Thumbnail

ბოლქვაძე ჩემპიონია! ქართველი ჩოგბურთელის ტიტული ყაზახეთში

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • მარიამ ბოლქვაძე 4:6, 6:3, 6:2 ვალერია სავინიხი
  • საქართველოს პირველმა ჩოგანმა 60-ათასიანი ტურნირი მოიგო

23 წლის ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე ყაზახეთის დედაქალაქ ნურ-სულთანში გამართული საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 60 ათასი დოლარი) გამარჯვებული გახდა.

პირველ ნომრად განთესილი ბოლქვაძე გადამწყვეტ მატჩში მე-2 რეიტინგის მქონე რუს ვალერია სავინიხს გაეჯიბრა და მართალია, პირველი სეტი წააგო, საბოლოოდ, 4:6, 6:3, 6:2 იმარჯვა.

აღსანიშნავია, რომ ქალთა შორის საქართველოს პირველ ჩოგანს 3 ეისი და 14 ორმაგი შეცდომა ჰქონდა, თუმცა, 19-დან 11 ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, მაშინ, როდესაც თავისი მოწოდება 8-ჯერ დათმო. ჯამში, მარიამმა 98 გათამაშება მოიგო, მისმა მეტოქემ კი – 85.

მარიამ ბოლქვაძემ ფინალში რუსი ვალერია სავინიხი დაამარცხა

შეგახსენებთ, რომ ბოლქვაძემ საწყის რაუნდებში უზბეკ საბინა შარიპოვასა და ყაზახ გოზალ აინიტდინოვას, შესაბამისად, 6:2, 6:0 და 6:2, 6:1 მოუგო, მეოთხედფინალში ბელარუს შალიმარ ტალბის 6:1, 2:0-ს ამარცხებდა, როდესაც მეტოქემ ტრავმის გამო მატჩის გაგრძელებაზე უარი განაცხადა, ნახევარფინალში კი კიდევ ერთ ბელარუს იულია ჰატოუკას (მე-4 განთესვა) აჯობა – 6:4, 6:4.

ცნობისთვის, ბოლქვაძემ კარიერაში მე-5 ტიტული მოიგო, თუმცა კი, ასეთი საპრიზო ფონდის მქონე ტურნირი მისთვის პირველია. აქამდე, მისი ყველაზე დიდი მიღწევა პორტუგალიურ ობიდოსში 25-ათასიან ტურნირზე გამარჯვება იყო 2019 წელს, მანამდე კი, აქტივში ერთი 15-ათასიანი და სამი 10-ათასიანი ტურნირი ჰქონდა.

კომენტარები

ბოლო ამბები