Thumbnail
  • 📅 24 ივლისი | 🏟 ბუდოკანი | ⌚ 08:00 | 🥋 ლუხუმ ჩხვიმიანი V მაკენზი/ჰუსეინოვი
  • ქართველმა ძიუდოისტებმა პარასკევს მორიგი ვარჯიში გამართეს
  • სავარჯიშო პროცესი შავდათუაშვილმა, გრიგალაშვილმა და ლიპარტელიანმა ჩაატარეს
  • ნაკრების მწვრთნელმა და კაპიტანმა წილისყრის შედეგები შეაფასეს
  • ოლიმპიადაზე ქართველი ძიუდოისტების მეტოქეთა ვინაობა ცნობილია

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ოლიმპიურ თამაშებში პირველივე დღიდან ერთვება - 24-დან 30 ივლისის ჩათვლით ქართველი ძიუდოისტები სხვადასხვა წონით კატეგორიებში ოლიმპიური მედლების მოპოვებას ეცდებიან.

პარასკევს, ქართველმა ძიუდოისტებმა მორიგი ვარჯიში გამართეს - გუნდმა არასრული შემადგენლობით კუდოკანის დარბაზში ივარჯიშა. ვარლამ ლიპარტელიანის, ტატო გრიგალაშვილის, ლაშა შავდათუაშვილისა და სხვების ვარჯიშს ბევრი სტუმარი ჰყავდა - მათ შორის ესპანეთის ძიუდოს ნაკრები და მათი ლიდერი, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ნიკოლოზ შერაზადიშვილი (90 კგ).

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ლაშა გუჯეჯიანის გადაწყვეტილებით სავარჯიშო პროცესი შავდათუაშვილმა (73 კგ), გრიგალაშვილმა (81 კგ) და ლიპარტელიანმა (100 კგ) ჩაატარეს, ნაკრების სხვა წევრებმა კი პარასკევის ვარჯიში გამოტოვეს.

ტატო გრიგალაშვილი 27 ივლისს იასპარეზებს და თავისი წონის ერთ-ერთი ფავორიტია

ოლიმპიადის პირველ საშეჯიბრო დღეს, 24 ივლისს ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ) იჭიდავებს, რომელიც ოლიმპიადაზე მეორე წრიდან ჩაერთვება. მისი მეტოქე ბრიტანელ ეშლი მაკკენზისა და აზერბაიჯანელ კარამატ ჰუსეინოვს შორის გამარჯვებული იქნება.

“წილისყრის შედეგებით კმაყოფილი ვარ - უკეთესს ალბათ ვერც ვისურვებდი. გუნდი აკლიმატიზაციის პროცესს გადის, ბიჭები ჯანმრთელად არიან და სრული დატვირთვით ვარჯიშობენ. დღეს გუნდის ნაწილი დავასვენეთ,” - განაცხადა ვარჯიშის შემდეგ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლაშა გუჯეჯიანმა და დასძინა: “მთავარია, ძიუდოისტებმა ოლიმპიადასთან დაკავშირებული ფსიქოლოგიური წნეხი დასძლიონ. ოლიმპიადაზეც ის სპორტსმენები ასპარეზობენ, რომლებსაც სხვა შეჯიბრებებიდან კარგად იცნობენ - არაფერი თვისობრივად აქ არ იცვლება, უბრალოდ, შეჯიბრს აქვს მაღალი სტატუსი. ამ კონკურენციაში თითოეულ მათგანს უასპარეზია წარმატებით და გამხდარა არაერთი პრესტიჟული ტურნირის გამარჯვებული. იმედი მაქვს, რომ ოლიმპიადაზეც ყველაფერი ძალიან კარგად იქნება“.

ვარლამ ლიპარტელიანი ოქროს მედლისთვის 29 ივლისს იბრძოლებს

ნაკრების კაპიტანმა ვარლამ ლიპარტელიანმა აღნიშნა, რომ რეიტინგში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე წილისყრის ასეთ შედეგებს გარკვეულწილად ელოდა. “ეს ოლიმპიადაა და თუ წარმატებაზე ფიქრობ, მზად უნდა იყო ყველასთან საბრძოლველად. ნებისმიერი მეტოქე დასაფასებელია და თითოეულ მეტოქესთან დაპირისპირებისთვის მაქსიმალური კონცენტრაციაა საჭირო,” - განაცხადა ლიპარტელიანმა.

კაპიტნის თქმით, საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული ნაკრები ჰყავს, რომელიც ყველა წონაში ძლიერი ძიუდოისტებითაა დაკომპლექტებული: “რა თქმა უნდა, იმედიანად ვართ განწყობილები. ოლიმპიადაზე ყველას წარმატება მინდა ვუსურვო და არამარტო ძიუდოისტებს. საქართველოს ოლიმპიური გუნდის თითოეულ წევრს გამარჯვებას ვუსურვებ“.

ძიუდოისტების ვარჯიში

📺 | ასე ემზადებიან ქართველი ძიუდოისტები - ექსკლუზიური კადრები ტოკიოდან 🔗 ვრცლად ნაკრებზე: bit.ly/JUD_tr

Posted by popsport on Friday, July 23, 2021

შეგახსენებთ, რომ ზაფხულის XXXII ოლიმპიური თამაშები იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე პერიოდში ჩატარდება. ოლიმპიადაში მონაწილეობას 205-მდე ქვეყნის დაახლოებით 11 ათასი სპორტსმენი მიიღებს, ქართული დელეგაცია კი 35 სპორტსმენით იქნება წარდგენილი.

კომენტარები

ბოლო ამბები