Thumbnail

დასანანი გოლი მატჩის ბოლოს - დინამო ბათუმი ბატე-სთან დამარცხდა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

საქართველოს ჩემპიონის შემდეგუეფას კონფერენსლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე ვიცე-ჩემპიონიც დამარცხდა - დინამო ბათუმმა ბორისოვოს ბატე-სთან მინიმალური ანგარიშით, 0:1 წააგო.

მატჩს 10 000-ზე მეტი მაყურებელი დაესწრო - იმის მიუხედავად, რომ ბათუმში ფეხბურთისთვის შესაფერისი ამინდი არ ყოფილა და თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში ძალიან ძლიერად წვიმდა.

ბათუმელი გულშემატკივრების შთამბეჭდავი პერფორმანსი მატჩის დაწყებამდე

პირველ ტაიმში დინამო ბათუმი უპირატესობას ფლობდა, პირველ ნომრად თამაშობდა, ხოლო ბატე კი მეტოქეს საკუთარ ნახევარზე ელოდებოდა, თავს დიდი ძალებით იცავდა და შანსს კონტრშეტევებზე ელოდა, რაც სხვათა შორის, ბელარუსებმა მიიღეს კიდეც, მაგრამ ერთხელ ლაზარე კუპატაძემ ითამაშა კარგად, ერთხელაც ოლეკსანდრ აზაცკიმ შემტევის სახიფათო დარტყმა ბოლო მომენტში დაბლოკა.

თავის მხრივ, დინამო ბათუმსაც შეეძლო გოლის გატანა. კარგი შანსები ჯაბა ჯიღაურმა და ფლამარიონ ჯოვინომ მიიღეს, მაგრამ ზუსტად ვერ დაარტყეს. ერთხელაც მარცხენა ფლანგიდან ჯოვინომ ჩააწოდა ძალიან სახიფათოდ, თუმცა ბელარუსმა მცველებმა სიტუაციის განმუხტვა ბოლო მომენტში შეძლეს და კარის წინ მარტო მყოფ გიორგი ფანცულაიას არ დაარტყმევინეს. პირველი ტაიმის ბოლოს დინამო ბათუმი პენალტს ითხოვდა და ამის საფუძველი ნამდვილად არსებობდა, მაგრამ ყაზახმა არბიტრმა არტიომ კუჩევმა წესის დარღვევა არ დააფიქსირა.

თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში ძლიერად წვიმდა

მე-2 ტაიმში პირველი სახიფათო მომენტი ბატე-ს მიეცა - სიგნევიჩმა სტანდარტის შემდეგ თავით დაარტყა და ბურთი კარს ასცდა. ბათუმელებმა მეტოქეს 59-ე წუთზე უპასუხეს, როდესაც შეცვლაზე შესულმა გიორგი ზარიამ დაარტყა, მაგრამ არაზუსტად. აი, 61-ე წუთზე კი ყველაზე რეალური მომენტი შეიქმნა, ოღონდ ბათუმელთა კართან: ბორისოვოელთა შეტევას ნეხაიჩიკი ხელსაყრელი პოზიციიდან ასრულებდა, მაგრამ კუპატაძე მოწოდების სიმაღლეზე იყო და ბურთი კუთხურზე მოიგერია. ამ ფეხბურთელების დუელი 71-ე წუთზეც შედგა და გამარჯვებული ისევ ქართველი მეკარე გამოვიდა. ზოგადად, მეორე ნახევარში სტუმრები უფრო მწვავედ უტევდნენ, ბათუმელთა დაცვის ხაზში სივრცეებს პოულობდნენ.

ამ ყველაფერმა შედეგი თამაშის დასრულებამდე 7 წუთით ადრე გამოიღო. სიგნევიჩი კიდევ ერთხელ გავიდა იოლად დასარტყმელ პოზიციაზე, დაარტყა კიდეც, ბურთი ძელს მოხვდა, მაგრამ იქვე პაველ ნეხაიჩიკი იყო, რომელმაც ცარიელ კარში ბურთის გადაგზავნა მოახერხა და მატჩის ბედი გადაწყვიტა. ამრიგად, დინამო ბათუმმა ბატე-სთან საკუთარ მოედანზე 0:1 წააგო და არცთუ ისე კარგ ვითარებაში აღმოჩნდა, რადგან სტუმრად აუცილებლად მოსაგები აქვს.

დინამო ბათუმისა და ბატე-ს საპასუხო შეხვედრა ზუსტად ერთ კვირაში, 29 ივლისს, ბორისოვოში გაიმართება. გეგუჩაძის გუნდი ბატე-ს დამარცხების შემთხვევაში, მესამე ეტაპზე პეტროკუბსა (მოლდოვა) და სივასპორს (თურქეთი) შორის მოგებულს დაუპირისპირდება.

დინამო ბათუმი 0:1 ბატე

გოლი: 0:1 ნეხაიჩიკი (83)

დინამო ბათუმი (4-2-3-1): კუპატაძე - ჩაბრაძე, კობახიძე, აზაცკი, აზაროვი - ტეიდი, ალთუნაშვილი (87. მანჯგალაძე) - მამუჩაშვილი (58. ზარია), ჯოვინო (80. სანოგო), ჯიღაური (86. ნავალოვსკი) - ფანცულაია (59. გაფრინდაშვილი)

ბატე (4-4-2): ჩიჩკანი - ნეჩაევი, ი. ფილიპოვიჩი, ა. ფილიპოვიჩი, ვოლოდკო (46. ბორდაჩევი) - უმაროვი (90. ბესმერტნი), იაბლონსკი, კარასევი, ნეხაიჩიკი - სიგნევიჩი, მილიჩი (72. იუსოვი)

კომენტარები

ბოლო ამბები