Thumbnail

მერაბ შარიქაძე შავ ლომში - ქართულმა გუნდმა ბორჯღალოსნების კაპიტანი დაიმატა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ევროპის სუპერთასზე ითამაშებს
  • შავმა ლომმა ახალი ტურნირისთვის შუამარბის პოზიციაზე 4 მორაგბე დაასახელა

პირველმა ქართულმა პროფესიულმა ფრენჩაიზმა “შავი ლომი”, რომელიც სექტემბრიდან ახალ საკლუბო ტურნირში (რაგბი ევროპის სუპერთასი) ჩაერთვება, მორიგი მორაგბეები წარადგინა. ამჯერად, საუბარია შუამარბებზე, რომელთაგან პირველ რიგში “ბორჯღალოსნების” კაპიტანი მერაბ შარიქაძე უნდა გამოვარჩიოთ.

28 წლის შარიქაძეს კარიერის უმეტესი ნაწილი საფრანგეთში – ბურგ-ან-ბრესსა და ორილიაკში აქვს გატარებული, ამჯერად კი, ქართული კლუბის ღირსებას დაიცავს. მერაბი “ბორჯღალოსნების” რიგებში 2012 წლიდან თამაშობს და ზურგს 63 კეპი უმაგრებს.

შარიქაძის გარდა, “შავი ლომის” ცენტრებს შორის დემურ თაფლაძეს, ლაშა ლომიძესა და გურამ ქანდაურაშვილს ვიხილავთ, რომელთაც საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებში თამაშის გამიცდილება ასევე გააჩნიათ. ამგვარად, უკვე ცნობილია ქართული ფრენჩაიზის შემადგენლობის უმეტესი ნაწილი. დარჩენილია მხოლოდ გარემარბებისა და ფულბექების დასახელება.

მეხუთე ოთხი ⚫️🦁🏉 #შუამარბები #ცენტრები

Posted by შავი ლომი . Black Lion on Thursday, July 22, 2021

პირველი ხაზი: მიხეილ ორაგველიძე, გოგა ქადარია, ნიკა ხატიაშვილი, შალვა მამუკაშვილი, გიორგი ხუროშვილი, თენგიზ ზამთარაძე, დავით ლაზვიაშვილი, გიორგი პერტაია, ნიკა პატარაია.

მეორე ხაზი: ნოდარ ჭეიშვილი, ლაშა ჯაიანი, მიხეილ ბაბუნაშვილი, იოსებ გუშარაშვილი, დავით გიგაური.

მესამე ხაზი: გიორგი თხილაიშვილი, ნიკო აფციაური, ლუკა ივანიშვილი, სანდრო მამამთავრიშვილი, თორნიკე აქუბარდია.

ღერძი: თენგიზ პერანიძე, გიორგი ბეგაძე, გიორგი ბაბუნაშვილი, დავით მოძღვრიშვილი.

შუამარბები: მერაბ შარიქაძე, დემურ თაფლაძე, ლაშა ლომიძე, გურამ ქანდაურაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ახალ ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ევროპული კლუბები, ასევე – ფრენჩაიზები. პირველი სუპერთასისთვის რვა გუნდი იბრძოლებს – თითო საქართველოდან, ბელგიიდან, ესპანეთიდან, პორტუგალიიდან, ნიდერლანდებიდან და ისრაელიდან, ორი რუსეთიდან. საწყის ეტაპზე მონაწილე გუნდები რეგიონალური პრინციპით ორ კონფერენციად დაიყოფიან.

აღმოსავლეთ კონფერენციაში ითამაშებენ: შავი ლომი (საქართველო), ენისეი (რუსეთი), ლოკომოტივი პენზა (რუსეთი), თელავივ ჰითი (ისრაელი). დასავლეთ კონფერენციაში მოხვდნენ: ბრიუსელს დევილზი (ბელგია), დელტა (ნიდერლანდები), ლუსიტანოს XV (პორტუგალია), იბერიანზი (ესპანეთი).

ევროპის სუპერთასის ჯგუფური ეტაპი სექტემბერში დაიწყება. გუნდები შინ და გარეთ ექვს ტურს ითამაშებენ – ორ-ორს სექტემბერში, ოქტომბერში და დეკემბერში. თითოეული კონფერენციის ორ-ორი მოწინავე ნახევარფინალში გავა და პირველადგილოსნები მეორეებს აპრილში ეთამაშებიან, ფინალი კი მაისში გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები