Thumbnail

"დინამო არენაზე" უეფას კონფერენსლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში საქართველოს ჩემპიონმა დინამო თბილისმა ისრაელის მაკაბი ჰაიფას უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. საპასუხო მატჩი ჰაიფას "სამი ოფერზე" 29 ივლისს გაიმართება. 

ცხადაძის გუნდმა ევროთასებზე ზედიზედ მე-3 მატჩი წააგო ანგარიშით 1:2

მეტოქემ ანგარიში უკვე მე-8 წუთზე გახსნა - ბენიომ თავით ცუდად გამოიტანა ბურთი საჯარიმოდან, სტუმრებმა ის უკან შეაბრუნეს და ომერ ატცილიმ ერთი შეხებით გაიტანა ომარ მიგინეიშვილის კარში. პირველ ტაიმში საერთო ჯამში, თანაბარი თამაში იყო, თუმცა დინამო, რომელიც აგებდა, საგოლე მომენტებს ვერ ქმნიდა. 

მაკაბიმ 66-ე წუთზე მეორე გოლი გაიტანა, რაზ მეირმა მარჯვენა ფლანგიდან ჩააწოდა, დინ დავიდს ბურთის მიღებაში ხელი ვერ შეუშალა, მან მიგინეიშვილს ახლო მანძილიდან გაუტანა - 0:2. დინამოს თამაში შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა გამოაცოცხლეს, ეს განსაკუთრებით მორჩილაძეზე და ქავთარაძეზე ითქმის. 

89-ე წუთზე დინამომ ერთი გაქვითა - კუთხურს ბენიოს თავური მოჰყვა, რომელიც მისდა უნებურად, საგოლე პასი გამოდგა - გოლი გიორგი პაპავამ გაიტანა. 

შეგახსენებთ, რომ დინამო ჩემპიონთა ლიგაში ბაქოს ნეფთჩისთან ორივე შეხვედრაში ერთნაირი ანგარიშით (1:2) დამარცხდა. ჩემპიონთა ლიგიდან გადმოსულია მაკაბიც, რომელიც ყაზახეთის ჩემპიონ ალმატის ყაირატთან გამოვარდა. 

იმ შემთხვევაში თუ დინამო თბილისი შეძლებს ებრაული ბარიერის გადალახვას, მესამე ეტაპზე პოდგორიცას ბუდოჩნოსტსა (მონტენეგრო) და ტორსჰავნს (ფარერები) შორის გამარჯვებულს შეხვდება.

დინამო თბილისი 1:2 მაკაბი ჰაიფა

დინამო თბილისი (3-4-2-1): მიგინეიშვილი - ხვადაგიანი (70. კობოური), პაპავა, ბენიო - სპორკსლედე, ქარდავა (46. მექვაბიშვილი), როდინი (78. მორჩილაძე), ხარაბაძე - კუცია (70. ქავთარაძე), გაბედავა (46. ოსეი) - მარუშიჩი

მაკაბი ჰაიფა (4-3-3): კოენი - მეირი, გერშონი, პლანიჩი (84. დაჰანი), მენაჩემი - აბუ ფანი, ხოსე როდრიგესი, ჩერი (71. ლევი) - ატცილი (66. დავიდი), დონიო (63. საჰარი), ჰაზიზა (84. აშკენაზი) 

კომენტარები

ბოლო ამბები