Thumbnail
  • რობერტო მანჩინის პირველი ინტერვიუ ევროპის ჩემპიონობის შემდეგ
  • იტალიელი სპეციალისტის აზრით, მისმა გუნდმა გამარჯვება დაიმსახურა

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ გერმანულ გამოცემა Sport1-თან ისაუბრა. ევრო 2020-ის შემდეგ ეს მანჩინის პირველი ინტერვიუ იყო და მან თქვა, რომ ევროპის ჩემპიონის რანგში თავს ძალიან კარგად გრძნობს.

"მართლაც კარგი გრძნობაა და სრულიად იტალიის გამო, ძალიან ბედნიერი ვარ. რაღაც განსაკუთრებული გავაკეთეთ. ეს იტალია ისტორიის წიგნებში დარჩება. კარგად მახსოვს 1992 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი, რომელიც სამპდორიაში "უემბლიზე" წავაგე, მაგრამ ის ჭრილობები ახლა უკვე მოშუშდა".

იტალიის ნაკრებმა გამარჯვება რომში ხალხთან ერთად იზეიმა და ღია ავტობუსით რომის ქუჩები შემოიარა, სადაც გულშემატკივრები ეგებებოდნენ. რობერტო ფიქრობს, რომ იტალიაში ზეიმი ზაფხულის ბოლომდე გაგრძელდება, ამ ტრიუმფს კი 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონობას ადარებს:

იტალია ევროპის ჩემპიონი 1968 წლის შემდეგ პირველად გახდა

"გამარჯვება რომის ქუჩებში ვიზეიმეთ, მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა, ფილმივით ჩაიარა, წინასწარ მომზადებული არაფერი გვქონდა. ბევრი ადამიანი გამოვიდა, ყველაფერი მშვენიერი იყო. ვფიქრობ, რომ ზეიმი ზაფხულის ბოლომდე გაგრძელდება. ეს ყველაფერი მთლიანად ბიჭებს ეკუთვნით, ახლა ყველანი დამსახურებულად ისვენებენ, როგორც - ევროპის ჩემპიონები. ამ წარმატების შედარება 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონობასთან ნამდვილად შეიძლება, რადგან ტიტულების მოსაგებად ყოველთვის დიდი სამუშაოს გაწევაა საჭირო და ამ ბიჭებმა ეს გააკეთეს".

მანჩინის თქმით, მათი წარმატების საიდუმლო გუნდური სულისკვეთება და 2018 წლის მუნდიალზე ვერგასვლით გამოწვეული ტკივილი იყო:

"ყველაფერი 3 წლის წინ დავიწყეთ და დღემდე გრძელდება. შეიქმნა საოცარი გუნდური სულისკვეთება და ბიჭებმა ეს ევროპის ჩემპიონატზეც აჩვენეს. მას შემდეგ, რაც წინა მუნდიალზე ვერ გავედით, ბიჭები მზად იყვნენ ქვეყნისთვის თავი გაეწირათ. მივიღეთ ახალგაზრდა და ვეტერანი ფეხბურთელების კარგი ნაზავი და დიდი ერთიანობა ჩამოყალიბდა. ასევე მივეცით შანსი იმ მოთამაშეებს, რომლებიც 3 წლის წინ უცხოეთში არც ისე კარგად იყვნენ ცნობილი, მაგრამ ახლა მათ ევროპაშიც გაითქვეს სახელი".

მანჩინი და კიელინი რომში დაბრუნებისას

რობერტოს ჰკითხეს, ჰქონდა თუ არა გამარჯვებაში ყველაზე დიდი წვლილი კაპიტანი ჯორჯო კიელინის, რაზეც ასეთი პასუხი გასცა: "ჩვენ კარგი, გუნდური ფეხბურთი ვითამაშეთ და გამარჯვება დამსახურებული იყო. ცხადია, კიელინიმ და ბონუჩიმ მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს და ისინი ამას იმსახურებდნენ, რადგან იტალიური ფეხბურთის ბოლო 20-წლიან ისტორიას წარმოადგენენ".

შეგახსენებთ, რომ რობერტო მანჩინიმ იტალიის ნაკრები 2018 წელს ჩაიბარა და მის გუნდს უკვე თითქმის 3 წელია თამაში არ წაუგია (34 მატჩი), მსოფლიო რეკორდის გამეორებამდე კი ერთადერთი წაუგებელი მატჩი აშორებს. მთავარ წარმატებას კი იტალიელებმა ევრო 2020-ზე მიაღწიეს: "სკუადრა აძურამ" კონტინენტის პირველობა 53-წლიანი პაუზის შემდეგ, ისტორიაში მეორედ მოიგო.

კომენტარები

ბოლო ამბები