Thumbnail

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია (IJF) ტოკიოს ოლიმპიადის წინ მონაწილეთა წარდგენას განაგრძობს და ამჯერად, ყურადღება 100 კგ-მდე წონით კატეგორიის წარმომადგენლებს დაუთმო. ცხადია, რომ IJF-მა ვრცლად დაწერა საქართველოს ნაკრების კაპიტნის ვარლამ ლიპარტელიანის შესახებ, რომელიც 7 926 ქულით წონის რეიტინგის პირველ ადგილზე იმყოფება. საერთაშორისო ფედერაციამ ყურადღება იმაზე გაამახვილა, რომ ქართველი ძიუდოისტი გადამწყვეტ ორთაბრძოლებამდე ხშირად მიდის, გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმას კი, როგორც წესი, ვეღარ ახერხებს.

“ლიპარტელიანი ფრანგების ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ ველომრბოლ რაიმონ პულიდორს ჰგავს, რომელმაც 1950-60 წლებში ტურ დე ფრანსში მონაწილეობა 14-ჯერ მიიღო, თუმცა, სანუკვარი ყვითელი მაისურის მორგება კი ვერცერთხელ მოახერხა. ვარლამი მსოფლიო ძიუდოს გამორჩეული პერსონაა, რომელიც ადამიანური თვისებებითაც გამოირჩევა. მას მსოფლიო ტურის ეგიდით 13 ტიტული აქვს მოპოვებული და ევროპული ოქროც დაუსაკუთრებია, აი, ორ ყველაზე მნიშვნელოვან შეჯიბრზე, ოლიმპიურ თამაშებსა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე კი, კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე არ ასულა. გარკვეულწილად, ის აზერბაიჯანელ რუსტამ ორუჯოვსაც გვაგონებს, რომელიც ხშირად მიდის ფინალამდე და იქ, ფაქტობრივად, მუდმივად აგებს. ეს, ალბათ, ფსიქოლოგიური პრობლემის ბრალიც არის, რომელიც აუცილებლად უნდა გამოსწორდეს, არადა, 32 წლის ასაკში დრო უკვე ძალიან სწრაფად გარბის. ამ დროისთვის, ლიპარტელიანი ისევ კარგ ფორმაში რჩება, მსოფლიოს პირველი ნომერია და ცხადია, ოლიმპიადაზეც ტიტულის მაძიებელთა შორის იქნება”.

2016 წლის ოლიმპიადაზე ვარლამ ლიპარტელიანმა ფინალი წააგო

IJF-ის ვერსიით, 100 კგ-ში ფავორიტთა შორის ჟორჟე ფონსეკა (პორტუგალია), მიხაელ კორელი (ნიდერლანდები), პეტერ პალჩიკი (ისრაელი), აარონ ვოლფი (იაპონია), გუჰამ ჩო (სამხრეთ კორეა), ნიიაზ ილიასოვი (რუსეთის ძიუდოს ფედერაცია), შედი ელნაჰასი (კანადა), ზელიმ კოცოევი (აზერბაიჯანი) და ალექსანდერ იდირიც (საფრანგეთი) იქნებიან.

შეგახსენებთ, რომ ზაფხულის XXXII ოლიმპიური თამაშები იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე პერიოდში ჩატარდება, კონკრეტულად, ძიუდოს ტურნირი კი 24-31 ივლისს გაიმართება. ოლიმპიადაში მონაწილეობას 205-მდე ქვეყნის დაახლოებით 11 ათასი სპორტსმენი მიიღებს, ქართული დელეგაცია კი 35 სპორტსმენით იქნება წარდგენილი.

კომენტარები

ბოლო ამბები