Thumbnail
  • მილუოკი ბოლო 50 წელიწადში პირველ ტიტულთან ახლოსაა
  • იანის ანტეტოკუნმპო გადამწყვეტი მატჩის წინ მოტივირებულია

იანის ანტეტოკუნმპო ამ მომენტს 8 წლის მანძილზე ელოდა: ერთი გამარჯვებაც და მისი მილუოკი ბაქსი NBA-ს ჩემპიონობას იზეიმებს - პირველს ბოლო 50 წელიწადში.

ფინიქსთან გადამწყვეტი მატჩის წინ, Greek Freak-მა თანაგუნდელებს მოუწოდა, ძალები კიდევ ერთხელ მოიკრიბონ და მაქსიმალურად კონცენტრირებულები იყვნენ, რათა შეცდომების დაშვების ალბათობა მინიმუმამდე შემცირდეს: “ეს ის მომენტია, როცა ყველაზე დისციპლინირებული და კონცენტრირებული უნდა იყო. ვეცდები, მე არაფერი შემეშალოს და იმედი მაქვს, ასე იქნება მთელი გუნდიც. ვეცდები, რომ არ ვინერვიულო და არც გავბრაზდე. ახლა შეცდომების დაშვება არ შეიძლება, წაგების უფლება არ გვაქვს - ეს უბრალოდ არ უნდა მოხდეს. ზედმეტად არ უნდა ავღელდეთ,” - განაცხადა 26 წლის იანისმა კარიერის უდიდეს მატჩამდე 24 საათით ადრე, - “ახლა სხვაზე ვერაფერზე ვფიქრობ, მაგრამ ვეცდები, ამ ყველაფერზე არ ვიფიქრო. ამის გაკეთება ძალიან ძნელია. ზოგჯერ გძინავს და სიზმარშიც კი თამაშს ხედავ.”

'სანამ მიზანს არ მივაღწევთ, ზეიმზე ფიქრიც კი დაუშვებელია'

ბერძენმა სუპერვარსკვლავმა ყველას მოუწოდა, რომ ზეიმის დეტალებზე ჯერ არ იფიქრონ: “არ გვაქვს უფლება, რომ ახლა ზეიმს ვგეგმავდეთ. სანამ მიზანს არ მივაღწევთ, ამაზე ფიქრიც კი დაუშვებელია.”

იანისმა ისიც თქვა, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მილუოკი ამ შანსს ხელიდან გაუშვებს და ჩემპიონი ვერ გახდება, “მაინც იამაყებს თავისი გუნდით და იმით, რასაც მილუოკიმ ამ სეზონში მიაღწია.”

შეგახსენებთ, რომ NBA-ს სუპერფინალში მილუოკი ფინიქსს 3:2-ს უგებს, მეექვსე მატჩი კი ოთხშაბათს გამთენიისას გაიმართება. გამარჯვების შემთხვევაში ბაქსი ჩემპიონი გახდება. ფინიქსი ჩემპიონი არასდროს ყოფილა და შანსის შესანარჩუნებლად ამ მატჩის მოგება სჭირდება. თუ კრის პოლის გუნდი ამას მოახერხებს, გადამწყვეტი, მეშვიდე მატჩი ფინიქსის არენაზე გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები