Thumbnail

ცუდად ხუმრობდა! ოლიმპიადის გახსნის კრეატიული დირექტორი მოხსნეს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის დირექტორი გაათავისუფლეს
  • მიზეზი ის არის, რომ იგი ჰოლოკოსტზე ხუმრობდა

ტოკიოს თამაშების ორგანიზატორებმა ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის კრეატიული დირექტორი კენტარო კობაიაში თანამდებობიდან გაათავისუფლეს და ეს ყველაფერი თამაშების გახსნამდე ერთი დღით ადრე!

გადაწყვეტილება ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის შეფმა, სეიკო ჰაშიმოტომ საზოგადოებას დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ამცნო. კობაიაშის მოხსნის მიზეზი იუმორისტული ნაწარმოებია, რომელშიც კობაიაში წლების წინ ჰოლოკოსტზე ხუმრობდა.

ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ტოშირო მუტომ განაცხადა, რომ ახლა გახსნის ცერემონიალის აბსოლუტურად ყველა დეტალი უნდა გადაიხედოს და გადამოწმდეს. გახსნამდე ერთი დღით ადრე კრეატიული დირექტორის გათავისუფლება ოლიმპიადის ორგანიზატორებისთვის დიდი დარტყმაა.

გადაწყვეტილება საზოგადოებას ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის შეფმა სეიკო ჰაშიმოტომ ამცნო

მანამდე, გახსნის ცერემონიის კომპოზიტორი კეიგო ოიამადაც გადადგა, მიზეზი კი სკოლის პერიოდში შშმ ბავშვების ბულინგია. აღნიშნული ამბავი ადრინდელი ჟურნალიდან გაირკვა, სადაც ის სკოლაში სიარულის დროს ბულინგზე საუბრობდა. ახლა უკვე 52 წლის კომპოზიტორმა ორშაბათს განაცხადა, რომ ოლიმპიადის კრეატიული გუნდიდან მიდიოდა. ოიამადამ, რომელსაც Cornelius-ის სახელითაც იცნობენ, ბოდიში მოიხადა და თანამდებობა დატოვა. “ვწუხვარ, რომ ოიამადასთან თანამშრომლობის ნაადრევად დასასრულებლად ამდენი დრო დაგვჭირდა,” - აღნიშნა ჰაშიმოტომ ხუთშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე.

შეგახსენებთ, რომ ზაფხულის XXXII ოლიმპიური თამაშები იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე პერიოდში ჩატარდება. ოლიმპიადაში მონაწილეობას 205-მდე ქვეყნის დაახლოებით 11 ათასი სპორტსმენი მიიღებს, ქართული დელეგაცია კი 35 სპორტსმენით იქნება წარდგენილი.

კომენტარები

ბოლო ამბები