Thumbnail
  • ⌚ 07:30 | 🏟 არიაკე | 🎾 ნიკოლოზ ბასილაშვილი V რობერტო ბაენა
  • ⌚ 08:00 | 🏟 ბუდოკანი | 🥋🏅 ლუხუმ ჩხვიმიანი V მაკენზი/ჰუსეინოვი
  • ⌚ 08:10 | 🏟 მაკუჰარი | 🤺🏅 სანდრო ბაზაძე V მოჰაბ სამერი
  • ⌚ 14:38 | 🏟 აკვატიკ სტ. | 🏊‍♂ ირაკლი რევიშვილი. I ჰითი
  • ⌚ 14:54 | 🏟 კოკუგიკანი | | 🥊 ესკერხან მადიევი V ლორენსო სოტომაიორი

24 ივლისიდან, ისევე, როგორც სპორტული დელეგაციების უმეტესობა, ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში ქართველი სპორტსმენებიც ჩაებმებიან. თუმცა ტოკიოში შეჯიბრებები უკვე 21 ივლისიდან დაიწყო - საქმეში ბეისბოლისტები და ქალი ფეხბურთელები ჩაებნენ. 

შაბათს, 24 ივლისს ტოკიოში 5 ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს: ნიკოლოზ ბასილაშვილი (ჩოგბურთი), ლუხუმ ჩხვიმიანი (ძიუდო), სანდრო ბაზაძე (ფარიკაობა), ესკერხან მადიევი (კრივი) და ირაკლი რევიშვილი (ცურვა). 

ქართული დელეგაცია გახსნის ცერემონიალზე

24 ივლისს ტოკიოში პირველი მედლები გათამაშდება - სულ 11 კომპლექტი სპორტის 7 სახოებაში. 

ნიკოლოზ ბასილაშვილი - ესპანელი პირველ წრეში

ჩოგბურთი (ერთეულები)

29 წლის ქართველი ჩოგბურთელი (მსოფლიო რეიტინგში 42) განუთესავია - ის პირველ წრეში ესპანელ რობერტო კარბალეს ბაენას (90) შეხვდება. ბასილაშვილისა და ბაენას თამაში არიაკეს საჩოგბურთო პარკის მე-4 კორტზე გაიმართება. თბილისის დროით (ყველგან ჩვენს დროს ვგულისხმობთ) დილის 6 საათზე ამ კორტზე ქალები, ნინა სტოიანოვიჩი (სერბეთი) და ნაო ჰიბინო (იაპონია) გავლენ. საშუალოდ სეტს 40 წუთი ესაჭიროება. ასე რომ, ნიკას თამაში დილას, 07:30-ზე ადრე ვერაფრით დაიწყება. 

ნიკოლოზს 28 წლის ესპანელთან დადებითი სტატისტიკა აქვს. ისინი ერთმანეთს ორჯერ შეხვდნენ და ორჯერვე გამარჯვება ქართველმა მოიპოვა. 2015 წლის 9 აპრილს, ნეაპოლის ჩელენჯერზე ბასილაშვილმა მეტოქეს სამ სეტში 6:3, 2:6, 7:6 აჯობა, ხოლო 2018 წელს ანტალიაში უფრო იოლად, ორ სეტში გაიმარჯვა - 6:2. 6:3. ასე რომ, ბასილაშვილი ტოკიოს ოლიმპიადის პირველ შეხვედრაში ფავორიტი იქნება.

სანდრო ბაზაძე - მეოთხედფინალში ფავორიტთან?

ფარიკაობა. ხმალი (ინდივიდუალური)

27 წლის ხმლით მოფარიკავე მსოფლიოს რეიტინგში მე-7 პოზიციაზეა. ბაზაძე ბრძოლას 1/32 ფინალიდან იწყებს. ვაჟთა შორის ხმლით მოფარიკავეთა ინდივიდუალური შეჯიბრების პირველი წრე კი "მაკუჰარი მესეს" მე-2 დარბაზში 04:30-დან იწყება. დისციპლინაში ოლიმპიური ჩემპიონი ამ დღესვე გამოვლინდება. ვიმედოვნებთ, რომ ბაზაძე ბადეს ბოლომდე შერჩება. ფინალური ორთაბრძოლა 16:15-ზეა დაგეგმილი. ტოკიოში სანდრო მე-8 ნორმად არის განთესილი. პირველ წრეში ბაზაძე 25-ე ნომერ ეგვიპტელ მოჰაბ სამერს შეხვდება. გამარჯვების შემთხვევაში, ქართველი მოფარიკავე ზიად ელ-სისისა (ეგვიპტე) და ვენიამინ რეშეტკინკოვს (როკ) შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. თუ ეს ეტაპიც გაიარა, დიდი შანსია, რომ ქართველი მეოთხედფინალში ოჰ სანგუკს (კორეა) შეხვდეს, რომელიც მსოფლიო რეიტინგში პირველია. 

ლუხუმ ჩხვიმიანი - პირველი მედალი?

ძიუდო. -60 კგ.

მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონი ლუხუმ ჩხვიმიანი კარგი რეიტინგის წყალობით, პირველი წრიდან თავისუფალია. მასთან ჭიდაობის უფლებისთვის ერთმანეთს ბრიტანელი ეშლი მაკენზი და აზერბაიჯანელი კარამატ ჰუსეინოვი დაუპირისპირდებიან. ლუხუმი მათ შორის გამარჯვებულს "ნიპონ ბუდოკანის" მე-2 ტატამიზე ნომერ მე-13 ორთაბრძოლაში დაუპირისპირდება. შეჯიბრება აქ დილის 6 საათიდან დაიწყება. მე-2 ტატამიზე სულ ვაჟთა ორთაბრძოლებია, თითოეულზე მინიმუმ 10 წუთი, რომ ვიგულისხმოთ, ქართველ ძიუდოისტს პირველად გასვლა სადღაც დილის 8 საათისთვის მოუწევს.

ესკერხან მადიევი - აზერბაიჯანელი მუჰამად ალის წინააღმდეგ

კრივი. -69 კგ

23 წლის ესკერხან მადიევი ოლიმპიურ ტურნირს 1/16 ფინალით იწყებს. ქართველი მოკრივის მეტოქე აზერბაიჯანელი ლორენსო სოტომაიორია. იგი წარმოშობით კუბელია, უკვე 36 წლისაა და რიოს ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორია. მისი მეტსახელი "აზერი მუჰამად ალია". ბრძოლა "კოკუგიკანში" 14:54-ზე გაიმართება. ესკერხანი ჩეჩნეთშია დაბადებული, ბავშვობა სტამბოლში გაატარა, საქართველოში კი 2011 წლიდან ცხოვრობს. 

ირაკლი რევიშვილი - აუზშიც ვიწყებთ

ცურვა. 400 მ (თავ. სტილი)

32 წლის ირაკლი რევიშვილი ტოკიოს საწყლოსნო ცენტრში სტარტზე პირველ ჰითში დადგება, ის მე-3 გზაზე იასპარეზებს. უშუალოდ ამ ჰითში იასპარეზებენ: იგორ მონე (მადაგასკარი), ედუარდო სისტერნასი (ჩილე) და ფილიპ დერკოსკი (მაკედონია). ამ ოთხეულში რევიშვილს მესამე შედეგი აქვს. სულ 5 ჰითი, დანარჩენ 4-ში 8-8 მონაწილით. ასე რომ, ფინალის 8 საგზურისთვის 36 მოცურავე იბრძოლებს (სამწუხაროდ, წინასწარი დროით ქართველი მხოლოდ ერთ სპორტსმენს სჯობს). რევიშვილის გაცურვა 14:38-ზე დაიწყება. 

ტოკიო 2020: 24 ივლისის მთავარი მოვლენები

შაბათს, ტოკიოში მედლები გათამაშდება მშვილდოსნობაში (გუნდური მიქსტი), ველოსპორტში (ვაჟები შოსე), ფარიკაობაში (ქალები დაშნა და ვაჟები ხმალი), ძიუდოში (ქალები, -48 კგ და ვაჟები, -60 კგ), ტყვიის სროლაში (10 მ. პნევმატური, ვაჟები და 10 მ. პნევმატური შაშხანა, ქალები), ტაეკვონდოში (ქალები, -49 კგ და ვაჟები, -58 კგ) და ძალოსნობაში (ქალები, -49 კგ). ჯამში 7 სახეობაში მედლების 11 კომპლექტი გათამაშდება. 

კომენტარები

ბოლო ამბები