Thumbnail

მარტო საკუთარ თავსა და ნოუ კამპთან | ინიესტას გამოსამშვიდობებელი რიტუალი

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • როგორ დაემშვიდობა ანდრესი მშობლიურ კლუბსა და სტადიონს - ეს ყველამ ვერ ნახა
  • 34 წლის ლეგენდის უცნაური და ამაღელვებელი საქციელი

კვირას ბარსელონას ნახევარმცველმა ანდრეს ინიესტამ კატალონიურ კლუბში თავისი უკანასკნელი მატჩი ჩაატარა. კაპიტანი კლუბსა და გულშემატკივრებს რეალ სოსიედადთან ლა ლიგის 38-ე ტურის შეხვედრით (1:0) დაემშვიდობა.

ინიესტა მატჩის 81-ე წუთზე შეცვალეს. ნახევარმცველმა კაპიტნის სამკლავური ლიონელ მესის გადაულოცა, გადაეხვია თანაგუნდელებს და ფანატთა აპლოდისმენტების თანხლებით დატოვა მოედანი. სათადარიგოთა სკამზე მჯდომარე ინიესტამ ცრემლები ვერ შეიკავა…

თამაშის დასრულების შემდეგ ანდრესმა ესპანეთის საჩემპიონო თასი აღმართა, კლუბის ქომაგს კი მიკროფონით მიმართა. ფეხბურთელმა გულშემატკივრებთან ყუთით თავისი მაისურები მიიტანა და დაურიგა.

ყველა ცერემონიალის დასრულების შემდეგ, ესპანელი ფეხბურთელი "კამპ ნოუს" კიდევ კარგა ხანს შემორჩა და მას შემდეგ, რაც არენა ფეხბურთელებისა და გულშემატკივრებისგან დაიცალა, გაზონზე ფეხშიშველი შევიდა. რეპორტიორებმა დააფიქსირეს, როგორ მოკალათდა ანდრესი მოედნის ცენტრალურ წრეში და ტელეფონით რამდენიმე სელფი გადაიღო.

მშობლიურ კლუბში ბოლო წუთები ინიესტამ ასე განმარტოებულმა გაატარა, "კამპ ნოუ" კი, ბარსელონას ფეხბურთელის რანგში, უკანასკნელად ღამის ორის ნახევარზე დატოვა. გასახდელისკენ მიმავალმა ანდრესმა ხელები მაღლა აღაპყრო...

ანდრეს ინიესტამ ბარსელონაში 22 წელიწადი გაატარა, აქედან 16 კი - მთავარ გუნდში. კატალონიური კლუბის მაისურით მან 32 ჯილდო მოიპოვა. ანდრესი 9-ჯერ ესპანეთის ჩემპიონი გახდა, 6-ჯერ ქვეყნის თასის, ხოლო 7-ჯერ სუპერთასის მფლობელი. ამასთან, ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვება 4-ჯერ იზეიმა. 

სავარაუდოდ, 34 წლის ფეხბურთელი კარიერას ჩინეთში ან იაპონიაში გააგრძელებს. ვრცელდება ხმები, რომ ანდრესის მოთამაშე-მწვრთნელად მიწვევა მანჩესტერ სიტიში ხოსეპ გვარდიოლასაც სურს.

კომენტარები

ბოლო ამბები