Thumbnail
  • ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე რობერტო კარბალეს ბაენა იქნება
  • ქართველ ჩოგბურთელს ის ორჯერ ჰყავს დამარცხებული
  • ტოკიოს ოლიმპიადაზე ჩოგბურთის ტურნირი 24 ივლისს დაიწყება

ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქის ვინაობა ცნობილია. წილისყრის შედეგად გაირკვა, რომ ქართველი ჩოგბურთელი ესპანელ რობერტო კარბალეს ბაენას დაუპირისპირდება.

ნიკოლოზს 28 წლის ესპანელთან დადებითი სტატისტიკა აქვს. ისინი ერთმანეთს ორჯერ შეხვედრიან და ორჯერვე გამარჯვება ქართველმა მოიპოვა. 2015 წლის 9 აპრილს, ნეაპოლის ჩელენჯერზე ბასილაშვილმა მეტოქეს სამ სეტში 6:3, 2:6, 7:6 აჯობა, ხოლო 2018 წელს ანტალიაში უფრო იოლად, ორ სეტში იმარჯვა - 6:2. 6:3. ამგვარად, ბასილაშვილი ტოკიოს ოლიმპიადის პირველ შეხვედრაში ფავორიტი იქნება.

ATP-ის მსოფლიო რეიტინგში ბასილაშვილი ამჟამად 42-ე ნომერია, ხოლო კარბალეს ბაენა 90-ე პოზიციაზეა. მომავალი შეხვედრა 24 ივლისს, თბილისის დროით დილის 6 საათზე დაიწყება. იმ შემთხვევაში თუ ნიკოლოზი ოლიმპიური თამაშების პირველ წრეს გადალახავს, 1/16-ფინალში იაპონელი ტარო დანიელისა და იტალიელი ლორენცო სონეგოს წყვილში საუკეთესოს გაეჯიბრება. 

ბასილაშვილი ოლიმპიადაზე პირველ მატჩს 24 ივლისს გამართავს

ბასილაშვილმა მონაწილეობა 2016 წელს ბრაზილიის ქალაქ რიოში გამართულ ოლიმპიადაშიც მიიღო, თუმცა, იქ პირველივე წრეში მე-11 ნომრად განთესილ ურუგვაელ პაბლო კუევასთან 3:6, 7:6 (8:6), 3:6 წააგო. შეგახსენებთ, რომ ბოლო 2 ოლიმპიური თამაშები ბრიტანელ ენდი მარეის აქვს მოგებული, რომელსაც ტოკიოშიც ვიხილავთ, თუმცა, პირველივე წრეში მძიმე მატჩი ელის კანადელ ფელიქს ოჟიე-ალიასიმთან.

ოლიმპიურ თამაშებზე ჩემპიონობისთვის 35 ქვეყნის წარმომადგენელი 64 ჩოგბურთელი იბრძოლებს. ტურნირი 24 ივლისიდან 1 აგვისტომდე პერიოდში ტოკიოს Ariake coliseum-ის კომპლექსში ჩატარდება, პირველი რაუნდის მატჩები კი 24 და 25 ივლისსაა დაგეგმილი.

კომენტარები

ბოლო ამბები