Thumbnail

ქართველმა ჩოგბურთელმა ოქსანა კალაშნიკოვამ ტვიტერზე სენსაციური ინფორმაცია დაწერა. როგორც ჩანს, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობა მასაც შეეძლო. კალაშნიკოვას სტატუსს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. "პოპსპორტი" სეოკ-ის სპორტულ დირექტორს, გიორგი ესაკიას დაუკავშირდა და თემაზე კომენტარის გაკეთება სთხოვა.

გიორგი ესაკია (სეოკ-ის სპორტული დირექტორი): საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა ოქსანა კალაშნიკოვა შეიყვანა საორგანიზაციო კომიტეტის გაფართოებულ სიაში. როცა სალიცენზიო პერიოდის დასასრული მოვიდა, ITF-მა (ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაცია) დოკუმენტი გამოგაზავნა, სადაც ხუთ დისციპლინაში (მამაკაცთა, ქალთა, მამაკაცთა წყვილთა თანრიგში, ქალთა წყვილთა თანრიგში და შერეულ წყვილებში) აღნიშნული იყო მხოლოდ ნიკოლოზ ბასილაშვილი. ის, რომ კალაშნიკოვა საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა არსად წარადგინა და მსგავსი ბრალდებები არის სისულელე. ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელი იმაზე, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ITF.

ის, რომ ვიღაცამ უარი თქვა ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობაზე და ITF-მა რელოკაციის შედეგად მიიღო გადაწყვეტილება, რომ რომელიღაც წყვილმა მონაწილეობა მიიღოს ოლიმპიადაზე, თუნდაც ისინი ოქსანა კალაშნიკოვაზე დაბლა არიან რეიტინგში, აქ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი არაფერ შუაშია.

შეგახსენებთ, რომ 23 ივლისს ტოკიოში ზაფხულის ოლიმპიური თამაშები იწყება. საქართველოს 35 სპორტსმენი წარადგენს, მათ შორის მხოლოდ ერთი ჩოგბურთელია - ნიკოლოზ ბასილაშვილი.

კომენტარები

ბოლო ამბები