და აიოს ვიყვანდი ხოლმე, ეს კი ბევრს ნიშნავს. ყველაფერში ცოტ-ცოტა გავაუმჯობესე, მიმაჩნია, რომ სხვა კალათბურთელი ვარ, ვიდრე კოლეჯთა ლიგაში ვიყავი. თავად ვარ აღფრთოვანებული, რაც კლუბებს შევთავაზე ვორქაუთებზე. 

USA TODAY: "ბიგ ისტის" კონფერენციის წლის მოთამაშე ხართ. რას ნიშნავს ეს თქვენთვის?

მამუკელაშვილი: კოლეჯთა ლიგაში თავიდან ცოტას ვთამაშობდი, მაგრამ მწვრთნელს ჩემი მუდამ სჯეროდა. წარმოიდგინეთ სეზონების მიხედვით ჩემი მონაგარი: 2.6 ქულა - 8.9 ქულა - 11.9 ქულა - 17.5 ქულა. მაილს პაუელთან ერთად თამაში ბევრ რამეში დამეხმარა, გავაუმჯობესე სროლა. კონფერენციის წლის მოთამაშის პრიზი კი ამ დიდი შრომის ჯილდო იყო. 

USA TODAY: პანდემიის დროს კალათბურთზე კონცენტრირება შეძელით?

მამუკელაშვილი: ყველასგან შორს ვიყავი და მთლიანად კალათბურთზე კონცენტრირებული. პანდემია საშინელი დროება იყო, მაგრამ მართლა ძალიან დამეხმარა საკუთარ თავზე კონცენტრირებაში. 

USA TODAY: ბოლო სეზონში ასისტების პროცენტით (20.6) ქვეყანაში მე-13 პოზიციაზე იყავით მძიმე ფორვარდებს შორის...

მამუკელაშვილი: ტონი კუკოჩის, ნიკოლა იოკიჩის და ლამარ ოდომის დიდი ფანი ვარ. "დიდი ბიჭები", რომლებიც ბურთთან ახლო ურთიერთობაში არიან. ყოველთვის მსურდა, მოედანზე ყველაფრის კეთება შემძლებოდა. ევროპაში ვარ გაზრდილი, სადაც გუნდურ თამაშს დიდ ყურადღებას აქცევენ. ძალიან მიყვარს, როცა კალათბურთელი ეგოისტი არ არის. ყოველთვის ვეძებ მოედანზე იმას, ვისაც უკეთესი პოზიცია აქვს. ეს გუნდსაც ეხმარება და მეც მეხმარება.

USA TODAY: როგორ ფიქრობთ, როგორ აისახება ეს შემდეგ ეტაპზე?

მამუკელაშვილი: ვიმედოვნებ, რომ NBA-ში შევძლებ ვიყო "მაღალი", რომელიც ფლანგებზეც თამაშობს, სამქულიანებსაც აგდებს, მეტოქის ვარსკვლავებს პრესავს და თამაშობს ჭკვიანურად. ვფიქრობ, მოხსნაშიც ვივარგებ. როცა შანსი მომეცემა, მას გამოვიყენებ. 

USA TODAY: რამდენი ვორქაუთი გქონდათ და რას აკეთებდით ვარჯიშებზე?

მამუკელაშვილი: 11 თუ 12 ვორქაუთი მქონდა და 3 კიდევ დამრჩა დრაფტამდე. ვარჯიშებზე ვცდილობ, გუნდს ვანახო, რომ კონკურენტუნარიანი ვარ, რომ შემიძლია მოსმენა და მომატება. აქცენტს ჩემს ძლიერ მხარეებზეც ვაკეთებ და იმასაც ვცდილობ, რომ დაინახონ, როგორ მოვუმატე დაცვაში. ისინი ხომ მთელი სეზონი მაკვირდებოდნენ და ფიქრობენ, რომ ყველაფერი იციან ჩემზე. საოცარი იყო ამდენი გუნდის გამოვლა, ხელმძღვანელების გაცნობა, ბევრ კითხვაზე მივიღე პასუხი. ახლა უკვე ბევრი რამ ვიცი, რომელთა გამოყენებაც შემეძლება. მადლობა კლუბებს, რომ მენდნენ.

USA TODAY: ის, რომ თქვენზე მაღლა რეიტინგში სხვები არიან, მოტივაციას გმატებთ?

მამუკელაშვილი: 100%-ით! შეჯიბრი ჩემთვის ყველაფერია. სიმართლე გითხრათ, რეიტინგებს ხშირად არც ვნახულობ, რადგან ზოგჯერ ძალიან სასაცილოა. წარმოდგენა არ მაქვს, როგორ ხვდებიან ზოგიერთები ჩემზე მაღლა სიაში. თავმდაბალი ადამიანი ვარ, ვიცი, რომ სიაში არიან ისეთი ბიჭებიც, რომლებიც ნამდვილად უკეთესები არიან ჩემზე. ვფიქრობ, რომ დრაფტზე არჩევასაც ვიმსახურებ და პროფესიული კარიერის აწყობასაც. ვორქაუთებზე ხშირად მიწევს ისეთი მოთამაშეების წინააღმდეგ თამაში, რომლებიც რეიტინგებში მისწრებენ. სწორედ იქ სჯობს დამტკიცება, ვინ უკეთესია. 

USA TODAY: თავად დრაფტში "სად" ხედავთ თქვენს ადგილს?  

მამუკელაშვილი: როგორც ვთქვი, რეალობის შეგრძნებას არ ვკარგავ. ვიცი, რომ ახლა მე-2 წრის მოთამაშე ვარ, სადღაც შუაში. ვნახოთ. რეიტინგებში ყველას თავისი მოსაზრება აქვს. ზოგისთვის ეს გამაღიზიანებელია, თუმცა ჩემთვის დამატებით მოტივაციაა, როცა სათანადოდ არ მაფასებენ. მსურს იმ ხალხსაც დავუმტკიცო, რომელთაც ჰგონიათ, რომ ტოპ 60-ში ადგილს არ ვიმსახურებ. 

USA TODAY: რას ელით იმ გუნდისგან, რომელიც დრაფტზე აგირჩევთ?

მამუკელაშვილი: ჩემი სურვილია, რომ ისეთმა გუნდმა ამირჩიოს, რომელსაც ჩემი მონაცემების სჯერა და რომელსაც ჩემი განვითარება სურს. ყოველთვის მზად ვარ ახლის სწავლისთვის, მოსმენისთვის, სამაგიეროდაც სურვილი მაქვს, რომ გუნდი, რომელიც ამიყვანს, კარგად ხვდებოდეს ჩემ ძლიერ მხარეებს. დანარჩენი თავისით მოვა. ველოდები გუნდს, რომელსაც ჩემი სჯერა.

USA TODAY: დრაფტის საღამოს რას გეგმავთ?

მამუკელაშვილი: სერიოზულს არაფერს. ნიუ იორკში დეიდის სახლში შევიკრიბებით. ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად დაველოდები ტელეფონის ზარს, რომელიც, იმედი მაქვს, აუცილებლად იქნება. როგორც ვთქვი, დრაფტი, როგორც არ უნდა წარიმართოს, სახლში ამ საღამოს მაინც აღვნიშნავთ, რადგან მშობლებს დიდხანს ველოდი. ეს ძალიან განსაკუთრებული საღამო უნდა იყოს...

კომენტარები

ბოლო ამბები