Thumbnail

ESPN-ის ანალიტიკოსმა ფრენ ფრაშილიამ New York Post-ს NBA-ის 2021 წლის დრაფტთან დაკავშირებით კითხვებს უპასუხა. დრაფტი 29 ივლისს ბრუკლინში გაიმართება და მის მე-2 წრეში სეტონ ჰოლის ყოფილ ვარსკვლავ სანდრო მამუკელაშვილს უწინასწარმეტყველებენ არჩევას.

New York Post: რას იტყვით ნიუ იორკის მეტროპოლიის აღზრდილ სანდრო მამუკელაშვილზე?

ფრენ ფრაშილია: მის არჩევას დრაფტის მე-2 წრეში ვვარაუდობ, მაგრამ ასევე ვვარაუდობ, რომ ის NBA-ის გუნდში აუცილებლად მოხვდება. მამუკელაშვილი საკმაოდ ნიჭიერი, ჭკვიანი და ენერგიული კალათბურთელია საიმისოდ, რომ რომელიმე კლუბის განაცხადში მოხვდეს. ის 210 სანტიმეტრი სიმაღლის უნივერსალია, შეუძლია ცენტრის პოზიციაზე თამაში, როცა გუნდი დაბალი შემადგენლობით თამაშობს და შეუძლია მძიმე ფორვარდად თამაში.

მართალია, მისი სროლა არასტაბილურია, მაგრამ 4 წელი მაღალ დონეზე, ინტენსიური წვრთნა, კარგი ლიგა, დიდი მატჩები, დაძაბული შეხვედრები - ყველაფერი იმის წინაპირობაა, რომ ის უნდა მოხვდეს შემადგენლობაში და ერთ დღეს, როტაციაშიც. სხვანაირად ჩემთვის შოკი იქნება".

შეგახსენებთ, რომ მე-2 წრეში არჩეულ კალათბურთელებს, პირველ წრეში არჩეულთაგან, განსხვავებით, გარანტირებული კონტრაქტები არ ეკუთვნით და მათ კლუბში დასამკვიდრებლად ვარჯიშებზე და საზაფხულო ლიგაში უნდა დაამტკიცონ, რომ ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში საჭირონი არიან. 

ამასობაში NBA-მ 20 კალათბურთელი დრაფტის "მწვანე ოთახში" მიიწვია. ეს ის მოთამაშეები არიან, რომელთა არჩევასაც დრაფტის საწყის ეტაპზე ვარაუდობენ, მათ მედიის ყურადღება ყველაზე მეტად ექცევათ. სხვათა შორის, გოგა ბითაძე 2019 წელს "მწვანე ოთახში" მიიწვიეს, დრაფტზე კი ის ინდიანა პეისერსმა მე-18 ნომრად აირჩია. ბუნებრივია, სანდრო მამუკელაშვილი და გიორგი ბეჟანიშვილი "მწვანე ოთახში" არ მიუწვევიათ. სანდროს, სავარაუდოდ, მე-2 წრეში აირჩევენ, გიორგის, ალბათ, დრაფტზე არ აირჩევენ, თუმცა მას აქვს შანსი რომელიმე გუნდის საზაფხულო ლიგის განაცხადში მოხვდეს და იქ დამკვიდრების შანსი მიეცეს.

📺 სანდრო მამუკელაშვილი Draft combine-ზე

კომენტარები

ბოლო ამბები