Thumbnail

'იმედი მაქვს, რომ ამას მოვახერხებთ' - რა თქვა გეგუჩაძემ ბატე-სთან მატჩის წინ

ლუკა ჩეკურაშვილი პროფილის ფოტო
ლუკა ჩეკურაშვილი
  • 📅 22 ივლისი | 🏟 ბათუმი | ⌚ 21:00 | ⚽ დინამო ბათუმი V ბატე
  • გია გეგუჩაძემ პრესკონფერენციაზე ბატე-სთან მატჩზე ისაუბრა 

დინამო ბათუმი უეფას კონფერენსლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბატე-ს დაუპირისპირდება. საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა ტრე პენეს ბარიერი მარტივად დაძლია - ორი მატჩის ჯამში 7:0 დაამარცხა და ახლა ბელარუსული გუნდის გაგდებას შეეცდება. ბათუმელთა მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე თავისი გუნდის შანსები შეაფასა.

გია გეგუჩაძე (დინამო ბათუმის მწვრთნელი)

...მეტოქეზე და შანსებზე: "ბატე ახლაც კარგი გუნდია, შანსებზე კი ამას წინათაც ვისაუბრე და აზრი არ შემიცვლია: მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსები 50/50-ზეა. იმედი მაქვს, რომ ჩვენ ამას მოვახერხებთ. ლუკას გროცურეკს კორონავირუსი აქვს და განაცხადში არ იქნება, სხვა ფეხბურთელები სათამაშოდ მზად არიან."

...შესაძლო ტაქტიკის შესახებ: "იმედს გამოვთქვამ, რომ ჩვენი თამაშით და ჩვენი ფეხბურთით, რასაც ვგეგმავთ, მოვახერხებთ და, მეტოქეს თამაშს მოვახვევთ. ეს წარმატების წინაპირობა იქნება. ბუნებრივია, ყოველთვის გინდა, რომ ინიციატივას ფლობდე, შენ კარნახობდე თამაშს მოწინააღმდეგეს, თუმცა ეს ადვილი არ არის. ყველაფერთან ერთად, საქმე ძალიან გამოცდილ გუნდთან გვაქვს. ამდენად, ეს იოლი არ იქნება. ჩვენი სურვილია, რომ ორივე მატჩში გამარჯვებისთვის ვიბრძოლოთ. ჯერ არ მქონია საბაბი, რომ ჩვენს თამაშში რაიმე კორექტივები შემეტანა. შევეცდებით, ჩვენი ფეხბურთი ვითამაშოთ."

...ახალწვეულების - ზურაბიანისა და ავალიანის შესახებ: "ჯერ ძალიან ცოტა დროა გასული. იმედი მაქვს, რომ გუნდში ადგილს დაიმკვიდრებენ. ნიჭი აქვთ, ახლა ხასიათიც უნდა დაამატონ. მათ მიმართ პრეტენზიები არ გვაქვს - ყოველ შემთხვევაში, ჯერ მაინც."

...2004 წლის 'ქამბექზე' ბატესთან: "ის ერთი კონკრეტული თამაში იყო, დიდი ხნის წინ მოხდა. ამჯერად ნამდვილად არ ვისურვებდი ისეთ მდგომარეობაში ჩავარდნას, როგორშიც მაშინ აღმოვჩნდით, როცა ბატე-სთან 0:2-ს ვაგებდით, თუმცა თამაში შემოვატრიალეთ. სხვა დროს გამოვცადოთ, ვართ თუ არა ფსიქოლოგიურად მზად ორბურთიანი ჩამორჩენისთვის."

შეგახსნებეთ, რომ დინამო ბათუმსა და ბატე-ს შორის მეორე შეხვედრა ბელარუსში 29 ივლისს გაიმართება. გია გეგუჩაძის გუნდი ბატე-ს დამარცხების შემთხვევაში, მესამე ეტაპზე პეტროკუბსა (მოლდოვა) და სივასპორს (თურქეთი) შორის მოგებულს დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები