Thumbnail

ავსტრიულმა გაზეთმა Kronen Zeitung-მა გრაცის შტურმის ქართველ ლიდერ ოთარ კიტეიშვილს სტატია მიუძღვნა. 25 წლის ნახევარმცველმა რამდენიმე დღის წინათ კლუბთან 2024 წლამდე გაახანგრძლივა კონტრაქტი, მიუხედავად იმისა, რომ სხვა კლუბებიდან წინადადებები ჰქონდა:

"პარასკევს შტურმი ბუნდესლიგას "მერკურ არენაზე" რედ ბულ ზალცბურგთან საშინაო მატჩით იწყებს. უკვე გაყიდულია 11 ათასი ბილეთი. ბოლო დრომდე არავის შეეძლო დარწმუნებით ეთქვა, რომ კიტეიშვილი სეზონს შტურმთან ერთად დაიწყებდა, მაგრამ ქართველმა არჩევანი კლუბის სასარგებლოდ და მეტი ფულის წინააღმდეგ გააკეთა. Kronen Zeitung-ს მან უთხრა, რატომ გააკეთა ეს. 

გასულ სეზონში მან კლუბში 7 გოლი და 6 ასისტი მიითვალა

თანამედროვე ფეხბურთში უმეტეს შემთხვევაში პირიქით ხდება - თუ მოთამაშეს ფინანსურად სარფიან წინადადებას სთავაზობენ, ის სწრაფად ალაგებს ჩემოდანს და მიდის. 25 წლის კიტეიშვილს ასეთი წინადადება ჰქონდა აღმოსავლეთიდან ჰქონდა, მაგრამ ქართველს სულ სხვა გეგმები აქვს. 

ოთარ კიტეიშვილი: შესაძლოა, ეს არ იყო ტრადიციული მიდგომა, მაგრამ ამ სეზონში შტურმს სერიოზული გეგმები აქვს ევროპალიგასთან დაკავშირებით. ვფიქრობთ, ჯგუფურ ეტაპზე. ეს არ იყო იოლი გადაწყვეტილება ჩემი ოჯახისთვის, მაგრამ ჩემი საფეხბურთო ოცნებები მაქვს. მსურს, რომ ისევ ვიოცნებო. მალე მე-100 მატჩს ვითამაშებ შტურმში. კლუბის ლეგენდა? ძალიან კარგად ჟღერს".

ოთარ კიტეიშვილმა გასულ სეზონში ბუნდესლიგაში 7 გოლი გაიტანა. მან შტურმის რიგებში 97 მატჩი ჩაატარა. თუ ერთ კლუბში 150 მატჩს ჩაატარებ, უკვე თავისუფლად შეიძლება ლეგენდად ჩაითვალო. ახლახან კიტეიშვილი 9:0 მოგებულ სათასო შეხვედრაში გამოცვალეს, მას მერე, რაც გოლი გაიტანა: "ბურთი სახეში მომხვდა და თავბრუსხვევის შეგრძნება მქონდა. ახლა ყველაფერი კარგადაა", - ამბობს ქართველი ლეგიონერი.

"ყველაზე მთავარი ისაა, რომ გუნდის შემადგენლობა თითქმის მთლიანად შევინარჩუნეთ. ქულა ფავორიტთან? ჩემთვის ეს კარგი შედეგი არ იქნება. ჩვენ გუნდური სული გამოგვარჩევს. ახლა გვაქვს იმდენი თავდაჯერება, რომ განვაცხადოთ - ყოველ მატჩში მოსაგებად გავალთ. კარგია, რომ ზალცბურგთან მატჩში, როგორც იქნა, მაყურებელი გვეყოლება, ათასობით ფანი - ეს ძალიან დაგვეხმარება. თუმცა ზალცბურგის წინააღმდეგ, სეზონის პირველ მატჩში დამატებითი მოტივაცია ისედაც არ გვჭირდება". 

შეგახსენებთ, რომ ოთარ კიტეიშვილი შტურმში დინამო თბილისიდან 2018 წლის ზაფხულში €760 000-ის სანაცვლოდ გადავიდა. ბოლო სეზონში მან 26 მატჩში 7 გოლი და 5 საგოლე პასი მიითვალა, ავსტრიის თასზე მან 1 მატჩი ითამაშა (1 ასისტი). "ტრანსფერმარკტი" მას 3 მილიონ ევროდ აფასებს.  

📺 ოთარ კიტეიშვილის გოლები და საგოლე პასები ლიფერინგთან

კომენტარები

ბოლო ამბები