Thumbnail

არცერთი ქართველი ძიუდოისტი ჩინეთის გრან პრიზე

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ჩინეთის გრან პრიზე ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადის სალიცენზიო ქულები გათამაშდება
  • საქართველოს ძიუდოს ფედერაციის განმარტებით, ამ ტურნირზე მონაწილეობა არ იგეგმებოდა

25-დან 27 მაისის ჩათვლით, ჩინეთის გრან პრი გაიმართება ძიუდოში. ტურნირში 49 ქვეყნის 385 ძიუდოისტი მიიღებს მონაწილეობას.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთის გრან პრიზე ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულები გათამაშდება.

ჩინეთის გრან პრიზე 22 სპორტსმენით იასპარეზებს რუსეთის ნაკრები, 28 ძიუდოისტი ეყოლებათ მონღოლებს, 19 ბრაზილიელებს, ხოლო ჩინეთი 56 ძიუდოისტით იქნება წარმოდგენილი.

საქართველოს ეროვნული ნაკრები ჩინეთის გრან პრის გამოტოვებს - ტურნირში არცერთი ქართველი ძიუდოისტი არ მიიღებს მონაწილეობას

აღნიშნულ საკითხზე კომენტარი ვთხოვეთ საქართველოს ძიუდოს ფედერაციის გენერალურ მდივან გიორგი ათაბეგაშვილს:

“საქართველოს ნაკრების გამგზავრება ჩინეთის გრან პრიზე თავიდანვე არ იყო დაგეგმილი. დღეს, ქართველი ძიუდოისტები იაპონიასა და სამხრეთ კორეაში არიან შეკრებაზე და ეს გეგმა ჯერ კიდევ წინა მწვრთნელის, ირაკლი ცირეკიძის მიერ იყო შედგენილი. ამიტომ, ჩინეთის ტურნირზე არ მივიღებთ მონაწილეობას. ნაკრებს ეყოლება ახალი მწვრთნელი და სამომავლო გეგმებს უკვე მასთან ერთად შევადგენთ.

თუ ვინ იქნება ნაკრების ახალი მწვრთნელი, დღეს ამაზე ვერ ვისაუბრებ. რაც შეეხება ქართულ ძიუდოში არსებულ კონფლიქტს, ვითარება მშვიდია და საქმე დიალოგისკენ მიდის. შექმნილია კომისია, რომელიც საკითხს სწავლობს და რომლის ფარგლებში გაჩენილ აბსოლუტურად ყველა კითხვას დავით ქევხიშვილმა გასცა პასუხი”    

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები უმწვრთნელოდაა. ევროპის ჩემპიონატზე წარუმატებელი ასპარეზობის შემდეგ, პოსტი ირაკლი ცირეკიძემ დატოვა. 

კომენტარები

ბოლო ამბები