Thumbnail

ოლიმპიადა | რიშარლისონის ჰეთ-თრიკი გერმანიასთან და სენსაციები ტოკიოში

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ოლიმპიადაზე საფეხბურთო ტურნირი დაიწყო
  • ბრაზილიამ გერმანიას მოუგო და რამდენიმე სენსაციაც დაფიქსირდა

ტოკიოში ზაფხულის ოლიმპიური თამაშები ოფიციალურად ჯერ არ გახსნილა, მაგრამ საფეხბურთო ტურნირი უკვე დაიწყო და პირველი ტურის მატჩებიც გაიმართა, სადაც რამდენიმე ხმაურიანი სენსაციაც დაფიქსირდა.

პირველი ტურის მთავარი შეხვედრა D ჯგუფში გაიმართა, სადაც ერთმანეთს წინა ოლიმპიადის ფინალისტები, ოქროსმედალოსანი ბრაზილია და ვერცხლისმედალოსანი გერმანია დაუპირისპირდნენ. სამხრეთამერიკელები იაპონიაში საკმაოდ ძლიერი შემადგენლობით ასპარეზობენ და ტურნირიც კარგად დაიწყეს.

ლივერპულის ევერტონის თავდამსხმელმა რიშარლისონმა 30 წუთი მოანდომა იმას, რომ ჰეთ-თრიკი შეესრულებინა. ტაიმის ბოლოს ბრაზილიას მე-4 გოლის გატანაც შეეძლო, მაგრამ მათეუს კუნიამ პენალტის გატანა ვერ მოახერხა. თითქოს ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, თუმცა გერმანელებმა მეორე ნახევარში თამაშის დაძაბვა მაინც მოახერხეს - ნადიმ ამირიმ და რაგნარ ახემ თამაშის დასრულებამდე 7 წუთით ადრე სხვაობა მინიმუმამდე შეამცირეს. აღსანიშნავია, რომ გერმანელებმა მატჩის ბოლო ნახევარი საათი, მაქსიმილიან არნოლდის გაძევების გამო, რიცხობრივ უმცირესობაში გაატარეს. გერმანიამ სასწაულის მოხდენა ვერ მოახერხა და მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში პაულინიომ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 4:2. ამრიგად, ბრაზილიამ, როგორც რიოში გამართულ ფინალში, ამჯერადაც მოახერხა გერმანიის დამარცხება. სხვათა შორის, ბრაზილიის ნაკრების რიგებში 90 წუთი ითამაშა 38 წლის დანი ალვეშმა.

რიშარლისონმა ოლიმპიადა ჰეთ-თრიქით დაიწყო

ამავე ჯგუფში კოტ დ'ივუარის ნაკრებმა ფრანკ კესის ეფექტური გოლით საუდის არაბეთი 2:1 დაამარცხა. სენსაციები დაფიქსირდა C ჯგუფში, სადაც ორი ფავორიტია - არგენტინა და ესპანეთი, მაგრამ ვერცერთმა მოიგო. ესპანელები ოლიმპიადაზე საკმაოდ კარგი შემადგენლობით არიან, მაგალითად ევროპის ჩემპიონატის შემადგენლობიდან რამდენიმე ფეხბურთელია - მათ შორის დანი ოლმო, მიკელ ოიარზაბალი, პაუ ტორესი, ერიკ გარსია, უნაი სიმონი და პედრი, მაგრამ "ფურია როხამ" ეგვიპიტის ძლევა ვერ შეძლო და ნულოვან ფრეს დასჯერდა. არგენტინა კი სულაც დამარცხდა - ავსტრალიის ნაკრებისგან 2 უპასუხო გოლი გაუშვა.

A ჯგუფში საფრანგეთის ნაკრები, რომელიც ერთ-ერთი ფავორიტია, მექსიკასთან 1:4 განადგურდა, რაც ცხადია დიდი მოულოდნელობაა, ხოლო მასპინძელმა იაპონიამ სამხრეთ აფრიკას 1:0 აჯობა. დაბოლოს B ჯგუფი, რომელიც სხვა ჯგუფებთან შედარებით ჩრდილშია მოქცეული - ახალმა ზელანდიამ სამხრეთ კორეას და რუმინეთმა ჰონდურასს 1:0 მოუგეს.

ბრაზილია 3:2 გერმანია

გოლები: 1:0 რიშარლისონი (7), 2:0 რიშარლისინო (22), 3:0 რიშარლისონი (30), 3:1 ამირი (57), 3:2 ახე (83), 4:2 პაულინიო (90)

ბრაზილია (4-4-2): სანტოსი - დანი ალვეში, ნინო, კარლოსი, არანა - ა. სანტოსი (73. პაულინიო), გიმარაეში, დუგლას ლუისი, კლაუდიონიო (65. მალკომი) - კუნია, რიშარლისონი (74. რეინიერი)

გერმანია (4-3-3): მიულერი - ჰენრიხსი, პიეპერი (46, ტორუნარიგა), უდუოხაი, რაუმი - მაიერი, სტახი (80. შლოტერბეკი), არნოლდი - რიხტერი (68. ლოვენი), კრუზე  (68. ახე), ამირი (73. ტოიხერტი)

კომენტარები

ბოლო ამბები