Thumbnail
  • ნინო სალუქვაძე კარიერაში მე-9 ოლიმპიადისთვის ემზადება
  • ოლიმპიური რეკორდსმენის კომენტარი ტოკიოს თამაშების დაწყების წინ

საქართველოს ოლიმპიური გუნდის მედროშე ნინო სალუქვაძე კარიერაში მე-9 ოლიმპიადისთვის ემზადება. 52 წლის რეკორდსმენი 25 ივლისს იასპარეზებს, მანამდე კი, მცირე დროში აკლიმატიზაცია უნდა მოასწროს.

ზაფხულის XXXII ოლიმპიური თამაშები 23 ივლისს გაიხსნება. ტოკიოს თამაშებში 35 ქართველი სპორტსმენი სპორტის 11 სახეობაში იასპარეზებს. ქართველი ოლიმპიელების ძირითადი ნაწილი უკვე ტოკიოშია და შეჯიბრებების დაწყებამდე ოლიმპიადისთვის მოწყობილ არენებზე ვარჯიშობს.

ტყვიის სროლაში ოლიმპიურმა ჩემპიონმა ნინო სალუქვაძემ მორიგი ვარჯიში Asaka shooting არენაზე გამართა. იგი მეცხრე ოლიმპიური თამაშებისთვის ემზადება, გახსნის ღონისძიებაზე კი, კიდევ ერთ ოლიმპიურ ჩემპიონთან, ძალოსან ლაშა ტალახაძესთან ერთად საქართველოს ოლიმპიური გუნდის მედროშე იქნება. აღსანიშნავია, რომ სალუქვაძე ერთადერთი ქალი სპორტსმენია ოლიმპიური თამაშების ისტორიაში, ვინც მეცხრე ოლიმპიურ თამაშებზე წარდგება, მედროშე კი უკვე მეორედ იქნება.

ნინო სალუქვაძე საქართველოს ოლიმპიური გუნდის მედროშე მეორედ იქნება

საქართველოს ოლიმპიური გუნდის ერთ-ერთი ლიდერი 25 ივლისს, ამავე არენაზე 10 მეტრიდან პნევმატური პისტოლეტით სროლაში წარსდგება, 29 ივლისს კი 25 მეტრიდან სპორტული პისტოლეტით სროლაში იასპარეზებს. ოლიმპიურმა რეკორდსმენმა და საქართველოს ოლიმპიური გუნდის ვიცე-პრეზიდენტმა ტოკიოში გამართული ვარჯიშის შემდეგ, მოახლოებულ ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა. 

ნინო სალუქვაძე: “დამღლელი გზის და საზღვარზე არსებული მკაცრი რეგულაციების გავლის შემდეგ, იაპონიაში ჩამოვედით. მგზავრობა რთული იყო, თუმცა, ამისთვის მზად ვიყავით. თითქმის 2 დღე ორგანიზმი აღდგენას მოუნდა. ახლა იწყება აკლიმატიზაცია, მაგრამ დრო აღარ გვაქვს. ჩვენი ექიმები ყველაფერს აკეთებენ საიმისოდ, რომ ეს რთული ეტაპი წარმატებით დავძლიოთ და შეჯიბრებებს სრულ მზადყოფნაში შევხვდეთ.

ეს ოლიმპიადა რიგით მეცხრეა ჩემთვის და ალბათ, ყველაზე რთულიც. პანდემია სავარჯიშო და საშეჯიბრო პროცესს სერიოზულ ზიანს აყენებს, თუმცა, ამ თვალსაზრისით ყველა ერთნაირ პირობებში ვართ. ოლიმპიური გუნდის მედროშეობა დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა. საქართველოს ოლიმპიური გუნდის მედროშე პირველად 2012 წელს, ლონდონში გამართულ ოლიმპიურ თამაშებზე ვიყავი. მეორედ ეს პატივი ახლა მერგო.

საქართველო იაპონიაში გამოცდილი და ნიჭიერი ახალგაზრდების გუნდით არის წარმოდგენილი და თითოეული მათგანი ყველაფერს გააკეთებს საიმისოდ, რომ ქართველი გულშემატკივარი გაახაროს. გუნდში ყველა ჯანმრთელადაა. სავარჯიშო პროცესში აქტიურად არიან ჩართულები და დანარჩენი უკვე უშუალოდ თამაშებზე გამოჩნდება. საქართველოს ოლიმპიური გუნდის თითოეულ წევრს წარმატებას ვუსურვებ.“

საქართველოს ოლიმპიური გუნდის ერთ-ერთი ლიდერი 25 ივლისს იასპარეზებს

შეგახსენებთ, რომ ზაფხულის XXXII ოლიმპიური თამაშები იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე პერიოდში ჩატარდება. ოლიმპიადაში მონაწილეობას 205-მდე ქვეყნის დაახლოებით 11 ათასი სპორტსმენი მიიღებს, ქართული დელეგაცია კი 35 სპორტსმენით იქნება წარდგენილი.

კომენტარები

ბოლო ამბები