Thumbnail

ქართველმა ძიუდოსტებმა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მეტოქეთა ვინაობა შეიტყვეს და შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი დელეგაციისთვის წილისყრა ცუდი არ ყოფილა. საერთო ჯამში, ქართველი სპორტსმენების ბადეები მისაღებად უნდა ჩავთვალოთ. კონკრეტულად, წონების მიხედვით, ასეთი სურათი მივიღეთ.

60 კგ-მდე წონით კატეგორიაში ლუხუმ ჩხვიმიანი ბრძოლას მე-2 წრიდან დაიწყებს, სადაც ბრიტანელ ეშლი მაკკენზისა და აზერბაიჯანელ კარამატ ჰუსეინოვს შორის უმჯობესს შეხვდება. თუკი ლუხუმმა იმარჯვა, მეოთხედფინალში, სავარაუდოდ, იაპონელ ნაოჰისა ტაკატოს გაეჯიბრება.

66 კგ-ში საწყის რაუნდში ასევე თავისუფალია ვაჟა მარგველაშვილი, რომელიც რუსეთის ოლიმპიური ნაკრების წევრ იაკუბ შამილოვისა და გერმანელი სებასტიან სეიდლის ორთაბრძოლაში გამარჯვებულს დაელოდება. 

გურამ თუშიშვილი და ლაშა შავდათუაშვილი ტოკიოში
📷 | საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი

2012 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი ასპარეზობას აგრეთვე მე-2 წრიდან დაიწყებს, სადაც მეტოქედ ბრაზილიელ ედაურდო ბარბოსასა და ფრანგ გილიომ ჩაინეს შორის უმჯობესი ეყოლება. შეიძლება ითქვას, რომ ლაშას ყველაზე მეტად გაუმართლა, რადგანაც ნახევარფინალამდე წონის ლიდერთაგან შესაძლოა, მხოლოდ კანადელ არტურ მარგელიდონს გადაეყაროს და უდავოა, რომ მასთანაც ფავორიტი იქნება.

81 კგ-მდე წონით კატეგორიაში საქართველოს ღირსებას ტატო გრიგალაშვილი დაიცავს, რომელიც მე-2 რაუნდში გუამელ ჯოშტერ ენდრიუსა და ტაჯიკ აკმალ მუროდოვს შორის უმჯობესს დაუპირისპირდება. სავარაუდოა, რომ ნახევარფინალის გზაზე ტატოს ყველაზე რთული მეტოქე მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონი საეიდ მოლაეი იქნება, რომელიც უკვე არა ირანის, არამედ მონღოლეთის სახელით გამოდის.

90 კგ-ში ლაშა ბექაური მე-2 რაუნდში ძალებს პოლონელ პიოტრ კუჩერასთან მოსინჯავს, წარმატების შემთხვევაში კი, ჩეხ დავიდ კლამერტსა და ებრაელ ლი კოჩმანს შორის გამარჯვებულს შეხვდება. თუკი ბექაურმა ნახევარფინალამდე მისვლა მოახერხა, დიდი შანსია, იქ ესპანეთის ნაკრების ლიდერ ნიკოლოზ შერაზადიშვილს შეხვდეს.

100 კგ-ში პირველი განთესვა აქვს რიოს 2016 წლის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორ ვარლამ ლიპარტელიანს. ის სასტარტო რაუნდში ისვენებს, შემდეგ კი, პაკისტანელ ჰუსაინ შაჰისა და ეგვიპტელი რამადან დარვიშის ორთაბრძოლაში გამარჰვებულს შეხვდება და წესით, წინსვლა არ უნდა გაუჭირდეს.

მძიმე წონით კატეგორიაში (+100 კგ.) გურამ თუშიშვილი ბრძოლას ასევე მე-2 წრიდან იწყებს და ტაჯიკი ტემურ რახიმოვისა და კუბელი ენდი გრანდას ორთაბრძოლის დასრულებას დაელოდება. თუკი გურამმა ნახევარფინალამდე მისვლა მოახერხა, დიდია ალბათობა, იქ ლეგენდარულ ფრანგს, 2-გზის ოლიმპიურ, 10-გზის მსოფლიო და 5-გზის ევროპის ჩემპიონ ტედი რინერს გაეჯიბროს.

საქართველოს ნაკრები 2 ძიუდოისტითაა წარდგენილი ქალთა ტურნირში. ტატიანა ლევიცკა-შუკვანი (52 კგ.) ოლიმპიადაში ჰაიტელ საბიანა ანესტორთან შეხვედრით ჩაებმება, შემდეგ კი გაცილებით სერიოზული მეტოქე ელის პირველი განთესვის მქონე ფრანგი ამანდინ ბუშარის სახით. ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ.) პირველ ორთაბრძოლას ანგოლელ დიასონემა მუკუნგუისთან ჩაატარებს და თუკი იმარჯვა, ძალებს გერმანელ ტერესა სტოლთან მოსინჯავს.

შეგახსენებთ, რომ ზაფხულის XXXII ოლიმპიური თამაშები იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე პერიოდში ჩატარდება, კონკრეტულად, ძიუდოს ტურნირი კი 24-31 ივლისს გაიმართება. ოლიმპიადაში მონაწილეობას 205-მდე ქვეყნის დაახლოებით 11 ათასი სპორტსმენი მიიღებს, ქართული დელეგაცია კი 35 სპორტსმენით იქნება წარდგენილი.

კომენტარები

ბოლო ამბები