Thumbnail

კოკაინის კვალი ორგანიზმში - ავსტრალიელი ცხენოსანი ოლიმპიადას ჩამოაშორეს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ჯეიმი კერმონდი ოლიმპიურ თამაშებზე პირველად უნდა გამოსულიყო
  • მას გადაწყვეტილების გასაჩივრების და რეაბილიტაციის შანსი რჩება

ავსტრალიელი ცხენოსანი ჯეიმი კერმონდი დოპინგის წესების დარღვევაში ამხილეს და ტოკიოს ოლიმპიადაზე ასპარეზობა დროებით აუკრძალეს, დროებით იმიტომ, რომ მას ჯერაც აქვს გასაჩივრებისა და რეაბილიტაციის შანსი.

როგორც ირკვევა, 36 წლის ცხენოსნის ორგანიზმში კოკაინის მეტაბოლიტი იქნა აღმოჩენილი. ავსტრალიელს სინჯი ჯერ კიდევ 26 ივნისს აუღეს და წესით, უშუალოდ შეჯიბრისთვის, რომელიც სტარტს 3 აგვისტოს აიღებს, კოკაინის შემცველობა აღარ იქნება, თუმცა, მსოფლიოს ანტისადოპინგო კომიტეტმა მაინც მკაცრი განაჩენი გამოიტანა.

კერმონდს უფლება აქვს B სინჯის პასუხებიც მოითხოვოს და ალბათ, ასეც იქნება, რადგანაც მას მხარდაჭერა ავსტრალიის ცხენოსნობის ფედერაციამაც აღუთქვა. ჯეიმი ოლიმპიადაზე პირველად უნდა გამოსულიყო და მისი ასაკიდან გამომდინარე, ეს, ალბათ ბოლო შანსი იყო, ამდენად, ის მიზნის მისაღწევად ბოლომდე იბრძოლებს.

ცნობისთვის, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ავსტრალია 9 ცხენოსნითაა ჩასული, თუმცა, თუკი კერმონდს ასპარეზობა აეკრძალა, ქვეყანა ვეღარ წარადგენს გუნდს დისციპლინა კონკურსში, ამდენად, “მწვანე კონტინენტის” წარმომადგენლები ჯეიმის გასამართლებლად ყველაფერს იღონებენ.

შეგახსენებთ, რომ ზაფხულის XXXII ოლიმპიური თამაშები იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე პერიოდში ჩატარდება. ოლიმპიადაში მონაწილეობას 205-მდე ქვეყნის დაახლოებით 11 ათასი სპორტსმენი მიიღებს, ქართული დელეგაცია კი 35 სპორტსმენით იქნება წარდგენილი.

კომენტარები

ბოლო ამბები