Thumbnail

კორონავირუსის ახალი შემთხვევები ოლიმპიადაზე - რუსი მოცურავე შინ ბრუნდება

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი

ზაფხულის ოლიმპიური თამაშების გახსნამდე ერთი დღით ადრე, ორგანიზატორებმა დაადასტურეს, რომ ოლიმპიადაზე კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. საორგანიზაციო კომიტეტის მიერ ხუთშაბათს გამოქვეყნებულ მიმოხილვაში ვკითხულობთ, რომ კოვიდ-19-ით ინფიცირებულებს შორის 2 ათლეტია, რომლებიც ოლიმპიურ სოფელში ცხოვრობდნენ. ამრიგად, ინფიცირებულთა რაოდენობა 1 ივლისიდან დაწყებული ტესტირების შემდეგ 87-მდე გაიზარდა.

გაირკვა, რომ ერთ-ერთი სპორტსმენი რუსი მოცურავე, ევროპის ჩემპიონი ილია ბოროდინია. 18 წლის მოცურავეს, რომელმაც მაისში, ბუდაპეშტში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე 400-მეტრიან დისტანციაზე ოქროს მედალი მოიპოვა, სიმპტომები არ აღენიშნება, მაგრამ ტესტირების შედეგად კორონავირუსი დაუდგინდა. მას 4 სპორტსმენთან ჰქონდა კონტაქტი, რომლებმაც კარანტინში გადაინაცვლეს.

როგორც იცით, რუსეთი დოპინგის უმკაცრესი სანქციების გამო ტოკიოს თამაშებზე სპორტსმენების შეზღუდული რაოდენობითაა წარმოდგენილი. რუსი სპორტსმენები ოლიმპიადაზე ქვეყნის სახელის, დროშისა და გერბის გარეშე იასპარეზებენ, გამარჯვების შემთხვევაში კი რუსეთის ჰიმნიც არ აჟღერდება.

შეგახსენებთ, რომ ზაფხულის XXXII ოლიმპიური თამაშები იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე პერიოდში ჩატარდება. ოლიმპიადაში მონაწილეობას 205-მდე ქვეყნის დაახლოებით 11 ათასი სპორტსმენი მიიღებს, ქართული დელეგაცია კი 35 სპორტსმენით იქნება წარდგენილი.

კომენტარები

ბოლო ამბები