Thumbnail

PREVIEW | გამოცდა ბატე-სთან - დინამო ბათუმმა ეს თამაში უნდა მოიგოს

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

უეფას კონფერენსლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე დინამო ბათუმი ბორისოვოს ბატე-ს დაუპირისპირდება. გია გეგუჩაძის გუნდმა წინა ეტაპზე სან მარინოს ტრე პენე ძალიან იოლად, ორი მატჩის ჯამში 7:0 დაამარცხა, ახლა კი გაცილებით გამოცდილი და სერიოზული მეტოქე ჰყავს. ამდენად, ზღვისპირელებს მიმდინარე სეზონის მთავარი გამოცდა სწორედ ახლა ელოდებათ. ბატე პირველი წრისგან თავისუფალი იყო და გათამაშებაში მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპიდან ერთვება.

ბელარუსული გუნდი ცოტა ხნის წინ გუნდის საუკეთესო ბომბარდირმა მაქსიმ სკავიშმა დატოვა, რომელიც შახტიორში გადავიდა. მას ბელარუსის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 15 შეხვედრაში 9 გოლი ჰქონდა გატანილი. ცხადია, მისი არყოფნა ბორისოვოელთათვის დიდი დანაკლისი იქნება. გარდა ამისა, ტრავმირებულია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა - სტანისლავ დრაგუნი, თუმცა მას მაისის შემდეგ არ უთამაშია და ბატე მის გარეშე თამაშს ასე თუ ისე შეგუებულია.

ბელარუსულმა გუნდმა ბოლოს 16 ივლისს ითამაშა და ჩემპიონატში სლუცკი 4:3 დაამარცხა. ბატე ბელარუსის პრემიერლიგაში ლიდერ შახტიორს ქულით ჩამორჩება, მაგრამ 2 მატჩით მეტიც აქვს ჩატარებული. დინამო ბათუმი საქართველოს ჩემპიონატში ლიდერია და დინამო თბილისს 2 ქულით უსწრებს.

ბატე ევროტურნირებზე ძალიან გამოცდილი გუნდია - ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე პირველად 2008/09 წლების სეზონში გავიდა და მას მერე იგივე კიდევ ოთხჯერ გააკეთა. გია გეგუჩაძის გუნდის მეტოქეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ისეთი გუნდებიც ჰყავს დამარცხებული, როგორებიც მიუნხენის ბაიერნი, ლილი, ბილბაო და რომაა, ხოლო იუვენტუსთან ორჯერ ფრედ ითამაშა. ჩემპიონთა ლიგის გარდა, ბატე-მ ევროპალიგის ჯგუფში ოთხჯერ ითამაშა, მათ შორის, ბოლოს 2018/19 წლების სეზონში.

ბათუმელებმა პირველ ეტაპზე მაიკონის ტრე პენე ორივე მატჩში ადვილად დაამარცხეს

ბატე-ს ქართული კლუბების წინააღმდეგ ევროთასებზე სამჯერ უთამაშია. პირველად ეს 2001/02 წლების სეზონში, უეფას თასის პრესაკვალიფიკაციო ეტაპზე მოხდა და დინამო თბილისს ორი მატჩის ჯამში 5:2 აჯობა (1:2, 4:0). მეორედ 2004/05 წლების სეზონში, უეფას თასის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, ისევ დინამო თბილისთან და ამჯერად დამარცხდა. ბელარუსში მასპინძლები მე-19 წუთისთვის 2:0-ს იგებდნენ და აღსანიშნავია ირაკლი ზოიძის კარში კურიოზული გოლი, რომელიც ბატე-ს მეკარემ საკუთარი საჯარიმოდან დარტყმით გაიტანა, მაგრამ თბილისელებმა შოკიდან გამოსვლა მოახერხეს და ის თამაში 3:2 მოიგეს, ხოლო თბილისში, საპასუხო შეხვედრაც დინამომ მოიგო (1:0). მაშინ თბილისელებს სწორედ გეგუჩაძე წვრთნიდათ და ჯგუფურ ეტაპზეც გასვლა მოახერხეს. ბატე-ს გზა ქართულ კლუბთან მესამედ 2005/06 წლების სეზონში, ისევ უეფას თასის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაიკვეთა, ამჯერად ქუთაისის ტორპედოსთან და იოლად იმარჯვა - სტუმრად 1:0, შინ 5:0. დინამო ბათუმს ბატე-სთან და ზოგადად ბელარუსულ გუნდებთან ევროთასებზე არასდროს უთამაშია. ასე რომ, ეს პირველი დაპირისპირება იქნება.

გია გეგუჩაძეს ბატე-სთან კარგი მოგონებები აკავშირებს

დინამო ბათუმისა და ბატე-ს შეხვედრას ყაზახი მსაჯები მოემსახურებიან. მთავარი არბიტრი არტიომ კუჩინი იქნება, რომელმაც 2018 წელს ევროპალიგაზე ქუთაისის ტორპედოსა და ვიკინგურის მატჩი იმსაჯა, რომელიც ქართველებმა 3:0 მოიგეს (ითამაშეს ოლეკსანდრ აზაცკიმ და ლევან გეგეჭკორმა, რომელსაც ყვითელი ბარათიც უჩვენა). 2014 წელს კი საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მატჩში ლუქსემბურგთან მე-4 მსაჯი იყო (1:1) და მოედანზე იყვნენ გიორგი ფანცულაია და ჯაბა ჯიღაური (ამ უკანასკნელმა გოლიც გაიტანა). იგივე სტატუსი ჰქონდა იმავე წელს საქართველოს 19-წლამდე და კვიპროსის შეხვედრაში (3:1), ხოლო ასევე 2014 წელს, საქართველოსა და რუმინეთის 19-წლამდელების მატჩი იმსაჯა, რომელიც ქართველი ფეხბურთელების გამარჯვებით დასრულდა - 3:1 და იმ შეხვედრაში გრიგოლ ჩაბრაძემ ითამაშა.

საინტერესო ფაქტები

დინამო ბათუმის სტატისტიკა ევროსარბიელზე ასეთია: 19 მატჩი, 8 მოგება, 2 ფრე, 9 წაგება, 26 გატანილი და 28 მიღებული ბურთი.

დინამო ბათუმი ევროთასებზე როდესაც კარს მშრალად ინახავს, იმ მატჩს იგებს - ზღვისპირელებმა ევროტურნირებზე 8 თამაში მოიგეს ისტორიაში და ყველა შემთხვევაში კარი მშრალად შეინახეს.

გია გეგუჩაძე დღემდე ერთადერთი ქართველი მწვრთნელია, რომელსაც ევროტურნირების ჯგუფურ ეტაპზე მუშაობის გამოცდილება აქვს. მან უეფას თასის ჯგუფში 2004/05 წლების სეზონში დინამო თბილისი გაიყვანა.

იმ სეზონში პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე გეგუჩაძის დინამო თბილისმა სწორედ ბატე დაამარცხა, თანაც ორივე შეხვედრაში (3:2 და 1:0).

დინამო ბათუმს ევროთასებზე ბოლო 12 მატჩი ფრედ არ უთამაშია (5 მოგება, 7 წაგება).

ბათუმელთა მიერ ევროთასებზე ჩატარებულ ბოლო 12 შეხვედრაში გოლის გატანას მხოლოდ ერთი გუნდი ახერხებდა. ბოლოს, როდესაც ორივე გუნდმა გაიტანა, მატჩი ფრედ დასრულდა (1996 წელს, პსვ ეინდჰოვენთან 1:1).

დინამო ბათუმის ბოლო 5 მატჩში 5-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა, ხოლო 3-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა.

ბატე-ს ბოლო 5 მატჩში 3-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა და 2-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა.

დინამო ბათუმს 8-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს (5 მოგება, 3 ფრე), ხოლო ბატე 10 მატჩია არ დამარცხებულა (9 მოგება, 1 ფრე). ბათუმელებმა ბოლოს 23 მაისს, ლოკომოტივთან წააგეს (1:2) ბორისოველებმა კი 9 მაისს შახტიორთან (0:1).

ბატე-ს ევროთასებზე ბოლო ორი საგარეო თამაში წაგებული აქვს - ასტანასთან (0:3) და სოფიის ცსკა-სთან (0:2), ხოლო დინამო ბათუმმა ევროსარბიელზე წინა საშინაო თამასი ტრე პენესთან 3:0 მოიგო, მაგრამ მანამდე იაგელონიასთან 0:1 წააგო.

სავარაუდო შემადგენლობები

დინამო ბათუმი (4-2-3-1): კუპატაძე - ჩაბრაძე, კობახიძე, აზაცკი, აზაროვი - ტეიდი, მამუჩაშვილი - ჯიღაური, ალთუნაშვილი, ჯოვინო - ფანცულაია.

ბატე (4-4-2): კუდრავეცი - ვოლოდკო, კოპიტოვიჩი, ფილიპოვიჩი, ნეჩაევი - ნეხაიჩიკი, იაბლონსკი, კარასევი, უმაროვი - მილიჩი, სიგნევიჩი.

კომენტარები

ბოლო ამბები