Thumbnail

ტოკიოში ძალიან ცხელა - რუსმა მშვილდოსანმა მზის დარტყმა მიიღო

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ტოკიოში მყოფმა რუსმა მშვილდოსანმა შესარჩევი ტურნირის დროს გონება დაკარგა
  • სვეტლანა გომბოევას პირველი დახმარება სხვა გუნდების მედიკოსებმა აღმოუჩინეს
  • 23 წლის სპორტსმენი იმედოვნებს, რომ ოლიმპიადაზე გამოსვლას შეძლებს

ტოკიოს ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპის შეჯიბრში გამოსვლისას, რუსი მშვილდოსანი სვეტლანა გომბოევა შეუძლოდ გახდა. როგორც ირკვევა, 23 წლის სპორტსმენმა მზის დარტყმა მიიღო, რის გამოც გონება დაკარგა და ძირს დაეცა. 

შეუძლოდ მყოფ სვეტლანასთან პირველები სხვა გუნდების - იტალიის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის ექიმები გაჩნდნენ და მას პირველი დახმარება აღმოუჩინეს. მოგვიანებით სპორტსმენი ოლიმპიურ სოფელში გადაიყვანეს, სადაც რუსი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. 

როგორც ირკვევა, რუსი მშვილდოსანის ცუდად გახდომის მიზეზი ჰაერის მაღალი ტემპერატურა გახდა, რასაც თან მაღალი ტენიანობაც ერთვის. მედიკოსების წინასწარი ვარაუდით, გომბოევა დასვენების, სათანადო რაოდენობის სითხის მიღებისა და გამოძინების შემდეგ, ტოკიოს თამაშებში ასპარეზობას ჩვეულებრივად გააგრძელებს. 

სვეტალანას პირველი დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს

"ოლიმპიური თამაშების პერიოდში ჩემი გვერდის განახლებას არ ვაპირებდი, მაგრამ ისეთი ვითარება შეიქმნა, რომ ჩემს გამო ბევრი ნერვიულობს. ნორმალურად ვარ, მაგრამ თავი ძალიან მტკივა. სროლა შემიძლია და ვისვრი კიდეც!” - დაწერა გომბოევამ სოციალურ ქსელში. 

სვეტალანა გომბოევამ შესარჩევ შეჯიბრში 630 ქულა მოაგროვა და 45-ე ადგილი დაიკავა. საუკეთესო შედეგი კი სამხრეთკორეელ სან ანს ჰქონდა, რომელმაც ოლიმპიური რეკორდი დაამყარა (680). 

ტოკიოს ოლიმპიური თამაშები ოფიციალურად 23 ივლისს გაიხსნება და 8 აგვისტოს დასრულდება. რუსეთის ოლიმპოური გუნდი თამაშებზე დროშის, ჰიმნისა და გერბის გარეშე გამოვა, რისი მიზეზიც ამ ქვეყანაში დოპინგთან დაკავშირებული პრობლემებია.

კომენტარები

ბოლო ამბები