Thumbnail

ჭიდაობა | ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები ჭაბუკთა მსოფლიოს ჩემპიონატზე

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • გიორგი გოგრიჭიანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა, თორნიკე სამხარაძემ - ბრინჯაო
  • 21 ივლისს, ბრინჯაოს მედლის შანსი სამ ქართველ მოჭიდავეს ექნება

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში თავისუფალ ჭიდაობაში ჭაბუკთა მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს, სადაც გიორგი გოგრიჭიანმა (65 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა. გოგრიჭიანმა ფინალში ჭიდაობის უფლება გუშინ მიიღო, ხოლო გადამწყვეტი შეხვედრა დღეს ამერიკელ მეიერ შაპიროსთან გამართა და 4:8 დამარცხდა. ამგვარად, კვარცხლბეკის მე-2 საფეხურზე ავიდა.

ქართველმა ფალავანმა ფინალამდე ესპანელ ფელიპე მილას 10:0 სძლია, ბელარუს იან ნიაძელკას წმინდად აჯობა, ბულგარელი დიანკო დიანკოვი 11:3 გაანადგურა, ყველაზე რთული ორთაბრძოლა კი ნახევარფინალში გადაიტანა, სადაც ირანელ ალი აბას რეზაეი აგოუზგელეს 6:6-ზე დამატებითი მაჩვენებლებით მოუგო.

ბრინჯაოს მედალს დაეუფლა თორნიკე სამხარაძე (80 კგ). მან ბუდაპეშტში ბელარუსი ელადზისლაუ პლისკო, უზბეკი ოტაბეკ ნაზირბოევი, ყაზახი მუსლიმ ჟაკლილიკი დაამარცხა, 1/2-ფინალში კი თავად წააგო ინდოელ საგარ იაგლანთან. ბრინჯაოს მედლისთვის თორნიკემ აზერბაიჯანელ სატარხან ალაჰვერდილის 4-2 აჯობა. ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავა რეზო მარსაგიშვილმაც, მაგრამ სომეხ სარგის ბეგოიანთან დიდი ანგარიშით დამარცხდა (0:10) და უმედლოდ დარჩა.

21 ივლისს საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებს მედლების მოპოვების შანსი კიდევ ექნება: მალხაზ ხელაია (45 კგ) ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას რეპეშაჟიდან დაიწყებს და აზერბაიჯანელ იუსუფ ისპაროვს შეხვდება. ასევე დამამშვიდებელ წრეში იჭიდავებენ გიორგი აბულაშვილი (60 კგ) და გიორგი ნათობიძე (71 კგ).

კომენტარები

ბოლო ამბები