Thumbnail

უეფამ ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძელი ქალაქები დაასახელა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ჩემპიონთა ლიგასა და ევროპალიგაზე 2025 წლამდე ფინალის მასპინძლები ცნობილია
  • სტამბოლში ბოლო ორი ფინალი ვერ ჩატარდა, მაგრამ უეფამ ეს გაითვალისწინა

უეფამ ჩემპიონთა ლიგის მომდევნო ოთხი სეზონის ფინალის მასპინძელი ქალაქები ოფიციალურად დაასახელა - სანკტ-პეტერბურგი, სტამბოლი, ლონდონი და მიუნხენი.

სტამბოლის გარდა, სამივე ქალაქი აქამდეც ცნობილი იყო, მაგრამ მათ თურქეთის ქალაქიც დაემატა, ვინაიდან სტამბოლში ჩემპიონთა ლიგის ფინალი ორჯერ არ შედგა - თავდაპირველად 2019/20 წლების სეზონში, როდესაც კორონავირუსის გამო უეფას გეგმის შეცვლა მოუწია და 'რვათა ფინალს' ლისაბონმა უმასპინძლა. შემდეგ უეფამ სტამბოლს გასული სეზონის ფინალის მასპინძლობის უფლება დართო, მაგრამ ისევ კოვიდ-რეგულაციების გამო გადაწყვეტილების შეცვლა მოუწია და ფინალი "ათათურქის" ნაცვლად, პორტუში, "დრაგაუზე" გაიმართა.

ამდენად, უეფამ სტამბოლს "ვალი დაუბრუნა" და 2022/23 წლების სეზონის ფინალი სწორედ თურქეთში შედგება. ამით მიუნხენი დაზარალდა, რომელსაც ფინალისთვის 2023-ში უნდა ემასპინძლა. სამაგიეროდ, მიუნხენმა 2025 წლის ფინალი მიიღო.

2022: სანკტ-პეტერბურგი, "გაზპრომ არენა" (რუსეთი)
2023: სტამბოლი, "ათათურქი“ (თურქეთი)
2024: ლონდონი, "უემბლი" (ინგლისი)
2025: მიუნხენი, "ალიანც არენა" (გერმანია)

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალს სტამბოლმა ბოლოს 2005 წელს უმასპინძლა, მიუნხენმა 2012 წელს, ლონდონმა 2013 წელს, ხოლო სანკტ-პეტერბურგს ეს პატივი პირველად ერგება.

ჩემპიონთა ლიგის გარდა, უეფამ ევროპალიგის მომდევნო ოთხი წლის ფინალის მასპინძელი ქალაქებიც დაასახელა:

2022 წელი: სევილია (ესპანეთი)
2023 წელი: ბუდაპეშტი (უნგრეთი)
2024 წელი: დუბლინი (ირლანდია)
2025 წელი: ბილბაო (ესპანეთი)

კომენტარები

ბოლო ამბები