Thumbnail

'ახლოს ვართ კონტრაქტის გაფორმებასთან' - აგენტი საბა კვერკველიას მომავალზე

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • საქართველოს ნაკრების მცველის მომავალზე მისმა აგენტმა ისაუბრა
  • 29 წლის ფეხბურთელის ვარიანტი აშკარად უკეთესის სურვილს ტოვებს

საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრალური მცველის საბა კვერკველიას მომავალი კვლავაც გაურკვეველია. 29 წლის ფეხბურთელი, რომელიც ამ ზაფხულს მოსკოვის ლოკომოტივს საბოლოოდ დაემშვიდობა და თავისუფალი აგენტი გახდა, ამ დრომდე ახალი კლუბის ძიებაშია. 

საბას მომავალთან დაკავშირებით მისმა აგენტმა ივან კარპმა რუსულ მედიასთან ისაუბრა, სადაც ქართული ფეხბურთის გულშემატკივრისთვის არცთუ სასურველი ვარაინტი დაასახელა: 

"ახლოს ვართ არაბეთის გაერთიანებული საამიროების კლუბთან კონტრაქტის გაფორმებასთან, მაგრამ ამავდროულად, განვიხილავთ ყველა წინადადებას, რომელიც შემოდის", - ამბობს კარპი.

კვერკველიას მთელი პროფესიონალური კარიერა რუსეთს უკავშირდება

იმედია, აგენტის მოლოდინი არ გამართლდება და საბა, საფეხბურთო თვალსაზრისით, გაცილებით უკეთეს ქვეყანასა და ლიგაში გადაბარგდება. ცოტა ხნის წინ ფეხბურთელი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა, რომ სათმაშოდ ევროპის წამყვანი ჩემპიონატის კლუბში გადასვლის ვარიანტი ჰქონდა.

საქართველოს ნაკრების მცველს პროფესიონალური კარიერის განმავლობაში მხოლოდ რუსეთში უთამაშია. ყაზანის რუბინში ის რუსეთის თასს დაეუფლა, შემდეგ კი მოსკოვის ლოკომოტივში გადავიდა, რომელთან ერთადაც რუსეთის ჩემპიონობა, ქვეყნის თასი (ორჯერ) და სუპერთასი მოიგო. გასული სეზონი საბამ იჯარით ვოლგოგრადის როტორში გაატარა, რომლის ჩემპიონატის 19 შეხვედრაში ითამაშა.

საბას წინააღმდეგ თამაში იოლი არც გარეტ ბეილისთვის ყოფილა

საბა კვერკველიას საქართველოს ეროვნულ გუნდში 42 მატჩი აქვს ჩატარებული, მის ანგარიშზე 1 საგოლე პასია.

კომენტარები

ბოლო ამბები