Thumbnail

დარჩა ხელმოწერა - ნიდერლანდების ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი ცნობილია

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ნიდერლანდების ეროვნულ გუნდში ლუის ვან გაალი მესამედ ბრუნდება
  • ფედერაციასა და სპეციალისტს შორის მოლაპარაკება დასკვნით ფაზაშია

ნიდერლანდების ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ლუის ვან გაალი თანამდებობაზე ბრუნდება. ნიდერლანდების ფეხბურთის კავშირში თავის წყაროზე დაყრდნობით ადგილობრივი მედია წერს, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკება დასკვნით ეტაპზეა და ამის შესახებ სულ მალე ოფიციალურად გამოცხადდება. 

შეგახსენებთ, რომ "ნარინჯისფრებს" ბოლო დრომდე ფრანკ დე ბური წვრთნიდა, რომლის ხელმძღვანელობით გუნდმა ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის სამივე მატჩი კი მოიგო, მაგრამ პლეი ოფის პირველივე სტადიიდან გამოვარდა - ჩეხეთთან 1/8-ფინალური მატჩი 0:2 წააგო. მალევე ფრანკ დე ბურმა, რომელიც ნაკრებში გასული წლიდან მუშაობდა, პოსტი დატოვა. 

ლუის ვან გაალი ნიდერლანდების ეროვნულ გუნდს 2000-2001 წლებში, ასევე 2012-2014 წლებში თავკაცობდა. მისი ხელმძღვანელობით ნაკრებმა მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე ბრინჯაო მოიპოვა. 

'ნარინჯისფრებში' ფრანკ დე ბურის საქმიანობა წარუმატებელი გამოდგა 

როგორც ირკვევა, 69 წლის სპეციალისტის სამწვრთნელო შტაბში როტერდამის სპარტას მწვრთნელი ჰენკ ფრეიზერი და დენი ბლინდი შევლენ. ეს უკანასკნელი ნიდერლანდების ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს 2015-17 წლებში იკავებდა, იქამდე კი ეროვნულ გუნდში ასისტენტად სწორედ ლუის ვან გაალთან და გუს ჰიდინკთან მუშაობდა (2012-15 წლებში). აღსანიშნავია, რომ ლუსი ვან გაალს, დენი ბლინდსა და ჰენკ ფრეიზერს, ფეხბურთელობის დროს, ერთად უთამაშაშიათ - გასული საუკუნის 80-იან წლებში.

ლუის ვან გაალს, ნაკრების გარდა, ასევე აზ ალკმაარი, აიაქსი, ბარსელონა და ბაიერნი გაუწვრთნია, მისი ბოლო სამუშაო ადგილი კი მანჩესტერ იუნაიტედი იყო, რომელიც 2016 წელს დატოვა და მას შემდეგ დაუსაქმებელია.

ნიდერლანდების ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში გამოდის. გუნდს სამ მატჩში 2 მოგება და 1 წაგება აქვს და 6 ქულით G ჯგუფში მეორე ადგილზეა, თურქეთის შემდეგ (7 ქულა). ამ ჯგუფში 6-6 ქულა აქვთ მონტენეგროსა და ნორვეგიასაც. ნიდერლანდებს შესარჩევში მომდევნო მატჩი 1-ელ სექტემბერს, სტუმრად ნორვეგიასთან უწევს.

კომენტარები

ბოლო ამბები