Thumbnail
  • მოსკოვის დინამოს ქართველი ნახევარმცველი სეზონს ურალში გაატარებს
  • 18 წლის ფეხბურთელი გუნდის ღირსებას 34-ნომრიანი მაისურით დაიცავს
  • ახალ გუნდსა და ლიგაში ლუკას დებიუტი შესაძლოა 25 ივლისს შედგეს

ლუკა გაგნიძე, რომელიც ცოტა ხნის წინ მოსკოვის დინამომ დინამო თბილისისგან შეიძინა, კარიერას იჯარის წესით ურალში გააგრძელებს. ეკატერინბურგის კლუბმა 18 წლის ქართველი ნახევარმცველი იჯარით 2021/22 წლების სეზონის ბოლომდე აიყვანა, შემდგომში მისი გამოსყიდვის უფლების გარეშე.

"ლუკა უკვე ეკატერნიბურგშია. ვუსურვებთ ახალგაზრდა ფეხბურთელს თავდაჯერებულად თამაშსა და რუსეთის პრემიერლიგაში სწრაფ დებიუტს", - ნათქვამია ურალის საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში და როგორც ფოტოსურათიდან ირკვევა, ლუკა კლუბის ღირსებას 34-ნომრიანი მაისურით დაიცავს. 
 
შეგახსენებთ, რომ მოსკოვის დინამომ საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების ფეხბურთელი ამ ზაფხულს, 1,5 მილიონი ევროს სანაცვლოდ დაიმატა და მას 5-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა. თავიდანვე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მოსკოვის კლუბი გაგნიძეს პრაქტიკის მისაღებად რომელიმე კლუბში გაანათხოვრებდა.

ლუკა გაგნიძე მოსკოვის დინამოში ამ ზაფხულს გადაბარგდა

ლუკა გაგნიძეს, რომელიც საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებში უთამაშია და ახალგაზრდულის კანდიდატია, დინამო თბილისის აკადემიის აღზრდილია, კლუბის მთავარ გუნდში კი 16 მატჩი აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე ერთი გოლი და სამი საგოლე პასია. 

ეკატერინბურგის ურალი რუსეთის პრემიერლიგაში გამოდის, სადაც გასულ სეზონში 34 ქულით მე-12 ადგილი დაიკავა და დაქვეითებას გადაურჩა. გაგნიძის ახალი გუნდი 2021/22 წლების სეზონის პირველ მატჩს 25 ივლისს, შინ კრასნოდართან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები