Thumbnail

ჰაერში ასწია და დოჰიოდან გაიყვანა - ტოჩინოშინმა ნაგოია ბაშო დაასრულა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართველ სუმოისტს ზაფხულის სუპერტურნირზე 7 მოგება და 8 მარცხი მოუგროვდა
  • 33 წლის ტოჩინოშინს განახლებულ რეიტინგში მინიმალური უკუსვლა ექნება

33 წლის ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ იგივე ტოჩინოშინმა საზაფხულო სუპერტურნირზე ასპარეზობა ზედიზედ 3 მოგებით დაასრულა, თუმცა, ეს, დადებითი ბალანსის (კაჩი-კოში) დასაფიქსირებლად არ ეყო.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა სეკიტორმა ნაგოია ბაშო წარუმატებლად დაიწყო, ამდენად, კარგი ფინიში (4 გამარჯვება ბოლო 5 შეხვედრაში) მიზნის მისაღწევად საკმარისი არ აღმოჩნდა.

ტურნირის ბოლო დღეს აღმოსავლეთის მე-12 მაეგაშირა ტოჩინოშინი აღმოსავლეთისვე მე-4 მაეგაშირა კოტოეკოს გაეჯიბრა და სანახაობრივ ორთაბრძოლაში ცურიდაშით იმარჯვა. ქართველმა 29 წლის იაპონელის რამდენიმე შეტევა მოიგერია, ბოლოს კი, მეტოქე, რომელიც მასზე 42 კგ-ით მსუბუქი გახლდათ, ჰაერში ასწია და დოჰიოდან ისე გაიყვანა.

ამგვარად, ქართველმა სუმოისტმა ნაგოია ბაშო 7 მოგებითა და 8 მარცხით დაასრულა და რეიტინგში მინიმალური უკუსვლა შეეხება. თუ რომელ პოზიციას დაიკავებს ტოჩინოშინი ბანძუკეში, 30 აგვისტოს შევიტყობთ, როდესაც განახლებული სია გამოქვეყნდება. რაც შეეხება მომდევნო ბაშოს, ის ტოკიოში 12-26 სექტემბერს ჩატარდება.

კომენტარები

ბოლო ამბები